მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოში 14 იანვარი სახელმწიფო დროშის დღეა

საქართველოს სახელმწიფოს ხუთჯვრიანი დროშა გერბთან და ჰიმნთან ერთად, ეროვნული სიმბოლოა

საქართველო ქვეყნის ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლოს – სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს.
თარიღთან დაკავშირებით ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა.

სახელმწიფო დროშები სიმბოლურად აღიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ბაზაზეც.

საქართველოს პარლამენტმა 2004 წლის 14 იანვარს მიიღო ორგანული კანონი სახელმწიფო დროშის შესახებ.
სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა.

საქართველოს სახელმწიფოს ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს აღდგა. ის გერბთან და ჰიმნთან ერთად, ეროვნული სიმბოლოა.

საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა:

„სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული თვითმყოფადობის ამ უმთავრესმა სიმბოლომ შეაკავშირა ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი სამშობლო, მისი წარსული, აწმყო და მომავალი. ვისთვისაც საქართველოს წინსვლა და განვითარება უპირველესი პრიორიტეტია. უძველესი ხუთჯვრიანი დროშა აერთიანებს ჩვენს მისწრაფებებს და ღირებულებებს. მისი ისტორია ნათლად ადასტურებს საქართველოს ევროპულ არჩევანს“.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, აგრძელებენ მუშაობას ქართველი ხალხის მიერ მტკიცედ გამოხატული ნების შესასრულებლად და უმთავრესი საგარეო პოლიტიკური მიზნის მისაღწევად. როგორც შალვა პაპუაშვილი წერს, „ქართული დროშა აღიმართება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დროშების გვერდით – იქ, სადაც არის მისი ბუნებრივი ადგილი“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს.

მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფო დროშა სიმბოლოა იმისა, რომ ამ მიწაზე მცხოვრებ არაერთი ეთნოსის, მრავალფეროვანი კულტურის ხალხს ერთი აქვს სამშობლო და მომავალი.

„ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვულოცავ ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული სიმბოლოს – საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს.

სახელმწიფო დროშა სიმბოლოა იმისა, რომ ამ მიწაზე მცხოვრებ არაერთი ეთნოსის, მრავალფეროვანი კულტურის ხალხს ერთი გვაქვს სამშობლო და ერთი გვაქვს მომავალი. იგი განასახიერებს ყველა ჩვენგანის საერთო მისწრაფებას, რომ ჩვენი დიდი ისტორიისა და კულტურის საფუძველზე ვაშენოთ თანამედროვე, განვითარებული, ძლიერი საქართველო.

დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, სახელმწიფო და ეროვნულ მოღვაწეებს, ყველას, ვინც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს მსახურებას მიუძღვნა.

ჩვენი დროშა მუდამ იქნება აღმართული იმის ნიშნად, რომ კვლავაც დავიცავთ და გავაძლიერებთ იმას, რაც დიდი ბრძოლისა და შრომის ფასად მოვიპოვეთ – ჩვენს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას“-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მსგავსი პოსტები

Back to top button