მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო პრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტიების სარჩელები 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობაზე

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო პრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტიების სარჩელები 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობაზე. 9-კაციანი პლენუმის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და განსხვავებული აზრი დაწერა ორმა მოსამართლემ: თეიმურაზ ტუღუშმა და გიორგი კვერენჩხილაძემ. მათი დასაბუთება ჯერ არ არის ატვირთული სასამართლოს ვებსაიტზე.

გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებსაიტზე დღეს, 3 დეკემბერს, გამოქვეყნდა. პლენუმმა გადაწყვეტილება 29 ნოემბერს მიიღო.

რას ითხოვდნენ პრეზიდენტი და პოლიტიკური პარტიები
საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს პრეზიდენტმა სარჩელით 19 ნოემბერს მიმართა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა ფარულობის, საყოველთაობისა და თავისუფალი არჩევნების ჩატარების უფლებების დარღვევის გამო.

პრეზიდენტი თავის სარჩელში აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ორი კონსტიტუციური პრინციპი დაირღვა (საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი):

ხმის მიცემის ფარულობა – პრეზიდენტი იზიარებს ფართოდ გავრცელებულ შეშფოთებას იმის შესახებ, რომ ბიულეტენის უკანა მხრიდან მელნის გაჟონვამ ცხადყო, რომელ პარტიას მისცა ამომრჩეველმა ხმა;
ხმის მიცემის საყოველთაობა – პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების ხმის მიცემის უფლება სახელმწიფომ უგულებელყო იმით, რომ არ უზრუნველყო მათ მიერ ხმის მიცემის უფლების გამოყენება.
იდენტური სარჩელი მოამზადეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმაც და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს. სასამართლომ ორივე სარჩელი გაერთიანებულად განიხილა.

მომჩივნები საარჩევნო აქტების, მათ შორის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას მოითხოვდნენ, რაც დაკმაყოფილების შემთხვევაში ხელახალი არჩევნების ტოლფასი იქნებოდა.

როგორ ასაბუთებს პლენუმი უარს სარჩელების განხილვაზე?
პლენუმის შვიდმა მოსამართლემ მიიჩნია, რომ პრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტიების სარჩელები არ იყო დასაბუთებული და არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც სარჩელების საფუძვლიანობას დაადასტურებდა.

ამასთან, მათში გამოკვეთილი არ იყო აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვდა სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას.

ხმის მიცემის საყოველთაობა
საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლების დარღვევაზე საკონსტიტუციო სასამართლომ დაწერა:

“მოქალაქეთა არჩევნებში მონაწილეობა, თავისთავად, დაკავშირებულია გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან, მოქალაქეებს, ბუნებრივია, უწევთ საარჩევნო უბნებთან მისვლა, მოქმედი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ფლობა, მარკირების გავლა და სხვა.

ამდენად, არჩევნებში მონაწილეობაზე გარკვეული ბარიერის დაწესება, მათ შორის, ამა თუ იმ ადგილას საარჩევნო უბნის გაუხსნელობა, თავისთავად, საარჩევნო უფლების დარღვევაზე არ მიუთითებს.

უფლების დარღვევა შესაძლოა, სახეზე იყოს იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ სახელმწიფოს, გონივრული რესურსების გაწევის პირობებში, ჰქონდა შესაძლებლობა, საზღვარგარეთ მოეხდინა საარჩევნო გეოგრაფიის უფრო ფართო დაფარვა, დამატებით ლოკაციებზე საარჩევნო უბნების გახსნა არჩევნების სათანადოდ ორგანიზების პირობით და მან ეს არ განახორციელა. სწორედ ხსენებული გარემოება უნდა ყოფილიყო სათანადოდ დასაბუთებული კონსტიტუციურ სარჩელში.”

სამოტივაციო ნაწილში საკონსტიტუციო სასამართლო წერს, რომ მხოლოდ უბნის გახსნა საარჩევნო უფლების რეალიზაციისთვის საკმარისი არ არის და ამომრჩევლებმა ხმა უნდა მისცენ ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში, რაც არჩევნების სათანადო ორგანიზებასთანაა დაკავშირებული:

„საზღვარგარეთ, ამა თუ იმ მოქალაქეთა ფაქტობრივ საცხოვრებელთან ახლოს, არასათანადოდ ორგანიზებული უბნის ფორმალურად გახსნა ვერ იქნება კონსტიტუციით დაცული საარჩევნო უფლების მოთხოვნა. უბნის გახსნასთან ერთად, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ამ უბანზე არჩევნების სათანადოდ ორგანიზება და მოქალაქეთა მიერ არჩევანის თავისუფალ გარემოში გაკეთების შესაძლებლობა.

შესაბამისად, საქართველოს დიპლომატიური დაწესებულების არმქონე ქალაქებში დამატებითი უბნების სწორედ ზემოხსენებული პირობებით გახსნის შესაძლებლობა უნდა დასაბუთდეს, რათა წარმოჩინდეს, რომ უბნების გაუხსნელობა პოტენციურად ქმნის საარჩევნო უფლების დარღვევის სერიოზულ რისკს”.

საკონსტიტუციო სასამართლო აგრძელებს, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნის გასახსნელად შენობის მოძებნის გარდა, საჭიროა უბნის მოწყობაც, მათ შორის იგულისხმება კომისიების დაკომპლექტება.

„ადამიანური რესურსის მობილიზება უნდა უზრუნველყოს არა მხოლოდ სახელმწიფომ, არამედ პოლიტიკურმა პარტიებმაც. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე ვალდებული იყო სარჩელში დაესაბუთებინა, რომ უცხოეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის არმქონე დასახლებებში, სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიებს მსგავსი რესურსის მობილიზების გონივრული შესაძლებლობა გააჩნიათ”, – წერს საკონსტიტუციო სასამართლო და ამატებს, რომ

„აღნიშნულის საპირისპიროდ, მოსარჩელე მხარე უბრალოდ მიუთითებს, რომ ცესკოს მიერ რიგ ქალაქებში საარჩევნო უბნების გაუხსნელობის გამო, უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს გაურთულდათ არჩევნებში მონაწილეობა“.

სასამართლომ მიიჩნია, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ამომრჩევლების დისკრიმინაციაზე მითითება მოსარჩელეების მხრიდან ასევე დაუსაბუთებელია, რადგან შეუძლებელია საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ხელმისაწვდომობა იმ ხარისხით, როგორც ეს საქართველოშია. უფრო მეტიც, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოსა და საზღვარგარეთს ერთმანეთს ვერ შევადარებთ.

„მაგალითად, მხოლოდ ევროკავშირისა და აშშ-ის ტერიტორია, დაახლოებით, ორასჯერ აღემატება საქართველოს ტერიტორიას, ამდენად, საზღვარგარეთ 3 000 უბანიც რომ გაიხსნას, მოქალაქეებისათვის უბნამდე მისასვლელი საშუალო მანძილი მაინც ორასჯერ მეტი იქნება, ვიდრე ეს საქართველოშია“, – წერია სამოტივაციო ნაწილში.

პლენუმმა მიიჩნია, რომ საზღვარგარეთ შეუძლებელია უბნების ისე გახსნა, რომ მათ შორის დაშორება რამდენიმე ასეული კილომეტრი არ იყოს.

„შესაბამისად, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის საცხოვრებელი ადგილიდან საარჩევნო უბნებზე გასავლელ მანძილებს შორის არსებითი განსხვავების არსებობაც ასევე აუცდენელია. ამდენად, მოსარჩელე მხარის მიერ მოქალაქეებს შორის დისკრიმინაციაზე მითითება არ უკავშირდება არც სადავო ნორმების მიზნებს და არც მათი მოქმედების შედეგებს“.

ხმის მიცემის ფარულობა
გარდა ამისა, პლენუმმა მიიჩნია, რომ ცესკოს ის სამართლებრივი აქტები, რომლებზე დაყრდნობითაც მოსარჩელეები(პრეზიდენტი და პოლიტიკური პარტიები) ამტკიცებენ, რომ ფარულობის უფლება დაირღვა, პირიქით, ფარულობის დაცვას ადასტურებს;

„სადავოდაა გამხდარი ცესკოს აქტები კენჭისყრის პროცედურის განსაზღვრის შესახებ. არც ერთი ზემოთ ხსენებული ნორმა არ მიუთითებს, რომ არჩევნების პროცესში, რაიმე ფორმით, დასაშვებია ხმის მიცემის ფარულობიდან გადახვევა ან/და ბიულეტენის/მარკერის იმ ფორმით შერჩევა, რომ არჩევანის გაკეთების შემდეგ იგი აღქმადი იყოს ბიულეტენის ორივე მხრიდან.

აღნიშნულის საპირისპიროდ, სადავო ნორმები პირდაპირ მიუთითებს ფარულობის დაცვის აუცილებლობაზე და მათი როგორც შინაარსი, ასევე სულისკვეთება აშკარად მიმართულია კენჭისყრის ჩატარებისას ფარულობის უზრუნველყოფისკენ.“

საკონსტიტუციომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ვალდებული იყო დაესაბუთებინა, რომ ხმის ფარულობა კენჭისყრის პროცედურების გამო დაირღვა, რომ ამ დოკუმენტზე დაყრდნობით კენჭისყრის ჩატარება ფარულობის დაცვით, შეუძლებელი იყო.

„აშკარაა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა მიემართება საარჩევნო ადმინისტრაციის ქმედებებს (ბიულეტენის ან/და მარკერის შერჩევას) და არა თავად სადავო ნორმების შინაარსს“, – წერია გადაწყვეტილებაში.

„ქართული ოცნება“ რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დალოდებოდა, მე-11 მოწვევის პარლამენტი ახლა შეიკრიბებოდა და მოიხსნებოდა კითხვებიც უფლებამოსილების ცნობის კონსტიტუციურობაზე. პარლამენტის რეგლამენტში წერია, რომ სანამ მანდატების კანონიერება სასამართლოშია გასაჩივრებული, პარლამენტის უფლებამოსილებას ვერ ცნობენ. „ქართული ოცნება“ არ დაელოდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და 25 ნოემბერს შეიკრიბა.
ცესკოს მონაცემების თანახმად, მე-11 მოწვევის პარლამენტში “ქართულ ოცნებას” 150-დან 89 მანდატი აქვს, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას – ჯამში 61 მანდატი:

„კოალიციას ცვლილებისთვის“ – 19 მანდატი;
„ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ – 16 მანდატი;
„ძლიერ საქართველოს“ – 14 მანდატი;
„გახარია საქართველოსთვის“ – 12 მანდატი.
საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული “სერიოზული ეჭვები”.

მსგავსი პოსტები

Back to top button