საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში მოხსენებით 31 მარტს გამოვა
31 მარტს, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს 12:00 სთ-ზე მოისმენენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე კვირა არასასესიო კვირაა, სალომე ზურაბიშვილს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს.
“პრეზიდენტთან შევთანხმდით 31 მარტზე, ანუ მიმდინარე კვირის პარასკევს, რომ შედგეს ყოველწლიური მოხსენება. რეგლამენტის მიხედვით, ამ სხდომაზე, სხვა საკითხები გარდა მოხსენებისა არ განიხილება. ვინაიდან, სასესიო კვირაა, შესაბამისად, პრეზიდენტს მივმართავთ რიგგარეშე მოწვევის თხოვნით და გვექნება, რიგგარეშე სხდომა 31 მარტს, პარასკევს 12:00 საათიდან”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე განცხადებით, პრეზიდენტის გამოსვლის შემდგომ, ფრაქციების და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები გამოვლენ სიტყვით.
რეგლამენტის მიხედვით, სხვა სახის გამოსვლები და კითხვები სხდომაზე არ იქნება.