მნიშვნელოვანისიახლეებისპორტი

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს დააჯილდოებს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს დღეს, 2 ივლისს, დააჯილდოებს. ადმინისტრაციის განცხადებაში დაზუსტებულია, რომ სახელმწიფო ჯილდო გადაეცემა ყველა წარდგენილ პირს.

„საქართველოს პრეზიდენტი დღეს სახალხო ზეიმს შეუერთდება და ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს დააჯილდოებს.

სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტი ღირსების ორდენებსა და მედლებს გადასცემს ისტორიული სპორტული მიღწევის – 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის“, – აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
ცნობისთვის პრეზიდენტმა დაჯილდოების განკარგულება მაისში გამოსცა, თუმცა დაჯილდოების ცერემონიის გამართვა სექტემბერში, ნაკრების მორიგი შეკრების დროს იყო დაგეგმილი.

განკარგულების თანახმად, ჯილდო გადაეცემათ არა მხოლოდ ფეხბურთელებს, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური (ლუქსემბურგთან) და ფინალური (საბერძნეთთან) შეხვედრებისთვის 26-კაციან განაცხადში მოხვდნენ, არამედ ფედერაციის წარმომადგენლებსა და ნაკრების პერსონალს.
საქართველოს ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მას შემდეგ წარადგინეს, რაც ფეხბურთელებმა საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში, პენალტების სერიაში დაამარცხეს საბერძნეთი და ისტორიაში პირველად გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე.

კობახიძე-პაპუაშვილის მიერ წარდგენილი 53-კაციანი სიიდან, თავდაპირველად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაჯილდოებულთა შორის არ იყო 13 ადამიანი (ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები, სამწვრთნელო შტაბისა და პერსონალის რამდენიმე წარმომადგენელი), თუმცა ღირსების ორდენი გადაეცა ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს. რამდენიმე ადამიანის გამოტოვების გამო, პრეზიდენტს თბილისის მერმა კახა კალაძემ უსაყვედურა.

„განკარგულებაში უამრავი ადამიანია გამოტოვებული. ეროვნული ნაკრების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ ასეთი ორდენები. კოლეგები და ადამიანები, ვინც მათთან ერთად იბრძოდა, წვლილი აქვს შეტანილი ამ გამარჯვებაში, გამოტოვა და დანარჩენს მისცა“, – თქვა კალაძემ.

კალაძის კომენტარის შემდეგ კი მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ნაკრების წარმომადგენელთა დაყოფა მიუღებელია. „დაჯილდოების ღონისძიებაში, ჩვენი გუნდი მხოლოდ იმ შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას, რომლის თითოეული წევრიც, წარდგენილ სიაში, ამ წარმატებაში საკუთარი წვლილისთვის იყო შეყვანილი“, – განაცხადა ფეხბურთის ფედერაციამ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი გამოაქვეყნა მორიგი განცხადება, რომლის თანახმად, ყველა წარდგენილ პირს გადაეცემოდა სახელმწიფო ჯილდოები: საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, ფედერაციის წარმომადგენლებს და პერსონალს.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველად მიიღო მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე და ჯგუფიდან გასვლაც შეძლო. ამ დროისთვის ევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩად შეფასებულ შეხვედრაში, საქართველო თურქეთთან 1-3 დამარცხდა, თუმცა „ჯვაროსნებმა“ ჩეხეთთან ფრისა (1-1) და პორტუგალიის (2-0) დამარცხების შემდეგ, პლეი-ოფში გასვლა შეძლეს. მერვედფინალში საქართველო ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან, ესპანეთთან, დამარცხდა (4-1) და ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა.

„საქართველო ევრო 2024-ს ზღაპრული დღეების შემდეგ ტოვებს. სანიოლის ნაკრებმა მოლოდინს მნიშვნელოვნად გადააჭარბა“, – ასე შეაფასეს BBC-ზე „ჯვაროსნების“ პირველი გამოსვლა დიდ სანაკრებო ტურნირზე.

საქართველოს ნაკრები თბილისში 2 ივლისს დაბრუნდა. ფეხბურთელებს აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გულშემატკივარს 2 ივლისის ღამით ექნება საშუალება მადლობა გადაუხადოს ფეხბურთელებს.

„2 ივლისს, 21:00 საათიდან, გულშემატკივარს ველოდებით თავისუფლების მოედანზე, ხოლო 21:30 საათიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან ღია ავტობუსით დაიწყებენ გადაადგილებას ფეხბურთელები ჭავჭავაძის გამზირის გავლით თავისუფლების მოედნისკენ. 22:00 საათზე დაიწყება უშუალოდ ღონისძიება. ყველა ფეხბურთელი იქნება სცენაზე, მათ ექნებათ საშუალება, მიმართონ გულშემატკივარს, შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ღონისძიება დასრულდება გრანდიოზული ფეიერვერკით”, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.

“სალომე ზურაბიშვილი დაუპირისპირდა ჩვენს საამაყო ბიჭებს და აჩვენა, სიჯიუტის რა უფსკრულშია და როგორ თვითდამაზიანებლად იქცევა. ახლა კი, სავარაუდოდ, ახლო გარემოცვის რჩევით, შეცვალა ადრინდელი სამარცხვინო განკარგულება” – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრეზიდენტის მიერ ფეხბურთელების დაჯილდოების შესახებ შეცვლილ გადაწყვეტილებაზე.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს გადაწყვეტილების შეცვლა მოუწია. ახალი გადაწყვეტილებით ის პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილ ყველა პირს დღეს დააჯილდოებს.

“ფსევდო-პრეზიდენტს რაციონალიზმი შერჩა? რა საჭირო იყო გაუგონარი თავხედობა და არაადეკვატურობა ეროვნული ნაკრების შერჩევით დაჯილდოებაზე?!

სალომე ზურაბიშვილი დაუპირისპირდა ჩვენს საამაყო ბიჭებს და აჩვენა,
სიჯიუტის რა უფსკრულშია და როგორ თვითდამაზიანებლად იქცევა. ახლა კი, სავარაუდოდ, ახლო გარემოცვის რჩევით, შეცვალა ადრინდელი სამარცხვინო განკარგულება. ჩემპიონატზე ასპარეზობამდე სტიმულიც კი არ მისცა ფეხბურთელებს, რომლებმაც აჩვენეს ღირსება და გერმანიაში, მათთან შესახვედრად მისული ზურაბიშვილი დამსახურებულად არ დააიგნორეს.

სალომე ზურაბიშვილს გადაწყვეტილების შეცვლა მოუწია. ახალი გადაწყვეტილებით, ის პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილ ყველა პირს დღეს დააჯილდოებს.

ნაცვლად მის მიერ დაანონსებული სექტემბრის თვისა, მან ახალი გადაწყვეტილება დაჩქარებულად, დღევანდელი რიცხვით მიიღო.

მანამდე, ე.წ. პრეზიდენტმა ღირსების ორდენზე წარდგენილი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 53 წარმომადგენლიდან 19 არ დააჯილდოვა.“ – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა და მერვედფინალში გავიდა. ევროპის საუკეთესო 16 გუნდს შორის ადგილი ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე წარმატებული ასპარეზობით მოიპოვა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წარმატებას ულოცავს.

პატრიარქის წერილს საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, მწვრთნელებს, სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ, გულითადად ვულოცავთ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის სახელით ღირსეულ გამოსვლას.

ამ ფაქტმა, შეიძლება ითქვას, მოიცვა მთელი ქვეყანა და ხალხს განსაკუთრებული სიხარული მოანიჭა, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ მსოფლიოს წინაშე ღირსეულად წარმოჩინდა საქართველო და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც პატივისცემით განეწყვნენ.

გილოცავთ და გლოცავთ, ჩვენო საყვარელო ფეხბურთელებო. ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენგანი.

ღმერთმა მოგვმადლოს ერთობა და ქვეყნისთვის ფრიად მნიშვნელოვანი სხვა დიდი გამარჯვებები”, – ნათქვამია წერილში.

მსგავსი პოსტები

Back to top button