საქართველოს პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო

„ქართული ოცნების“ უმრავლესობით საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებზე, რომლის საფუძველზეც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი იცვლება, პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნები, თანდართულ კანონპროექტთან ერთად, პარლამენტშია.
ის განსახილველად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.
პრეზიდენტის შეფასებით, პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, პრეზიდენტის როლი იზღუდება და მიღებული კანონპროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია წინა წლებში მიღწეულ პროგრესთან მიმართებით.
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს კანონმდებლობის შემდეგი ვერსიით მიღებას სთავაზობს:
– ერთის მხრივ, ცესკოს თავმჯდომარისა და შვიდი წევრის არჩევის მიზნით საკონკურსო კომისიის შექმნისა და კანდიდატთა შერჩევა/წარდგენის პროცედურა პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში დარჩება, როგორც ამას კანონის ჯერ კიდევ მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს. მეორეს მხრივ, მათ ასარჩევად 2/3-იანი უმრავლესობა, პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით შემცირდება. პრეზიდენტის პროექტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატი სამი მეხუთედის უმრავლესობის ხმებს ვერ მიიღებს, 6-თვის ვადით იქნება არჩეული, როგორც ამას მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს.
„მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ზეპარტიული თანამდებობის პირია, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე, მოცემულ ვითარებაში, მმართველი გუნდის წევრი და პარლამენტის უმრავლესობით არჩეული, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესში პრეზიდენტის როლის არსებითად შემცირება გაუმართლებლად უნდა იქნას მიჩნეული. შესაბამისად, მიზანშეწონილია ამ ნაწილში კანონის მოქმედი რედაქციის შენარჩუნება.
მნიშვნელოვანია, რომ ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცედურაში კონსენსუსის საჭიროება შენარჩუნდეს, რათა მათი არჩევა არ მოხდეს ერთპარტიულად – მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ და საფრთხე არ შეექმნას დამოუკიდებელი, უპარტიო ინსტიტუტის არსებობას.
მნიშვნელოვანია, რომ კონკურსი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევად გამოცხადდეს და საკონკურსო კომისია შეიქმნას პრეზიდენტის მიერ და შერჩეული კანდიდატები პარლამენტს წარედგინოს პრეზიდენტის მიერ, როგორც ამას მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს“, – აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილ მოტივირებულ შენიშვნებში.
პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა და ვეტო დაადო, ცესკოს თავმჯდომარესა და შვიდ წევრს პარლამენტი პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით 5-წლის ვადით აირჩევს. კონკურსიც პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით უნდა გამოცხადდეს. საკონკურსო კომისიაში პრეზიდენტის ერთი წარმომადგენელი იქნება.
„ქართული ოცნების“ უმრავლესობა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს არ იზიარებს და ვეტოს დაძლევისთვის ემზადება.
რაც შეეხება ვეტოს დაძლევის საკითხს, პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებული კანონი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთი მოსმენით მიიღება. პირველ რიგში კენჭი სწორედ პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონს ეყრება. თუ პარლამენტი პრეზიდენტის შენიშვნებს არ მიიღებს, კენჭი კანონის პირვანდელ რედაქციას ეყრება.
კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს.
პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” წევრის ანა წითლიძის განცხადებით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
როგორც წითლიძე განმარტავს, ხელისუფლებას ცვლილებები უნდა იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი კონტროლი დაამყაროს საარჩევნო კომისიაზე.
“პრეზიდენტის ვეტო მოულოდნელი არ ყოფილა და არის აბსოლუტურად ლოგიკური, იმიტომ, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ეს ცვლილებები მიმართულია იმისკენ, რომ ისედაც “ქართული ოცნების” შტაბად ქცეული ცენტრალური საარჩევნო კომისიები და საოლქო საარჩევნო კომისიები, კიდევ უფრო მეტად გააკონტროლოს რუსულმა ოცნებამ.
ამიტომ, განსაკუთრებით მაშინ, როცა 12-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ვალდებულება არის სწორედ საარჩევნო რეფორმა, ეს ცვლილებები პირდაპირ მიმართულია საარჩევნო რეფორმის დაზიანებისკენ და ეს ცვლილებები არ ემსახურება ასევე, 12-პუნქტიანი ვალდებულების შესრულებას,” – აცხადებს ანა წითლიძე.
“ოცნების” და პრეზიდენტის კინკლაობა ისეთ ფაზაში შედის, რომელიც ჩემთვის უკვე მოსაწყენია,- ასე ეხმიანება “გირჩის” დეპუტატი იაგო ხვიჩია, პრეზიდენტის მიერ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე ვეტოს გამოყენებას.
ხვიჩიას თქმით, პრეზიდენტისგან უფრო სერიოზული შეწყალების მექანიზმის გამოყენება იქნებოდა მათ მიმართ, ვინც ციხეში უკანონოდ სხედან.
“ბევრი სხვა გამოწვევაც არსებობს და კიდევ ბევრ სხვა კანონზეა ვეტო დასადები. წინა კვირას 127 კანონი მიიღეს. ერთი გამოვარჩიოთ და მასზე ვილაპარაკოთ მხოლოდ, ეს მგონია არც პრეზიდენტისგან არის სწორი, არც პოლიტიკოსებისგან თუ მედიასივრცისგან. ბევრად უფრო მავნე კანონებიც მივიღეთ, ათეულობით და ასეულობით ცოტა ხნის წინ. ერთ კანონს დანარჩენი მავნე კანონებისგან ვერაფრით გამოვარჩევ.
“ქართული ოცნების” და პრეზიდენტის კინკლაობა ისეთ ფაზაში შედის, რომელიც როგორც ადრე მაქვს ნათქვამი, ჩემთვის უკვე მოსაწყენია. მე პრეზიდენტისგან ბევრად უფრო სერიოზულად მივიღებდი შეწყალების მექანიზმის გამოყენებას უფრო ეფექტურად და ბევრი იმ ადამიანის ციხიდან გამოშვებას, რომლებიც სრულიად უკანონოდ არიან ციხეში სანქცირებული მოსამართლეების გადაწყვეტილებებით,”- განაცხადა ხვიჩიამ.
ვიზიარებ და მივესალმები პრეზიდენტის ვეტოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე. ეს აუცილებელიც იყო, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
მისივე თქმით, ცვლილებები ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირის გზაზე დამაზიანებელი ნაბიჯია.
„„ქართულ ოცნებას“ დაწყებული აქვს 2024 წლის არჩევნების გაყალბება და სრულად იქვემდებარებს ყველა სახელმწიფო უწყებას პარტიულ ვერტიკალში, მათ შორის, ცესკო-ს. ეჭვი მაქვს, „ქართული ოცნება“ ამ ვეტოსაც დაძლევს. რაც შეეხება პრეზიდენტის შეთავაზებას, მცირედად გადამზღვევად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს არის ცესკო-ს მიმართ დაბალი სტანდარტის დაწესება. მესმის პრეზიდენტის არგუმენტაცია, სულ არაფერს, ისე მაინც გაკეთდეს, რომ ოპოზიციის ნაწილობრივი თანხმობა იყოს საჭირო, თუმცა გაგახსენებთ, როდესაც „ქართულ ოცნებას“ დასჭირდა, „ნაცმოძრაობა“ მას დაეხმარა, 90 ხმა აიღეს. ვგულისხმობ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას. მთავარი არის, რომ ცვლილებები ცესკო-ს მიმართ ნდობას კიდევ უფრო ადაბლებს. ეს ცვლილებები მხოლოდ შიდა კონტექსტში არსებულ ვითარებას და ერთ კონკრეტულ სახელმწიფო ინსტიტუტს არ აზიანებს. ამასთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდანაც მძიმე შეფასებები მოვისმინეთ და იმ პირობებში, როცა დაკვირვების ქვეშ ვართ, გამადიდებელი შუშით აკვირდებიან, რამდენად სრულდება რეკომენდაციები, ეს ცვლილებები ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთი დამაზიანებელი ნაბიჯია“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებისთვის ვეტოში გაიზიარა ჩვენი წუხილი, რომ ცესკო-ს შემადგენლობის არჩევისთვის ორი მესამედი არის დიდი უმრავლესობა, ამიტომ ჩიხიდან გამოსავალია ჩვეულებრივი უმრავლესობა, სხვა შემთხვევაში უმცირესობას კვლავ ეძლევა შესაძლებლობა, დაბლოკოს გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას არაერთხელ უთქვამს, რომ კვალიფიციური უმრავლესობა პოზიციებზე არჩევის დროს არ არის საუკეთესო პრაქტიკა ევროპაში.
„პრეზიდენტმა გაიზიარა ჩვენი წუხილი, რომ კვალიფიციური უმრავლესობა ასეთი გადაწყვეტილების მიღებისთვის არ არის სათანადო. ამ ვეტოდან ჩანს, რომ პრეზიდენტი ჩვენს შეშფოთებასა და წუხილს იზიარებს. ამ წუხილიდან გამომდინარე, თუკი ვთანხმდებით, რომ ორი მესამედი, ანუ ასი ხმა არის ზედმეტად დიდი და არის იმის რეცეპტი, რომ ჩიხში შევიდეს სიტუაცია, საჭიროა ამ ჩიხიდან გამოსავლის მოძიება. ეს გამოსავალი იყო, რაც შევთავაზეთ ცვლილების შედეგად – იყოს უბრალო უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღება, 76 ხმით და ეს არის გამოსავალი. 100 და 90 თუ იქნება, ეს ჩემი აზრით, დიდ სხვაობას არ გვაძლევს.
ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ კვალიფიციური უმრავლესობა პოზიციებზე არჩევის დროს, ერთი მხრივ, არ არის საუკეთესო პრაქტიკა ევროპაში. გამონაკლისებშია მხოლოდ ასეთი მდგომარეობა და ამას თავისი მიზეზი აქვს, ვინაიდან კვალიფიციური უმრავლესობა არის პირდაპირი რეცეპტი, მოხდეს ბლოკირება და ჩიხში შესვლა. ამიტომ ჩიხიდან გამოსავალია ჩვეულებრივი უმრავლესობა. პრეზიდენტმა ამ ვეტოთი გვანახა, რომ წუხილს იზიარებს, რომ ორი მესამედი არის დიდი უმრავლესობა. საქმე იმაშია, რომ აქედან გამოსავალი იქნებოდა მხოლოდ უბრალო უმრავლესობა. სხვა შემთხვევაში, კვლავ ეძლევა შესაძლებლობა უმცირესობას, დაბლოკოს გადაწყვეტილება. არასწორი არგუმენტაციაა, რაც ვეტოშია, ზეპარტიულობაზე – ის, რომ თავმჯდომარე პარლამენტის უმრავლესობის არჩეულია და ეს არ აძლევს მას შესაძლებლობას, წარადგინოს მიუკერძოებელი კანდიდატი.
ყველას შევახსენებ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის კანდიდატის დასახელების უფლება პარლამენტის თავმჯდომრეს ერთპიროვნულად აქვს. იცით, რომ ცოტა ხნის წინ ჩემი შეთავაზებით ავირჩიეთ. არსებობდა რამე კითხვის ნიშანი? ასე მიდგომა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ატარებს პარტიულ ხაზს და არ შეუძლია მიუკერძოებელი კადრის არჩევა, ეს სისტემის არასწორი დანახვაა. ამ ლოგიკით, საბოლოოდ, საპარლამენტო უმრავლესობა ირჩევს ცესკო-ს წევრებს. მთავარია, ვეტოში პრეზიდენტმა გაიზიარა ჩვენი წუხილი, რომ 2/3, დიდი უმრავლესობა დიდი მაჩვენებელია. ვნახოთ, განვიხილავთ ამას უმრავლესობაში.
სახალხო დამცველზეც ვნახეთ, რა პრობლემა იყო 90 ხმაზე. მთავარია, კვალიფიციური უნდა იყოს უმრავლესობა თუ არა? იმ უმრავლესობას უნდა შეეძლოს არჩევა, რაც საკმარისია მთავრობის დაკომპლექტებისთვის თუ საჭიროა, რომ ამაში ჩაერთოს ასევე ოპოზიციის ხმები? ჩვენი პოზიცია გვაქვს ამაზე. რაც შეეხება კვალიფიციურ უმრავლესობას თანამდებობაზე არჩევის შესახებ, ეს არის არასწორი მოდელი და ვინც გვაძლევს რეკომენდაციებს, მათ ქვეყნებშიც არ არის კვალიფიციური უმრავლესობა. ესეც მნიშვნელოვანია. განვიხილავთ ამ საკითხს და ჩამოვაყალიბებთ, ჩვენი პოზიცია რაც არის იმ კანონის მიღებით, რაც სწორი მიგვაჩნია. ვნახოთ, განვიხილავთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დააყენო. ასეთი პოლიტიკური თამაშები პრეზიდენტისთვის შესაფერისი არ არის, მის ინსტიტუტს არ ეკადრება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა
გია ვოლსკის თქმით, პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, რომ მსოფლიოში ცესკო-ს შემადგენლობას უმრავლესობით როცა ირჩევენ, ეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს და არა რომელიმე პოლიტიკური გუნდის.
„ნებისმიერმა რადიკალურმა ოპოზიციონერმა კარგად იცის, რომ საარჩევნო სისტემა არ და ვერ დაუშვებს, ვინმემ სცადოს და არჩევნების გაყალბება გამოუვიდეს. არჩევნები არც ადრე გაყალბებულა, მაგრამ ამ დონის ტექნიკური უზრუნველყოფა არასოდეს ყოფილა. აქედან გამომდინარე, ეს პოლიტიკური თამაშები პრეზიდენტისთვის შესაფერისი არ არის, მის ინსტიტუტს არ ეკადრება.
პრეზიდენტმა ზუსტად უნდა იცოდეს, რომ მსოფლიოში ცესკო-ს შემადგენლობას უმრავლესობით როცა ირჩევენ, ეს კონკრეტული ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს და არა რომელიმე პოლიტიკური გუნდისგან, მაშინ როცა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან საბოტაჟის მაგალითი არაერთხელ ყოფილა. მან ზუსტად იცის, რომ დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის ოპოზიციის რევოლუციური სცენარი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ყველა შემთხვევაში ჩვენ დაგვჭირდება ვეტოს დაძლევა, მათ შორის ტექნიკური მიზეზის გამოც, ვხედავთ ინტერესს, რომ ცესკო-ში ხელოვნურად შეიქმნას ინსტიტუციური კრიზისი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, თავის დროზე, როდესაც 19 აპრილის შეთანხმებაში შესაბამისი პუნქტი ჩაიდო, ამ პუნქტის მიზანი სწორედ ცესკო-ში ინსტიტუციური კრიზისის შექმნა იყო, რის გამოც პირველად პროექტს უმრავლესობამ არ მოაწერა ხელი.
„ყველა შემთხვევაში ჩვენ დაგვჭირდება ვეტოს დაძლევა, მათ შორის ტექნიკური მიზეზის გამოც. რეგლამენტში ცვლილებები, რომლებიც უკავშირდებოდა ამ პროცედურას, უკვე ამოქმედებულია, შესაბამისად, ვეტო თუ არ დაიძლევა, გამოვა, რომ არსებობს უბრალოდ პროცედურა, რითიც მოხდება ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევა ტექნიკური მიზეზით. თუმცა, მთავარი ის არის, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ საბოტაჟის ინტერესს, ინტერესს, რომ ცესკო-ში ხელოვნურად შეიქმნას ინსტიტუციური კრიზისი. თავის დროზე, როდესაც შესაბამისი პუნქტი ჩაიდო 19 აპრილის შეთანხმებაში, ამ პუნქტის მიზანი სწორედ ეს იყო – ცესკო-ში ინსტიტუციური კრიზისის შექმნა. სწორედ ამის გამო, ჩვენ პირველად პროექტს არ მოვაწერეთ ხელი და მხოლოდ გადასინჯულ ვერსიას მოვაწერეთ ხელი. ახლაც ვხედავთ ზუსტად იმავე ინტერესს და სწორედ ამის გამო გვჭირდება ვეტოს დაძლევა. ჩვენ ყველას განვუმარტავთ ჩვენი გადაწყვეტილების მიზეზებს. ასევე თუ სადმე იქნება კონსულტაციების საჭიროება, ჯერ არის დრო და გავაგრძელებთ კონსულტაციებს. ამ ეტაპზე, უბრალოდ, ვეტო არის დასაძლევი. შემდეგ, თუ იქნება რაიმე არგუმენტები, კონსულტაციების მოთხოვნა და ასე შემდეგ, ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის“, – აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, რაც შეეხება 19 აპრილის შეთანხმებას, კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის ვეტოც კი არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმების შინაარსს.
„წარმოიდგინეთ, პრეზიდენტმა დაადო ვეტო და ეს ვეტოც არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმების შინაარსს. აქედან გამომდინარე, ეს შეთანხმება მხოლოდ საბაბია. ჩვენთვის არავითარი ღირებულება არ აქვს 19 აპრილის შეთანხმებას, ერთი, იმის გამო, რომ ის არის ანულირებული, არავითარი პოლიტიკური დატვირთვა აღარ აქვს; მეორე – გახსოვთ, რომ 19 აპრილის შეთანხმება იყო საბოტაჟის შედეგი და ამ საბოტაჟის მხარდაჭერის შედეგი. აქედან გამომდინარე, ვერც პოლიტიკური, ვერც მორალური თვალსაზრისით ჩვენთვის ვერავითარი ღირებულება ვერ ექნება 19 აპრილის შეთანხმებას. უფრო მეტიც, ჩვენ სწორედ ამ პროცესების გათვალისწინებით ვთქვით, რომ მომავალში აღარასდროს შევალთ ასეთ მოლაპარაკებებში და აღარ დავდებთ ისეთ შეთანხმებას, როგორიც იყო 19 აპრილის შეთანხმება. ევროკავშირის სტრუქტურებთან ყველაფერთან დაკავშირებით გვექნება კონსულტაციები. არავითარი წინააღმდეგობა არ იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, კითხვას იმის შესახებ, რომ „ოპოზიციის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება“, კობახიძემ განაცხადა:
„იცით, რომ შემოღებულ იქნა ელექტრონული ხმის მიცემის წესი, ამომრჩევლის რეგისტრაციის წესი. უბნებზე ტარდება კენჭისყრა, მონაცემები შედის ცესკო-ში, რომელიც ზუსტად ერთ საათში ქვეყნდება ცესკო-ს ვებგვერდზე. რეალურად, ცესკო-მ სულ რომც მოინდომოს, არავითარი მანიპულაციის რესურსიც კი არ აქვს. ერთადერთი, რაც შეიძლება, თეორიულად გაფუჭდეს ცესკო-ში, ეს არის თეორიული შემთხვევა, როდესაც ცესკო-ს აკონტროლებს ოპოზიცია და მათ ეს სტრუქტურა შეიძლება, გამოიყენონ საბოტაჟისთვის. რაც შეეხება იმ ვითარებას, რომ ცესკო-ს წევრებს არ აქვთ საბოტაჟის ინტერესი, მათ, უბრალოდ, არაფრის გაფუჭებაც კი არ შეუძლიათ თეორიულად. აქედან გამომდინარე, ყველა ეს საუბარი არის სპეკულაცია. ვინმეს თუ სურს ცესკო-ში ხელოვნური ინსტიტუციური კრიზისის შექმნა, ვხედავთ, მას რა ამოძრავებს, ამოძრავებს ის ინტერესი, რომ რამენაირად სერიოზული პრობლემები შექმნას პოლიტიკური პროცესების განვითარების კუთხით“, – აღნიშნა კობახიძემ.
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე სალომე ზურაბიშვილის მიერ დადებულ ვეტოზე იმსჯელებენ.
მისივე თქმით, ცესკო-ს დღეს მოქმედი წესი არის გაუმართლებელი.
„პრეზიდენტის მხრიდან უკვე არაერთხელ ვიხილეთ საკმაოდ უსაფუძვლო და უსამართლო ვეტოები. პრეზიდენტის მორიგ ვეტოს გავეცნობით და ვიმსჯელებთ, რა შეიძლება იყოს ამის საპასუხო, თუმცა ცესკო-ს დაკომპლექტების დღეს მოქმედი წესი არის გაუმართლებელი. ფერხდება სახელმწიფო ინსტიტუტის მუშაობა. მნიშვნელოვანია, ცესკო-ს მუშაობა გამართული იყოს, რათა ქვეყანაში არჩევნები ნორმალურად ჩატარდეს, ადმინისტრაცია ფუნქციონირებადი იყოს. ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რაც საქართველოს ინტერესებს სჭირდება“, – განუცხადა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველ არხს.
პრეზიდენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ვეტო დაადო და პარლამენტს სთავაზობს ცესკოს თავმჯდომარე და წევრები არანაკლებ 90 ხმით აირჩეს.