საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და ტექნიკური მთავრობის შემადგენლობას არჩევნებამდე არ დაასახელებს

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უკვე შერჩეული ჰყავს პრემიერობის ერთი კანდიდატი, რომელსაც თავად წარადგენს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. აღნიშნა პრეზიდენტმა
როგორც სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა, პრემიერობის კანდიდატი ჰყავს, თუმცა ანგარიშს უწევს ოთხ ოპოზიციურ პარტიას, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ეს საკითხი არჩევნების შემდეგ უნდა გადაწყდეს.
“მყავდა და მყავს პრემიერობის ერთი კანდიდატი. ძალიან ბევრი ვიფიქრე და შევჯერდი. მე ვუწევ ანგარიშს ამ 4 პარტიას. აქ არანაირი დისონანსი არ უნდა იყოს. მათგან მოვისმინე, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს არჩევნების შემდეგ. ასევე სხვადასხვა ხედვა იყო, როგორი უნდა იყოს მთავრობა, რაზეც მაქვს ჩემი ხედვა”, – თქვა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, პრემიერობის კანდიდატი იქნება “ნეიტრალური” და უპარტიო.
“ვფიქრობ, რომ ნეიტრალური პრემიერი, რომელიც არ არის პოლიტიკური ფიგურა, პოლიტიკური პარტიებიდან წამოსული, ბევრად ადვილია იმისთვის, რომ შეჯერდნენ ეს პარტიები, რომლებსაც სხვადასხვა ხედვა აქვთ. ტექნიკური მთავრობა, რომელიც შეიძლება იყოს მთლიანად ტექნიკური, შერეული, ამაზე არჩევნების შემდეგ შევჯერდებით”.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიების ბლოკებად გაერთიანება აკრძალულია, ერთადერთი გზა არჩევნებში მათი ერთად მონაწილეობისთვის არის საერთო საარჩევნო სიის შექმნა. საარჩევნო სიაში შეიძლება აღმოჩნდეს მხოლოდ არჩევნებში მონაწილე პარტიის წევრი ანდა უპარტიო პოლიტიკოსი.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე დაასახელებდა.