მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხელისუფლების პოლიტიკურ პასუხისმგებლბას ითხოვს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხელისუფლების პოლიტიკურ პასუხისმგებლბას ითხოვს.

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ არ მიიღო სათანადო ზომები ძალადობის აღსაკვეთად და რიგ შემთხვევებში მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების განცხადებებმა წაახალისა კიდეც ძალადობრივი ჯგუფების ქმედებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივლისს ვერ დაიცვა ჟურნალისტები ფიზიკური ძალადობისგან, ასევე ვერ უზრუნველყო მედიის უსაფრთხო საქმიანობა. ამ დრომდე გამოუძიებელია ჟურნალისტებზე თავდასხმის, მედიის საქმიანობის ხელშეშლის და ძალადობის ფაქტების უმრავლესობა, არ ხდება ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხის გამოკვეთა.

მოძალადე ჯგუფები კვლავ განაგრძობენ მედიასთან ორგანიზებულად სიძულვილის ენით საუბარს, რაც ახალისებს ძალადობას”, – ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში, რომელსაც ორგანიზაცია “ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ ავრცელებს.

TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, დღეს საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა.
ლექსო ლაშქარავას მოძალადე ჯგუფები განსაკუთრებული სისასტიკით 5 ივლისს, მოძრაობა სირცხვილიას ოფისთან გაუსწორდნენ. მას სახის ძვლები ჰქონდა მოტეხილი და ოპერაცია დასჭირდა.
ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ორი პირი, თორნიკე დავლაშერიძე და აკაკი ნაკაშიძე. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. პროკურატურის ვერსიით, ისინი ხელებით და ფეხებით, ასევე ბლაგვი საგნებით გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებს და ამ გზით შეუშალეს ხელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში.

ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად ლექსოს სახის ძვლები ჰქონდა დამსხვრეული და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button