საქართველოს თასი ხელბურთში “შავი ზღვის ბიჭებმა” მოიპოვეს.

ფინალურ დაპირისპირებაში ბათუმელებმა ქვეყნის ჩემპიონი ტექნიკური უნივერსიტეტი 20-19 დაამარცხეს.

ბათუმის სახელბურთო კლუბმა, რომელმაც 2013 და 2014 წლებში ორჯერ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის მედლები, პირველი ტიტული მოიგო. გუნდს ყველაზე დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავდა და სამწვრთნელო შტაბში დაიმატა გამოცდილი მამუკა მჟავანაძე, ხოლო ფინალში საუკეთესო იყო საქართველოს ნაკრების წევრი უჩა მაისურაძე.

საქართველოს თასის გათამაშებაში 10 გუნდი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ 1996 წლის შემდეგ, სახელბურთო მატჩი სატელევიზიო სივრცით პირველად გადაიცა.

ახლა საქმეში უკვე ეროვნული ნაკრები ერთვება. ახალი მწვრთნელი, ლევან გელაშვილი მის მიერ შერჩეულ მოთამაშეებს ორშაბათიდან გლდანის აკადემიაში შეკრებს. ოქტომბრის ბოლოს გუნდს ლეგიონერები დაემატებიან. 4 ნოემბერს კი ნაკრები თელ-ავივში მიემგზავრება, სადაც მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ისრაელის, პორტუგალიისა და ესტონეთის წინააღმდეგ ითამაშებს.

ცნობისთვის, პლეი ოფში მხოლოდ ერთი გუნდი გადის.

შეგახსენებთ, რომ 2015-16 სეზონის საქართველოს ჩემპიონატი ნოემბრის მეორე ნახევარში დაიწყება.

მსგავსი პოსტები

Back to top button