საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტია 2024 წლის არჩევნებისთვის არცერთ პარტიასთან არ გაერთიანდება
"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი ეკა ბესელია არ გამორიცხავს ოცნების ყოფილ წევრებთან გაერთიანდეს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის” აცხადებს, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ გაერთიანდება.
„ჩვენი გუნდი 2024 წლის არჩევნებისთვის არცერთ პარტიასთან არ გაერთიანდება. წერტილი!” – ვკითხულობთ პარტია „საქართველოსთვის” „ფეისბუკის” გვერდზე.
20 ივლისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებმა ერთიანი პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შესახებ გამოაცხადეს. როგორც ისინი აცხადებენ, ერთიანი მიდგომა ექნებათ „ქართული ოცნების” დასამარცხებლად.
“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, ეკა ბესელია არ გამორიცხავს მმართველი პარტიის ყოფილი წევრების, მათ შორის გიორგი გახარიასთან გაერთიანებას.
საუბრისას, ეკა ბესელიამ ყოფილ პრემიერმინისტრთან დაკავშირებით თქვა, რომ გახარიას ახალი პროცესის შექმნის რესურსი და გამოცდილება აქვს.
ორი არჩევანი არ უნდა დავუტოვოთ ამომრჩეველს, მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ეს არის ის, რაც, მგონი, ყველამ გავიგეთ, ამიტომ ახლა რა მიმართულებითაც გვექნება კონსულტაციები, რაც გვაქვს, არის ის, რომ ამომრჩეველს სხვა არჩევანი ჰქონდეს, – ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.
ბესელიას თქმით, ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის კონფიგურაციის ჩამოყალიბების იდეას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და აღნიშნა, რომ კონსულტაციები აქვს „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრებთან.
„ერთ-ერთი არჩევანი კონფიგურაციაა, რაც მე ძალიან საინტერესოდ მეჩვენება და ამ იდეას ჰყავს სხვა მხარდამჭერებიც. სხვათა შორის, დიდი ხანია, ამაზე გიორგი გახარია თავადაც საუბრობს. ეს არის არა „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ გაერთიანება, არამედ ალტერნატივა, სადაც ის ადამიანები, პოლიტიკოსები, პარტიები, შეიძლება, სამოქალაქო აქტივისტებიც მოვიაზროთ, ვისაც უფრო მეტი საერთო აქვს წარსულში. ასეთი შეიძლება, იყოს სწორედ „ქართული ოცნების“ სათავეებთან, პარტიის შექმნამდე ვინც გვყავდა თანამოაზრე ან იმის შემდეგ ვინც იყო და აღარ არიან. ვფიქრობ, ასეთი ტიპის კონფიგურაცია იქნებოდა საინტერესო, ამომრჩევლისთვისაც ერთ-ერთი ალტერნატივა იქნებოდა. განსაკუთრებით იმ ამომრჩევლისთვის, ვინც იყო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და დღეს აღარ არის.
მე მაქვს კონსულტაციები იმ ადამიანებთან, ვინც იყო „ქართულ ოცნებაში“. გვარებს დღეს არ ვასახელებ. ამ ადამიანებს ვესაუბრე და აღმოჩნდა, რომ არიან ამ იდეის მხარდამჭერები. კომუნიკაცია მაქვს გიორგი გახარიასთან და ყოველთვის მქონდა ჯანსაღი ურთიერთობა. მასში ვხედავ იმ პოტენციალს და რესურსს, რომელიც ძალიან სჭირდება ამ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის კონფიგურაციის ჩამოყალიბებას. ბუნებრივია, მასთანაც გავაგრძელებ კონსულტაციებს და სხვებთანაც“, – აღნიშნა ბესელიამ.
შეკითხვაზე, გიორგი გახარიას მხრიდან არის თუ არა მზადყოფნა ერთობაზე, ბესელიამ განაცხადა:
„ჩვენ არ ვიცით, რა ფორმა შეიძლება, ჰქონდეს მომავალში ამ დიალოგს და ამაზე ჯერ ადრეა საუბარი. ჯერ ვსაუბრობთ იდეაზე ბევრ სხვადასხვა ადამიანთან, ვისთანაც ბევრი საერთო გვაქვს. ვნახოთ, რა გამოვა. მათთანაც ვსაუბრობთ, ვინც არ არის „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ჯერჯერობით ვერ გეტყვით, ვისთან“, – განაცხადა ბესელიამ.
პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრებმა გაერთიანება შექმნან.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ამ გაერთიანებაში ვიხილოთ სხვა ყოფილი პრემიერმინისტრები, ბესელიამ თქვა, რომ გამორიცხული არაფერია.
ეკა ბესელია დღეს პოლიტიკურად აქტიური არ არის. სავარაუდო ვირტუალურ სამყაროს ხატავს, – ასე გამოეხმაურა მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი ეკა ბესელიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრებმა გაერთიანება შექმნან.
გურამ მაჭარაშვილის თქმით, ვინც არ უნდა გაერთიანდეს, შანსი არ ექნება არავის, როცა ქვეყნის ინტერესები არ ამოძრავებთ.
„ბესელიამ თქვა, შეიძლება გავერთიანდეთო. ბესელია ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში აქტიურ პოლიტიკაში არ არის. მან თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები შეიძლება, გაერთიანდნენო. ამ ვირტუალურ სამყაროზე კომენტარი როგორ გავაკეთო? ვინც არ უნდა გაერთიანდეს, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი იქნება თუ არა, შანსი არ აქვთ. შანსი არავის ექნება, როცა საზოგადოება ხედავს, რომ, ხელისუფლების საპარლამენტო უმრავლესობის გარდა, საქართველოს სამშვიდობოს გაყვანა არავის აინტერესებს. შანსი არ აქვთ და ხმებს როგორ წაგვართმევენ?“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების გაერთიანება პერსპექტიულად მაინცდამაინც არ მესახება, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის, ეკა ბესელიას განცხადებას, რომლის მიხედვით, ბესელია არ გამორიცხავს, „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრებმა გაერთიანება შექმნან.
სარჯველაძის თქმით, არ ჰგონია, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით ეს იქნება პლატფორმა, რომელსაც შეიძლება, დიდი და სერიოზული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.
„საქმე რაშია, იცით? მგონია, რომ პოლიტიკოსები, ადამიანები, რომლებიც იყვნენ პოლიტიკაში და სურვილი აქვთ, დაბრუნდნენ, ეს მათი ნებაა, ვისთან ერთად გაერთიანდებიან და რას გააკეთებენ, მაგრამ ასეთი დაჯგუფების მცდელობა, „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების გაერთიანება, სიმართლე გითხრათ, პერსპექტიულად მაინცდამაინც არ მესახება, თუმცა, ეს მათი ნებაა, როგორც უნდათ, ისე გადაწყვიტონ. ამ მიმართულებით მაინცდამაინც დიდი პერსპექტივები და გათვლები ალბათ არ იქნება სერიოზული, თუკი ეს გაკეთდება, რადგან არ მგონია, პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს იყოს ისეთი პლატფორმა, რომელსაც შეიძლება, დიდი და სერიოზული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, რადგან იმ ფონზე, როდესაც არსებობს „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში, იმას დაკავებული აქვს გარკვეული სეგმენტი, ოპოზიციური განწყობის ადამიანების გარკვეული ექსკლუზივის მატარებელია, არსებობს „ქართული ოცნება“, სახელისუფლებო პარტიის სახით, რომელსაც შენარჩუნებული აქვს იმ დიდი მხარდაჭერის უდიდესი ნაწილი საზოგადოების მხრიდან, რომელიც გააჩნდა 2012 წლიდან. მიუხედავად ცალკეული პოლიტიკოსების პარტიიდან წასვლისა, რეალურად ამას არ მოუხდენია გავლენა „ქართული ოცნების“ ელექტორატის შემადგენლობაზე. აქედან გამომდინარე, არ მგონია, „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების სიმრავლე რომც მოგროვდეს, მას პირდაპირპროპორციულად ექნება იმ ადამიანების მხარდაჭერა, ვინც „ქართული ოცნების“ მომხრეებად განიხილებიან. მაგალითისთვის ვამბობ და არავითარი ნიშნის მოგებით, ჭიჭინაძე იყო „ქართულ ოცნებაში“, წავიდა. როგორ ფიქრობთ, მის წასვლით „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი უკმაყოფილო დარჩა და შეიძლება, წავიდეს და ჭიჭინაძის ამომრჩეველი გახდეს?!“ – განაცხადა სარჯველაძემ.
კითხვაზე, რას ფიქრობს იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები შესაძლოა, გაერთიანდნენ, სარჯველაძემ განაცხადა:
„გაერთიანდნენ. იცით, რა არის, „ოცნებაში“ ყოფნა არ ნიშნავს, რომ ზუსტად იმავე პროპორციის მხარდაჭერა გაქვს საზოგადოების მხრიდან, რადგან „ოცნების“ მიმართ მხარდაჭერასა და სიმპათიას საზოგადოების მხრიდან განაპირობებს არა ცალკეული ფიგურების ერთობლიობა, უბრალოდ მექანიკური ერთობლიობა, არამედ სხვა გარემოებები და ვფიქრობ, ეს გამორიცხულია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში პირველად ჩატარდება სრულად პროპორციული წესით. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში 5-პროცენტიან ბარიერს გადალახავენ. 2024 წლის არჩევნებში აკრძალულია საარჩევნო ბლოკების შექმნა.