საქართველოს პრეზიდენტს რომელსაც საპრეზიდენტო ვადა წლის ბოლოს ეწურება პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 2024 წლის 6 თებერვალს წარდგება
ოპოზიცია და მმართველი გუნდი პარლამენტში მისვლას და პრეზიდენტის მოსმენას გეგმვს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც საპრეზიდენტო ვადა წლის ბოლოს ეწურება, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 2024 წლის 6 თებერვალს წარდგება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
“როგორც იცით, პარლამენტის რეგლამენტით, მათ შორის ბოლო ცვლილების საფუძველზე, დადგენილია, რომ პრეზიდენტის მოხსენება საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, უნდა შეთანხმდეს პარლამენტის თავმჯდომარესთან. პრეზიდენტმა განაცხადა თანხმობა, რომ ის პირველ სხდომაზე მოვა და შესაბამისად, 6 თებერვალს იქნება მისი ყოველწლიური მოხსენება”, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენების წარსადგენად ბოლოს 2023 წლის 31 მარტს მივიდა. მას შემდეგ მის წინააღმდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ იმპიჩმენტის პროცედურაც დაიწყო, თუმცა პარლამენტში საჭირო 100 ხმა ვერ მოაგროვა.
ხედავთ, რომ პრეზიდენტი ფაქტობრივად ოპოზიციურ ფლანგზეა გადასული -რა თქმა უნდა, დავესწრებით პრეზიდენტის მოსმენას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა, რომ პარლამენტში მოვიდეს და წლიური ხედვა წარმოადგინოს.
„ვხედავთ, რომ პრეზიდენტი ფაქტობრივად ოპოზიციურ ფლანგზეა გადასული, რა ექნება კონკრეტულად სათქმელი გამოსვლის დროს ვერ გეტყვით, შეიცვლის პოზიციას პრეზიდენტი და გახდება როგორც ნეიტრალური, თუ არა მისი გადასაწყვეტია. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, დავესწრებით“,-აღნიშნა ქადაგიშვილმა.
მან ოპოზიციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია არ არის ახლოს „მესამე ძალის“ რეალურ მცნებასთან.
„რა მოცემულობაც ჩანს ქართულ პოლიტიკურ ველზე, არცერთი არ არის ახლოს „მესამე ძალის“ რეალურ მცნებასთან. ერთი „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელიც მრავალ სეგმენტად დაიშალა. არჩევნები მოდის და დაშლილი სეგმენტები ცდილობენ რაღაც კონფიგურაციით დალაგდნენ, რაღაც შედეგამდე მივიდნენ. საერთო ამომრჩევლის გაყოფაზეა საუბარი. რაც არ უნდა კონფიგურაციები შეიცვალონ, მათი პოლიტიკური წარსული არ ქრება, არც პოლიტიკური დანაშაულებზე მოუხდიათ ბოდიში, არც პოლიტიკური ქცევა შეცვლილა. რაიმე განსაკუთრებული სიახლე, ალტერნატივა არ ჩნდება“,-აღნიშნა ქადაგიშვილმა.
„ქართული ოცნების“ პრეზიდენტები იმით გამოირჩევიან, რომ მათ ქვეყნისთვის არაფრის კეთების არანაირი ამბიცია არ გააჩნიათ, მაგრამ საკუთარი ვადის მეორე ნახევარში სულ უჩნდებათ ამბიცია, რომ ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ წაეკინკლაონ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
კითხვაზე, თუ რა მოლოდინი აქვს 6 თებერვალს, პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის ანგარიშის წარდგენიდან, ხომ არ შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ პოზიცია შეიცვალოს და ბოიკოტის გამო სხდომათა დარბაზი დატოვოს, ხვიჩია ასე პასუხობს: „სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს, რას იზამს, რადგან საქართველოს პრეზიდენტს პრეზიდენტობა არ უნდა“.
„მას საშუალება ჰქონდა, თავისი პრეზიდენტობის რამდენიმე წლიან ვადაში ერთი მნიშვნელოვანი საქმე მაინც გაეკეთებინა ქვეყნისთვის, ისევე, როგორც წინა პრეზიდენტს, ბატონ მარგველაშვილს ჰქონდა ამის შანსი, მაგრამ „ქართული ოცნების“ პრეზიდენტები იმით გამოირჩევიან, რომ მათ არანაირი ამბიცია არ გააჩნიათ ქვეყნისთვის არაფრის კეთების, მაგრამ სულ უჩნდებათ ამბიცია, რომ წაეკინკლაონ ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ საკუთარი ვადის მეორე ნახევარში. ეს შეთანხმებული მგონია, წინა შემთხვევაშიც, შეთანხმებული მეგონა და ახლაც ვფიქრობ, რომ მარგველაშვილიც შეთანხმებული იყო „ქართულ ოცნებასთან“ თამაშის იმ წესებზე და ჩარჩოების ფარგლებში მოქმედებდა. ზუსტად იგივე მგონია ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა ხვიჩიამ
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 6 თებერვალს წარდგება.