საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ერთდროულად იმართება ქალების მსვლელობა
„ქალები რეჟიმის წინააღმდეგ” - ამ ლოზუნგით, გამოცემა „ბათუმელების“ ოფისთან, ქალები საპროტესტო აქციას მართავენ

ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს ქალები საქართველოში საპროტესტო მარშებით ხვდებიან. საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ერთდროულად იმართება ქალების მსვლელობა.
რამდენიმე წუთში ქალების მარშის მონაწილეები, რომლებმაც რესპუბლიკის მოედანზე სიმბოლურად “გისოსები” მიიტანეს, რუსთაველის გამზირისკენ დაიძვრებიან.
„ამ პროტესტს ქალის ხმა აქვს! შემოგვიერთდით და ერთად გავაგონოთ რეჟიმს გაბრაზებული ქართველი ქალების ხმა!” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ქალთა მოძრაობა ავრცელებს და შენიშნავს, რომ 2025 წლის 8 მარტს საქართველო პირველად ხვდება ქალ პოლიტპატიმართან ერთად:
„ მზია ამაღლობელი, ავტორიტარული რეჟიმის მსხვერპლი და თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა დღეს და მასთან ერთად, არც სხვა ქალები ვეგუებით საქართველოში ჩამოყალიბებულ ავტორიტარიზმსა და პოლიციურ რეჟიმს, რომელმაც დაამწყვდია უდანაშაულო ადამიანები ციხეში, უგულებელყო საქართველოს კონსტიტუცია და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, შეურაცხყოფას აყენებდა მოშიმშილე მზია ამაღლობელს, აწამა მშვიდობიანი მანიფესტანტები და თავისი ყოველდღიური ქმედებით მიჰყავს საქართველო სულ უფრო და უფრო ღრმა კრიზისამდე“, – წერია განცხადებაში.
საპროტესტო მარშს უერთდებიან პროევროპულ აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების დედებიც.
თბილისში მსვლელობის მონაწილეები გეგმავენ მსვლელობას პირველი რესპუბლის მოედნიდან პარლამენტისკენ, სადაც უწყვეტ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან, რომელიც უკვე 101 დღეა გრძელდება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, დროულად მოხდეს დაკავებულთა გათავისუფლება და ხელახლა დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები.
საპროტესტო აქციას, ქალები გამოცემა “ბათუმელების” ოფისიდან მარშით შეუერთდნენ.
ისმის შეძახილები – “ცეცხლი ოლიგარქიას”, “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”.
“რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძვით, არალეგიტიმური ხელისუფლება თავისუფლებისთვის მებრძოლებს უკანონოდ აკავებს, რასაც კატეგორიულად ვგმობთ! გვინდა ევროპული მომავალი! ჩვენ მშვიდობიანი პროტესტი გვაქვს”,- აცხადებენ შეკრებილები.
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბერლინში დაპატიმრებული ჟურნალისტი ქალების სოლიდარობის აქცია გაიმართა, სადაც მზია ამაღლობელის ფოტოებიც მიიტანეს.
აქციაზე მზიას ფოტოთი იმყოფებოდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი:
8 მარტს ვულოცავ ყველა ქალს, ვინც ითხოვს საკუთარი და შვილების უფლებებს, და ვინც გულგრილი არ არის ქვეყნის მომავლის მიმართ. მოვითხოვთ ჩვენი 8 გმირი ქალის ჟურნალისტის თავისუფლებას, რომლებიც უშიშრად ამხელენ რეჟიმების უკანონობას.” წერს მუხთარლი.