საქართველოს პროკურატურამ სოფელ ქეშალოში მკვლელობის ფაქტზე ბრალი ერთ პირს წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ბრალი ერთ პირს წარუდგინა.
უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 ნოემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში, ვალთან დაკავშირებით წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების დროს, ბრალდებულმა დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
33 წლის მამაკაცს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდების მხარე, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.