საქართველოს პარლამენტის წინ დროშა ისევ აღმართეს

პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშა დააბრუნეს. საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან დროშა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღმართეს
დღეს, 14 მარტს, პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის ფაქტზე შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება [კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლი] უკვე დაიწყო. უწყებაში ამბობენ, რომ სამართალდამრღვევ პირებს დააჯარიმებენ.
მანამდე იქ აქცია გამართეს ჰომოფობიური და პრორუსული პოლიტიკური პარტია “კონსერვატიული მოძრობის” წარმომადგენლებმა. მათ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და სანაცვლოდ, საქართველოს დროშა დაკიდეს, რასაც თავდაპირველად ხელს უშლიდა პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი. მათ მედიაორგანიზაცია “ალტ-ინფოს” ერთ-ერთი ხელმძღვანელი ზურაბ მახარაძე ტერიტორიას დროებით განარიდეს.
პარლამენტთან დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას გულისხმობს. უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება.
შსს-ს პრესცენტრში აცხადებენ რომ „ალტ-ინფოს” აქციაზე არავინ დაუკავებიათ.
ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა 2021 წლის 5 ივლისსაც ჩამოგლიჯეს და დემონსტრაციულად დაწვეს. პარლამენტის მაშინდელმა სპიკერმა კახა კუჭავამ დროშა, ასევე დემონსტრაციულად, უკან დააბრუნა, მოგვიანებით კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ერთი პუნქტი დაემატა.
კოდექსში, მუხლ 17418-ში ჩაიწერა, რომ ადმინისტრაციული წესით ისჯება საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროკავშირის, NATO-ს ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, ასევე საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობაში მყოფი ქვეყნის დროშის ან გერბის შებღალვა.
ევროკავშირის, ნატოს და საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის მქონე ქვეყნის სიმბოლოების შებღალვა დასჯადი 2022 წლის იანვრიდან გახდა, ამისთვის 1000-ლარიანი, განმეორებით კი 2000-ლარიანი ჯარიმა ან 15-დღიანი პატიმრობაა გათვალისწინებული.
შეგახსენებთ, დღეს, ჰომოფობიური და პრორუსული პოლიტიკური პარტია “კონსერვატიული მოძრობის” წევრებმა და მხარდამჭერებმა სიმბოლიკა ჩამოხსნეს და დაწვეს.