მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას იწყებს

საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას იწყებს. „ქართული ოცნების“ უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ერთობლივად ინიცირებულ კანონპროექტს დღეს პირველი მოსმენით განიხილავს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერის 2 პროცენტამდე დაწევას ითვალისწინებს და მანდატების განაწილების პროპორციულ წესს ადგენს. ასევე, ცვლილებების მიხედვით, საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად წევრთა რაოდენობა 7-დან 4-მდე მცირდება.

გარდა ამისა, შემდეგი გენერალური პროკურორები აირჩევიან კვალიფიციური უმრავლესობით, ხოლო თუ ეს ვერ მოხერხდა, გენერალური პროკურორის ასარჩევად საკმარისი იქნება პარლამენტის 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

საკონსტიტუციო ცვლილებათა კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა 16 და 17 აგვისტოს გაიმართა ქუთაისსა და თბილისში.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას დეპუტატთა 113 ხმა სჭირდება, შესაბამისად, მის დასამტკიცებლად, კენჭისყრებში ოპოზიციის მოწილეობაა საჭირო.

ცვლილებები მას შემდეგ მომზადდა, რაც 19 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ და საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს.

მსგავსი პოსტები

Back to top button