მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი ხვალ შარლ მიშელს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ბრიუსელში შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

შარლ მიშელისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ აღნიშნულია ევროპული საბჭოს ვებგვერდზეც.

ევროპაში ვიზიტისა და ლიდერებთან შეხვედრის გამო ზურაბიშვილს ქართული ოცნება აკრიტიკებს და ამბობს, რომ მას მთავრობის თანხმობა არ აქვს, შესაბამისად, კონსტიტუციას არღვევს.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი დღეს ბერლინში გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. ოფიციალური ინფორმაცია დღევანდელი შეხვედრის შესახებ ამ დრომდე არ გავრცელებულა. შეხვედრის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა სალომე ზურაბიშვილმა სოციალური ქსელებით გაავრცელა. გერმანიის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა მხოლოდ ფოტო წარწერით – „მოლაპარაკებები სალომე ზურაბიშვილთან“.

30 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ შეხვედრები კანდიდატის სტატუსს უკავშირდება. მოგვიანებით საქართველოს მთავრობამ სალომე ზურაბიშვილისთვის სამუშაო ვიზიტებზე უარის თქმასთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება ცნობისთვის მთავრობის ინფორმაციით, ზურაბიშვილს წერილობით უარი 10 ქვეყანაში ვიზიტზე ეთქვა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი გერმანიაში ვიზიტზე. ასევე, განცხადებაში საუბარია სხვა სამუშაო ვიზიტებთან დაკავშირებითაც, რომლებზეც პრეზიდენტს უარი ეთქვა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს „ქართულ ოცნებაში“ გაკეთდა კომენტარი. მმართველ გუნდში აღნიშნეს, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, რაზეც საჭიროა რეაგირება.

შეგახსენებთ, ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად პრეზიდენტნა უცხოელ კოლეგებთან შეხვედრები დაიწყო. გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, დღეს სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს.

საქართველოს პრეზიდენტმა სწორედ გერმანიაში ვიზიტით დაიწყო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები.

“ოცნების” ხელისუფლება ზურაბიშვილს იმპიჩმენტით ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button