საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდში დაკავებულ ორ პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდში დაკავებულ ორ პირს ბრალი წარუდგინა. საგამოძიებო ორგანოს განმარტებით, მათი ბრალი ავტომანქანაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის მონტაჟის გზით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მომზადებას და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და ტარებისთვის ედებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 მარტს, ზუგდიდში, ჯ.ქ. და ბ.თ. წარსულში არსებული დაპირისპირების გამო ჯ.დ.-ს მკვლელობის მიზნით, მის სარგებლობაში არსებულ ავტომანქანაზე ასაფეთქებელი მოწყობილობების ხელყუმბარების დამონტაჟებას ცდილობდნენ.
სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ასაფეთქებელი მოწყობილობის მონტაჟის დროს დააკავეს. მათი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ორი ხელყუმბარა.
დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 18.109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება, ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.