,,საქართველოს პარლამენტი არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს 25 ნოემბერს შეიკრიბება,,-კობახიძე
"პარლამენტის შეკრების პირველი დღე იქნება ერთპარტიული" - ლანა გალდავა

საქართველოს პარლამენტი არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, ანუ 25 ნოემბერს შეიკრიბება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს პარლამენტის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არცერთ ქვეყანაში პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია და ეს რომ სხვანაირად იყოს, ვერცერთი დემოკრატიული სისტემა ვერ შედგებოდა.
„რაც შეეხება პარლამენტის პირველ შეკრებას, როგორც მოგეხსენებათ, ვადები დადგენილია საქართველოს კონსტიტუციით. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ საქართველოს ჯერ კიდევ ფორმალური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას, არ დანიშნავს პარლამენტის პირველ სხდომას. ამ შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტი არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, ანუ 25 ნოემბერს შეიკრიბება. ეს არის, რასაც ადგენს კონსტიტუცია”,- განაცხადა პრემიერმა.
ხალხი მხარს არ უჭერს ოპოზიციას და მის მიერ გაცხადებულ გეგმებს, ხალხს უნდა მშვიდობა, ხალხს სჭირდება სტაბილური განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურს კითხვა დაუსვეს თბილისში დღეს დაგეგმილ აქციაზე, რაზეც პრემიერმა აღნიშნა, რომ ოპოზიციას ხალხის მობილიზება არ შეუძლია.
“რეგიონებიდან ჩამოჰყავთ ხალხი, ამისათვის ფულიც იხარჯება, თუმცა ხედავთ, რომ ხალხის მობილიზება მათ არ შეუძლიათ გამომდინარე იქიდან, რომ ხალხი მხარს არ უჭერს ოპოზიციას და მის მიერ გაცხადებულ გეგმებს. ხალხს უნდა მშვიდობა, ხალხს სჭირდება სტაბილური განვითარება და ეს არის ის, რაც მოხდება შემდეგი 4 წლის განმავლობაში. ოპოზიცია მე მგონი, ემზადება პარლამენტში შემოსასვლელად, რეალური გეგმა არის ეს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, პარლამენტის შეკრების პირველი დღე ერთპარტიული იქნება, რადგან საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ “ქართული ოცნება” იქნება წარმოდგენილი.
მისივე განცხადებით, არცერთი ბარიერგადალახული კოალიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს.
“ამ საკითხში პრეზიდენტის ჩართვის მზადყოფნა გვაქვს, რომელსაც თავის მზაობა დაფიქსირებული აქვს. რაც შეეხება იმას, თუ რომელიმე კოალიცია უშუალოდ რას გააკეთებს, ეს არ არის ჩვენი შესაფასებელი, მაგრამ, დღეის მდგომარეობით, მათი მუდმივი განცხადებებით ვიცით, რომ არცერთი კოალიცია არ აპირებს პარლამენტში შესვლას და ცხადია, პარლამენტის შეკრების პირველი დღე იქნება ერთპარტიული, იქ იქნება მხოლოდ “ქართული ოცნება”, – განაცხადა ლანა გალდავამ.