საქართველოში 39 999 სოციალურად დაუცველი დასაქმდა-პრემიერი

2023 წლის მდგომარეობით, საქართველოში 39 999 სოციალურად დაუცველი დასაქმდა – რაც შეეხება უცხოეთში საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას, 2023 წელს გერმანიაში 1193 მოქალაქე დასაქმდა, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 20 მაისამდე კი 424, – ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერის მოხსენებაშია აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმადვე, 2023 წლის მდგომარეობით დასაქმებულ სოციალურ დაუცველთაგან პროგრამას 7 078 პირი სხვადასხვა მიზეზით გამოეთიშა.
„2023 წლის მდგომარეობით, სულ დასაქმდა 39 999 სოციალურად დაუცველი, აქედან 32 921 პირს აქვს აქტიური ხელშეკრულება, ხოლო 7 078 პირი პროგრამას გამოეთიშა სხვადასხვა მიზეზით. 2023 წლის მდგომარეობით, ღია შრომის ბაზარზე დასაქმებულია 20 096 მოსარგებლე; მათ შორის, 2023 წელს დასაქმდა 11 124 პირი, მათ შორის, 317 შშ პირი. 2023 წლის ნოემბრის თვის მდგომარეობით, საკუთარი ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზება მოახდინა 2 386 პირმა. 22 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამის ფარგლებში ჯამში მიმართვა განახორციელა 86 151 მოქალაქემ, მათ შორის, 14 757 პირმა 2023 წელს. 2024 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, სააგენტომ საზოგადოებრივ სამუშაოზე ჩართვის მიზნით, 29 417 სოციალურად დაუცველთან გააფორმა ხელშეკრულება“, – ნათქვამია მოხსენებაში.
ასევე, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ყოველდღიურად მიმდინარეობს გერმანიიდან შემოსულ ვაკანსიებზე შესაბამისი კანდიდატურების გადარჩევის პროცესი და წინასწარ (არსებული შერჩევის მეთოდოლოგიის საფუძველზე) შერჩეული კანდიდატების გერმანული მხარისთვის მიწოდება. ამასთან, მიმდინარეობს დიალოგი ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან (საბერძნეთი, ირლანდია, ავსტრია, პორტუგალია, ესპანეთი, ხორვატია, სლოვენია, კვიპროსი, უნგრეთი) საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმების (ცირკულარული შრომითი მიგრაციის) შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით.
„2023 წლის 1-ელი მარტისთვის სამინისტროში შემოსული ანგარიშების საფუძველზე, საშუამავლო კომპანიების დახმარებით, 2022 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ დასაქმდა საქართველოს 255 მოქალაქე. რაც შეეხება განხორციელებული ცვლილებების ამოქმედების შემდგომ არსებულ მარეგულირებელ ნორმებს, 2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდა საშუამავლო კომპანიების სავალდებულო სერტიფიცირება. ამავდროულად, სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანიები ანგარიშებს წარადგენენ წელიწადში ორჯერ. შესაბამისად, ამ მიმართულებით ოფიციალური მონაცემები შემდეგია: 2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან 2024 წლის 20 მაისამდე პერიოდში საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიკატი გაიცა 13 საშუამავლო კომპანიაზე; 2024 წლის 1-ელი მარტისთვის ანგარიშვალდებული იყო 2 საშუამავლო კომპანია, რომელთა მიერაც, წარდგენილი ანგარიშების საფუძველზე, 2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ამ კომპანიების დახმარებით, საზღვარგარეთ დასაქმდა საქართველოს 69 მოქალაქე“, – აღნიშნულია პრემიერის მოხსენებაში.
რაც შეეხება საქართველოში უცხოეთის მოქალაქეების დასაქმებას, მოხსენების თანახმად, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ სექტემბრამდე პერიოდში საქართველოში უცხო ქვეყნის 1196 მოქალაქე დასაქმდა.
„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების ძალაში შესვლამდე მოქმედი მარეგულირებელი ნორმების შესაბამისად, სამინისტროში შემოსული ანგარიშების საფუძველზე, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ სექტემბრამდე პერიოდში საქართველოში დასაქმდა 1196 უცხო ქვეყნის მოქალაქე; განხორციელებული ცვლილებების ამოქმედების შემდგომ, 2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან 2024 წლის 20 მაისის ჩათვლით პერიოდში, ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში მოხდა საქართველოში დასაქმებული 25079 უცხო ქვეყნის მოქალაქის რეგისტრაცია“, – ნათქვამია მოხსენებაში.
რაც შეეხება ზოგადად დასაქმების სტატისტიკას, პრემიერის მოხსენების თანახმად, „2023 წელს დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა აისახა შრომის ბაზრის პოზიტიურ ტენდენციებზე“.
„2023 წელს ასევე დაფიქსირდა დასაქმებულთა რეკორდული რაოდენობა და უმუშევრობის მინიმალური მაჩვენებელი. დასაქმებულთა რაოდენობა 51 ათასით გაიზარდა და მილიონ 335 ათასი შეადგინა. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია 50 ათასით, რაც პროდუქტიულ დასაქმებაზე მიანიშნებს. უმუშევრობის დონე 2023 წელს შემცირდა 0.9 პროცენტული პუნქტით და 16.4%-ით განისაზღვრა. 2024 წლის პირველ კვარტალში, გაგრძელდა უმუშევრობის შემცირებისა და დასაქმების მზარდი დინამიკა და უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. 2024 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე, წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით, შთამბეჭდავად − 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.0 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა 130 ათასით გაიზარდა და ასევე რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი მილიონ 402 ათასი შეადგინა. დასაქმების ზრდა ფიქსირდება სამუშაო ძალის ზრდის პარალელურად, რაც შრომის ბაზრის მიმართულებით ჯანსაღ ტენდენციებსა და სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე მიანიშნებს“, – ნათქვამია მოხსენებაში.
პრემიერის მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოიცავს 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდს.
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა აპრილის ეკონომიკური ზრდის მონაცემები. აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 11,8 პროცენტი, რაც არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საშუალო იანვარ-აპრილის ეკონომიკური ზრდა იყო ცხრა პროცენტი.
“მინდა, შეგახსენოთ, რომ ეს შედეგი მნიშვნელოვნად აღემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირვანდელ პროგნოზს. თავდაპირველად პროგნოზირებული იყო 4,8 პროცენტი წლიური ეკონომიკური ზრდა და ამ მაჩვენებელს ბევრად აღემატება 4-თვიანი საშუალო ეკონომიკური ზრდის მონაცემები და დარწმუნებული ვართ, რომ წლის ბოლომდე, 2024 წლის მომდევნო თვეების განმავლობაშიც შევინარჩუნებთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას. როგორც მოგეხსენებათ, ეკონომიკური ზრდა ნიშნავს სამუშაო ადგილებს, უმუშევრობის, სიღარიბის შემცირებას და ქვეყნის წინსვლას ყველა მიმართულებით და აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ახალი ინიციატივებით კიდევ უფრო დავეხმაროთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას ჩვენ ქვეყანაში და ამ ზრდას ახალი იმპულსები მივცეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქსტატმა ასევე გამოაქვეყნა სიღარიბის განახლებული მონაცემები 2023 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის მაჩვენებელმა შეადგინა 11,8 პროცენტი, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე არის 3,8 პროცენტული პუნქტით ნაკლები.
“აქაც გვაქვს ძალიან სერიოზული წინსვლა. 2022 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 15,6 “როცენტი, ეს ნიშნავს, რომ შარშან 140 ათასზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაძლია სიღარიბე. ასევე შეგახსენებთ, რომ 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 30 პროცენტი, ანუ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა მილიონ 100 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე, დღეს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს 435 ათასი ჩვენი თანამოქალაქე. ეს ნიშნავს, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში, თითქმის 700 ათასმა მოქალაქემ დაძლია სიღარიბე, რაც არის ძალიან კარგი მაჩვენებელი. წელსაც გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი და ამ პირობებში სიღარიბეს მიმდინარე წელსაც ათიათასობით ჩვენი მოქალაქე დაძლევს, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა სიღარიბის განულება და მოხარული ვართ, რომ გვაქვს თანმიმდევრული წინსვლა ამ მიმართულებით,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.