მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, პრაღაში მიმდინარე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში, უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილმა უკრაინელ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ ომი მალე დასრულდება და ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა დაისადგურებს.

“შევხვდი ჩემს უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას. კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლების ძირითადი სფეროები”, – წერს დარჩიაშვილი.

„მინისტრმა ხაზი გაუსვა ასოცირებული ტრიოს როლს რეგიონში და სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესს. მინისტრები მიესალმნენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მიწვევას, როგორც ამ ქვეყნების მიმართ ევროკავშირის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერის გამოხატულებას. აღინიშნა ევროკომისიის გადაწყვეტილება ტრიოს ქვეყნებისთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის თაობაზე, მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნების მხრიდან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საკითხზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
კულება აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა ორმხრივი საკითხი და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი.

„პრაღაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში შევხვდი ჩემს ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს. განვიხილეთ სხვადასხვა ორმხრივი საკითხი, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი“, – წერს დმიტრო კულება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის – ჩეხეთის მიწვევით, 30-31 აგვისტოს, ქ. პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ ე.წ გიმნიხის შეხვედრაში მონაწილეობს.
ცნობისთვის, შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს და მთავარი განსახილველი თემა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაა.

შეხვედრის ფარგლებში ასევე იგეგმება აუდიენცია ასოცირებული ტრიოს წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, მათ შორის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან.

მსგავსი პოსტები

Back to top button