მნიშვნელოვანისიახლეებისპორტი

საქართველოს პრეზიდენტი სახალხო ზეიმს შეუერთდა და ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ფედერაციის წევრებს ღირსების ორდენები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სახალხო ზეიმს შეუერთდა და ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ფედერაციის წევრებს ღირსების ორდენები გადასცა. მანამდე კი, პრეზიდენტმა ნაკრების წევრებსა და გულშემატკივრებს სიტყვით მიმართა:

“სასწაულია დღევანდელი დღე, მე ასეთი საქართველო მინდა – გახარებული ამ ბიჭების სასწაულით, მაგრამ სასწაული ასე არ მოდის – ეს არის შრომა, თავდადება, ნიჭი, შემართება, პროფესიონალიზმი, გუნდურობა ქვეყნის სიყვარული და ეს ყველაფერი ამათ ისე აქვთ შერწყმული, რომ მიაღწიეს მიუღწეველს და ეს არის მხოლოდ საწყისი. მათ ძალიან დიდი მადლობა, თქვენ კი ძალიან დიდი მადლობა მათი გულშემატკივრობისთვის. მინდა, თქვენი სახელით, ერთობის სახელით, რადგან ეს ჯილდო არის მთავრობის, პრეზიდენტის და თქვენი ჯილდო, რომელსაც გადავცემთ ამ ბიჭებს და ვუსურვებთ, რომ მათი გამარჯვების გზა უსასრულო იყოს,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილი ყველა პირს პრეზიდენტმა ღირსების ორდენები და მედლები ისტორიული სპორტული მიღწევის – 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის გადასცა.
დაჯილდოვების ცერემონია თავისუფლების მოედანზე გაიმართა, სადაც ფეხბურთელები იქ შეკრებილ გულშემაკტივარს შეხვდნენ.

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ადგილზე მსვლელობით მივიდნენ. მათ ჭავჭავაძე-მელიქიშვილი-რუსთაველის გამზირი ღია ავტობუსით გაიარეს. გულშემატკივრების ნაწილი ნაკრების წევრებს გზად, სიმღერითა და შეძახილებით ეგებებოდა. ზოგიერთ მათგანს საქართველოს დროშები ეჭირა და ეროვნული ნაკრების მაისური ეცვათ.

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით მიდიან

ცნობისთვის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, ქომაგებთან შესახვედრად, თავისუფლების მოედანზე მსვლელობით მივიდნენ. პირველი, ვინც შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ნიკა კვეკვესკირია.

კვეკვესკირმა გულშემატკივრებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

“ძალიან დიდი მადლობა ამ ენერგიისთვის, რომელსაც თქვენ გვაძლევთ. ამ გუნდის უდიდესი ძალა არის ის, რომ ჩვენ გულშემატკივრებსა და ჩვენ შორის არის ძალიან მაგარი სინერგია და ძალიან დიდ მადლობას გიხდით ამისთვის.

ცოტა უჩვეულო პოზიციაში ვარ, მე ამირჩიეს, რომ გამოვაცხადო გუნდი. გამოვაცხადებ ფეხბურთელებს, ისინი სათითაოდ გამოვლენ და, როგორც თამაშის დროს ხდება ხოლმე, დავიძახებ სახელს და თქვენ ყველამ ერთად უნდა დაიძახოთ გვარი”, – განაცხადა ნიკა კვეკვესკირმა.

თავისუფლების მოედანზე მოწყობილ სცენაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გულშემატკივარს მოკლე და ემოციური სიტყვით მიმართა:

„მინდა აღვნიშნო, რომ სამნახევარი წელი, რაც აქ ვარ ძალიან გაიწელა. ფეხბურთელებმა ბევრი ოფლი დაღვარეს მიზნის მისაღწევად. იმედი მაქვს, მომდევნო სამნახევარ წელიწადში უკეთესით თუ არა, იგივე შედეგით ავალთ სცენაზე. მადლობა საქართველო“.

შეგახსენებთ პრეზიდენტმა დაჯილდოების განკარგულება მაისში გამოსცა, თუმცა დაჯილდოების ცერემონიის გამართვა სექტემბერში, ნაკრების მორიგი შეკრების დროს იყო დაგეგმილი.

განკარგულების თანახმად, ჯილდო გადაეცათ არა მხოლოდ ფეხბურთელებს, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური (ლუქსემბურგთან) და ფინალური (საბერძნეთთან) შეხვედრებისთვის 26-კაციან განაცხადში მოხვდნენ, არამედ ფედერაციის წარმომადგენლებსა და ნაკრების პერსონალს.

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები თავისუფლების მოედანზე ცოტა ხნის წინ მივიდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button