საქართველოს ყოფილ პრეზიდენტის სასამართლო პროცესი 29 დეკემბერს გაგრძელდება.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მომდევნო პროცესი 29 დეკემბერს გაიმართება. სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.
ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად რთულია და სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, პროცესები ყოველდღიურად ჩანიშნულიყო.
თუმცა, მოსამართლემ აღნიშნა, რომ პროცესების ყოველდღიურად ჩანიშვნა შეუძლებელია.
„ერთი მოწმის დაკითხვას დღეს მთელი დღე მოვანდომეთ და სხვა საქმეები, რომლებიც დღეს დანიშნული მქონდა, გადავდე. ყოველ დღე დანიშვნა ფიზიკურად შეუძლებელია. შუამდგომლობის განხილვის მკაცრად განსაზღვრული ვადები არ არსებობს, არ ვართ აქ შეზღუდული და ისიც გასათვალისწინებელია, ეს მასალა და ამ რაოდენობის მოწმეები საჭიროებს რამდენიმე სხდომას“, – განაცხადა მოსამართლემ.
დღეს, 7 თვის შემდეგ პირველად, სააკაშვილი სასამართლო პროცესს დისტანციურად დაესწრო. პროცესზე მისთვის სასჯელის მოხდის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას განიხილავდნენ.
ადვოკატები და ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საზრვარგარეთ მკურნალობა სჭრიდება.
მიხეილ სააკაშვილი დიდი ხანია ითხოვდა, რომ ის სასამართლო პროცესს დაასწრონ, თუმცა სხვადასხვა მიზეზით მას ამის უფლება არ მისცეს. ვივამედის ექიმები აცხადებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ის პროცესს ფიზიკურად დაესწროს. 14 დეკემბერს კი, როდესაც დაცვის მხარემ დისტანციური დასწრების უზრუნველყოფა მოითხოვა, პენიტენციურ სამსახურში განაცხადეს, რომ ეს ტექნიკურად ვერ ვერ, რის გამოც პროცესი ერთი კვირით გადაიდო.
ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს.
რაც შეეხება ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნას, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მე-4 ხარისხის კახექსიით არის შეფასებული და ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.
14 დეკემბერს ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციაში, მათ შორის, საუბარია მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივა მიხეილ სააკაშვილის საკითხის მოსაგვარებლად.
სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები მის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ – 12 დეკემბერს სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე კი, ევროპარლამენტარებმა მირიამ ლექსმანმა და ანა ფოტიგამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გათავისუფლდეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
უკრაინის პრეზიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მიმართა და მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდა. გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ “ის, რაც ახლა სააკაშვილის მიმართ ხდება, სისასტიკეა”.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს სახელმწიფოს და ექიმების ინტერესი არის, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს ჯანმრთელი რადგან მას კიდევ ხუთი წელი აქვს მოსახდელი.
“ქართულ ოცნებაში” ფიქრობენ, რომ სააკაშვილის მეგობრების ე.წ. ინტერესია, რომ ის რაც შეიძლება დაუძლურდეს, რომ რამენაირად გაიყვანონ ციხიდან.
დღეს ჩვენ ვნახეთ მორიგი სიმულაცია, თუმცა, როგორც ჩანს, ამასაც სჭირდება ნიჭი და ეს იყო ძალიან უნიჭო სიმულაცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა სასამართლო პროცესზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვას.
კობახიძის შეფასებით, სააკაშვილის წონის კლება გამოიწვია „შერჩევითმა კვებამ“ და კუჭის ოპერაციამ.
პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დროში ხელოვნურად გაწელვის განზრახვა ჩანს.
როგორც ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, სასამართლოს დადებითი გადაწყვეტილებაც კი საბედისწერო იქნება სააკაშვილისთვის, თუ ის დროში გაიწელება.