მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს, უკრაინის, ბელარუსისა და მოლდოვას დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი დაცული უნდა იყოს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საქართველოს, უკრაინის, ბელარუსისა და მოლდოვას დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი დაცული უნდა იყოს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრინციპებზე ილაპარაკა მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან თითქმის 6-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ, გვიან ღამით გამართულ პრესკონფერენციაზე.

მაკრონმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების სისტემის მშენებლობისას პატივი უნდა სცენ სუვერენიტეტს იმ ქვეყნებისა, რომლებიც არ არიან ევროკავშირის და ნატოს წევრები, მაგრამ არიან ევროპის რეგიონში. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ბელარუსი, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა არიან ის ქვეყნები, რომელთა სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას პატივი უნდა სცენ, რაც ასევე წარმოადგენს კოლექტიური უსაფრთხოების ნაწილს.

მაკრონის თქმით, მიზანი უნდა იყოს უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიების ერთობლივად შექმნა ევროკავშირის სახელმწიფოებისთვის, რეგიონის ქვეყნების, მათ შორის უკრაინისა და საქართველოსთვის, და რუსეთისთვისაც.
7 თებერვალს, საფრანგეთის პრეზიდენტმა მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკება გამართა უკრაინის გარშემო სიტუაციის დეესკალაციის მიზნით. დღეს, 8 თებერვალს ემანუელ მაკრონი კიევში ჩავა.

დასავლეთის სახელმწიფოთა მცდელობები, დიალოგი აწარმოონ რუსეთთან, უკავშირდება აღმოსავლეთ ევროპაში მოსკოვის ქმედებებს. ბოლო თვეებში, რუსეთმა, სამხედრო სწავლებების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში განათავსა 100 000-ზე მეტი სამხედრო. 2 თებერვლიდან რუსეთმა სამხედრო მანევრები დაიწყო ბელარუსის ტერიტორიაზე. დასავლეთის ქვეყნები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი უკრაინაზე ახალ თავდასხმას ამზადებს, რასაც კრემლში უარყოფენ.
სამხედრო აქტივობის ფონზე, რუსეთმა აშშ-ისა და ნატოსგან 2021 წლის დეკემბერში მოითხოვა უსაფრთხოების გარანტიები ევროპაში, მათ შორის აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების შეწყვეტა, რაზეც 2022 წლის იანვარში უარი მიიღო. რუსეთისადმი აშშ-ის და ნატოს ერთ-ერთი საპასუხო მოთხოვნაა, საკუთარი ჯარები გაიყვანოს უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის გარშემო სიტუაციის დეესკალაციისთვის გადამწყვეტად მიიჩნევს მომდევნო რამდენიმე დღეს. მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან თითქმის 6-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ, გვიან ღამით, მაკრონმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ განიხილეს გარკვეული შეხების წერტილები და დეესკალაციის საშუალებები.

საფრანგეთის პრეზიდენტს დეტალები არ დაუკონკრეტებია. ემანუელ მაკრონის თქმით, განხილვას გააგრძელებს უკრაინასთან, აშშ-თან და ევროპელ და ნატოელ მოკავშირეებთან.
რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.

შეგახსენებთ, ემანუელ მაკრონმა და ვლადიმერ პუტინმა შეხვედრა მოსკოვში გამართეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button