საქართველოს პრეზიდენტმა ოლიმპიელები და პარალიმპიელები ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 2024 წელს საქართველომ ევროპიდან "დიდი იმედი და სერიოზული შედეგი" მიიღო
საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს უმასპინძლა. მიღება ორბელიანების სასახლესთან გაიმართა. პრეზიდენტმა პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის მონაწილეები ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. ღონისძიებას ხალხიც ესწრებოდა.
ათონელის რეზიდენციის წინ გაიმართულ ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ:
ნინო თიბილაშვილი – მოფარიკავე;
ანა ჯაფარიძე – პარალიმპიური პრიზიორი პარატაეკვადოში;
ინა ქალდანი – პარალიმპიური პრიზიორი პარაძიუდოში;
აკაკი ჯინჭარაძე- პარალიმპიური პრიზიორი პარაწოლჭიმში;
რევაზ ჩიკოიძე – პარალიმპიური პრიზიორი პარაძიუდოში;
ვლადიმერ ჭინჭარაული – პარალიმპიური პრიზიორი პარასროლაში;
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა სპორტმენებს მიმართა და უთხრა, რომ მათ მოიპოვეს, არამხოლოდ მედლები და ჯილდოები, არამედ ხალხის სიყვარული.
ასეთი სახალხო ზეიმი არის მთავარი დასტური იმისა, რომ ყველაფრის მიუხედავად, მიუხედავად ჩვენი განსხვავებული შეხედულებებისა თუ არსებული პოლარიზაციისა, მაინც შეგვიძლია, ერთად გვიხაროდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართველი ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოების ცერემონიალზე განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა თავის მიმართვაში აღნიშნა, მიმდინარე წელი სერიოზული შედეგებით გამოირჩევა. ზურაბიშვილის თქმით, ეროვნულმა ნაკრებმა პირდაპირ ევროპაში შეგვიყვანა, ხოლო ოლიმპიელებმა და პარალიმპიელებმა საქართველო ევროპის შუაგულში და პარიზში სერიოზულ მეტოქედ წარმოაჩინეს.
„დღეს ყველანი ერთად შევიკრიბეთ და ერთად უნდა აღვნიშნოთ პარიზის ოლიმპიადიდან და პარალიმპიადიდან დაბრუნებული ჩვენი სპორტსმენების წარმატებები. ერთად გავიზიაროთ ეს დიდი სიხარული, რომელიც მათ ქართველ ხალხს მიანიჭეს, გადავცეთ მათ სახელმწიფო ჯილდოები, რომლებიც ასახავენ ქვეყნის დაფასებას, ხალხის სიყვარულსა და მადლიერებას. თქვენი დამსახურებაა, რომ მსოფლიომ გაიგო საქართველოს სახელი და დაინახა ჩვენი ქვეყნის სახე.
ჩვენი სპორტსმენების შედეგები ადასტურებს, რომ რიცხობრივად უფრო დიდ ქვეყნებსაც შესაძლოა გავუტოლდეთ, თუ კი შემართებით, თავდადებით, პროფესიონალიზმით, მიზანმიმართული, დაუღალავი შრომითა და ერთობით ვიქნებით.
ჩვენ ამ წელს ევროპიდან მივიღეთ სერიოზული შედეგი და დიდი იმედი. ფეხბურთელებმა პირდაპირ ევროპაში შეგვიყვანეს, ოლიმპიელებმა და პარალიმპიელებმა საქართველო ევროპის შუაგულში და პარიზში სერიოზულ მეტოქედ წარმოაჩინეს. ორივე შემთხვევაში, ჩვენ ვიზეიმეთ არა მხოლოდ ცალკეული სპორტსმენის გამარჯვება, არამედ ქვეყნის წარმატებაც და მისი მსოფლიო რუკაზე გამოჩენა. არ არსებობს ამაზე დიდი ბედნიერება, როცა უყურებ, რომ მთელ საზოგადოებას ერთად უხარია, ერთად ზეიმობს, ერთად დგას. ეს არის სპორტის უდიდესი ძალა – ადამიანები გაახაროს და გააერთიანოს და ასეც მოხდა.
ერთობა იმაშიც გამოჩნდა, როცა ჩვენმა ოლიმპიელებმა და პარალიმპიელებმა გვაჩვენეს, რომ გამარჯვება არ არის ფიზიკური შესაძლებლობების საზღვრებში მოქცეული. დღეს ამიტომ მინდოდა, ერთობლივად გვეზეიმა მათი გამარჯვება და სახალხო ზეიმი ამას ემსახურება. სამაგალითოცაა – მაგალითი ინკლუზიურობისა და თანასწორობის. სწორედ ეს არის ძალა საზოგადოების, რომელიც არ ეპუება არც დისკრიმინაციას, არც დაყოფას. მიმაჩნია, რომ ასეთი სახალხო ზეიმი არის მთავარი დასტური იმისა, რომ ყველაფრის მიუხედავად, მიუხედავად ჩვენი განსხვავებული შეხედულებებისა თუ არსებული პოლარიზაციისა, მაინც შეგვიძლია, ერთად გვიხაროდეს. ამით საზოგადოება საკუთარ ძალას და ღირსებას ავლენს.
და თქვენ, სპორტსმენებო, გამარჯვებულებო თუ მონაწილეებო, ერთნაირად გღებულობთ დღეს თქვენი ქვეყნის მოსახლეობა. თქვენ არა მხოლოდ დაიმსახურეთ მედლები, ჯილდოები და პრემიები, თქვენ მიიღეთ ბევრად მეტი, ბევრად ძვირფასი, ბევრად მარადიული, ისეთი რამ, რაც ვერაფერში ვერ უნდა იცვლებოდეს და ეს არის ხალხის სიყვარული. დაე, შეგეძლოთ თქვენი ცხოვრებისა და შემდეგი გამარჯვებების გზაზე ამ სიყვარულის დაფასება, გაფრთხილება და შენარჩუნება.
ჩვენი ისტორიის ამ ურთულეს პერიოდში თქვენ სჭირდებით ქვეყანას, სჭირდებით მომავალ თაობებს, ახალგაზრდებს, ვინც გიყურებთ გაბრწყინებული თვალებით და თქვენგან მაგალითს ელის, მაგალითს პროფესიონალიზმის, თავდადების, შემართების და მიზანდასახულობის.
მინდა, სულითა და გულით ყველას მოგილოცოთ და მივულოცო აქ შეკრებილ საზოგადოებას ეს დიდი გამარჯვება, ეს დიდი სიხარული, ეს დიდი სიყვარული“, – განაცხადა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.
სპორტსმენისთვის ნებისმიერი ჯილდო მნიშვნელოვანია. ეს ჯილდო ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა და დიდი სიამოვნებით ჩავიბარებ, – ამის შესახებ სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ ღონისძიებაზე დასწრებაზე ყოყმანი არ ჰქონდა. ტალახაძის თქმით, პრეზიდენტის ჯილდოს სიამოვნებით მიიღებს.
„არანაირი ყოყმანი არ მქონია დღეს აქ მოსვლის იქიდან გამომდინარე, რომ ამ ჯილდოს ღებულობს ლაშა ტალახაძე. თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო ადამიანს ხაზი არ უნდა გადაუსვა. მე ყოველთვის წინ ვაყენებ ჩემ წარმატებას და ქვეყანას. ეს არის ჯილდო ჩემი მიღწევებიდან გამომდინარე, ამიტომ როდესაც პრეზიდენტი გადაგცემს ჯილდოს, ჩვენთვის სიამოვნებით მისაღებია”,- განაცხადა ლაშა ტალახაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ორბელიანების სასახლის წინ მიმდინარეობს სახალხო ზეიმი, სადაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს ჯილდოებს გადასცემს.