საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინის ვიზიტს ისტორიულს უწოდებს
აშშ-ს თავდაცვის მდივნის საქართველოში ვიზიტს ისტორიულს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანს უწოდებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. ჯუანშერ ბურჭულაძე ლოიდ ჯეინ ოსტინს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკის ელჩთან ერთად დახვდა.
“დღეს დაიწყო მაღალი დონის ვიზიტი. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რა ეტაპზეა ჩვენი ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან. ხელს მოვაწერთ ურთიერთანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცების დოკუმენტს, ასევე, მოვინახულებთ ერთ-ერთ სამხედრო ბაზას. ეს ვიზიტი არის ისტორიული და არის ძალიან ნათელი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ,”-აცხადებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.
დღესვე, პენგატონის ხელმძღვანელს ჯუანშერ ბურჭულაძე სამინისტროში უმასპინძლებს. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, ქართველი და ამერიკელი კოლეგები ორმხრივ შეხვედრას გამართავენ.
დაგეგმილია საქართველოსა და ამერიკის უწყებებს შორის შეთანხმების გაფორმება, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ითვალისწინებს. ლოიდ ოსტინი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრს; დაესწრება ამერიკელი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ერთობლივ სწავლებას.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ლოიდ ოსტინი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე 2020 წლის დეკემბერში წარადგინა. ოსტინი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა 2021 წლის 22 იანვრიდან, სენატის მიერ მისი კანდიდატურის დამტკიცების შემდეგ.