საქართველოში ადრეული გაფრთხილების სისტემების 200 სადგურია განთავსებული

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, საქართველოში ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარების ფარგლებში, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 200 სადგურია განთავსებული.
მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, სპეციალისტების მოსაზრებით, ისეთი მასშტაბის სტიქიის წინმსწრებით პროგნოზირება, როგორიც შოვში მოხდა, პრაქტიკულად შეუძლებელია.
„სახელმწიფომ 2014 წლიდან ფაქტობრივად ნულიდან დაიწყო ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარება ჩვენს ქვეყანაში. ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარება მოიცავს შესაბამისი ტიპის სადგურების, მოწყობილობების დაყენებას, რომლებიც ჩვენს სინიპტიკოსებს, შესაბამის სპეციალისტებს ამინდისა და მოსალოდნელი სტიქიური პროცესების ადრეულად პროგნოზირების საშუალებას აძლევს. ეს ჩვენმა მოსახლეობამ მკაფიოდ უნდა იცოდეს. ასეთი ტიპის არაერთი სადგური განთავსდა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. დღესდღეობით 200 სადგურია, 100 სადგურის დამონტაჟება მიმდინარეობს. როცა ასეთი მასშტაბის სტიქიის განვითარებაზე, კომპლექსური სტიქიის განვითარებაზე ვსაუბრობთ, ჩვენი სპეციალისტების მოსაზრებით, მსგავსი მასშტაბის სტიქიის წინმსწრებით პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია. მინდა, ეს ყველამ ძალიან კარგად იცოდეს და მაქსიმალურად მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
ამასთან, ნინო თანდილაშვილის განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება, თითქოს სახელმწიფოს არც მონიტორინგის სისტემაზე, არც ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარებაზე არ უზრუნია.
„მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც არაერთგზის, არაერთი ინფორმაცია ვრცელდება მედიაში, რომელიც არის „კლიმატის მწვანე ფონდის“ დაფინანსებული პროექტი და ხორციელდება გაერო-ს განვითარების პროგრამის მხრიდან, ითვალისწინებს 100 თემში განგაშის სისტემების განხორციელებას და მოწყობას 2024-2025 წლების განმავლობაში. მოეწყობა ყველაზე ცხელ და წითელ ზონებში, სადაც სხვადასხვა ტიპის სტიქიური პროცესების განვითარებას შეიძლება ჰქონდეს ადგილი. ეს პასუხობს, რომ მასშტაბური დეზინფორმაცია, თითქოს სახელმწიფოს არც მონიტორინგის სისტემაზე უზრუნია, არც ადრეულ გაფრთხილებაზე, ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარებაზე უზრუნია, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩემი თხოვნა იქნება, ნუ ვახდენთ დისკრედიტაციას ისეთი ორგანიზაციების, როგორიც არის გარემოს ეროვნული სააგენტო, რომელიც არის კვლევებზე დაფუძნებული ორგანიზაცია, ძალიან მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებისგან და ექსპერტებისგან შედგენილი, ავრცელებს ყველაზე ობიექტურ, ყველაზე მიუკერძოებელ და საჯარო ინფორმაციას ყველასთვის, ვისაც ეს აინტერესებს“, – აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.
მივიღეთ მაღალი გარჩევადობის სატელიტური სურათები, რომლებიც აღწერს და ადასტურებს, რომ სტიქიამდე ხეობაში წყლის შეგუბების რაიმე ფაქტი არ დასტურდება. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია, საკითხი შეაფასონ სპეციალისტებმა და ამის შემდგომ ვესაუბროთ საზოგადოებას, – ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს.
ამასთან, სააგენტოში განმარტავენ, რომ გლაციოლოგიური და კლდეზვავური ხასიათის პროცესები თავისი ხასიათით კომპლექსურია და კლდეზვავური, მყინვარული მასების ჩამოშლის ზუსტი დროის და ადგილის დადგენა შეუძლებელია.
„სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში მკაფიოდ არის დაფიქსირებული, რომ სტიქიამდე ან სტიქიის პროცესში მდინარე ბუბისწყლის ხეობაში შეგუბებას ადგილი არ ჰქონია. სააგენტოს სპეციალისტები აღნიშნულს ადასტურებდნენ, მდინარე ბუბისწყლისა და მდინარე ჭანჭახის შესართავთან არსებული წყლის დონეზე დაკვირვების სადგურით, თუმცა, პირველადი დასკვნის მომზადების პარალელურად, ჩვენმა სპეციალისტებმა გააგრძელეს სხვადასხვა ინფორმაციის ანალიზი. ჩვენ მივიღეთ მაღალი გარჩევადობის სატელიტური სურათები, რომლებიც აღწერს და ადასტურებს, რომ სტიქიამდე ხეობაში წყლის შეგუბების რაიმე ფაქტი არ დასტურდება. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია, საკითხი შეაფასონ სპეციალისტებმა და ამის შემდგომ ვესაუბროთ საზოგადოებას.
სატელიტური მონაცემების საფუძველზე გაანალიზებული მასალიდან მკაფიოდ ჩანს, რომ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში, მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა დაახლოებით 500 000 კუბური მეტრი მოცულობის კლდეზვავური მასის ჩამოშლას. კლდეზვავის ჩამოშლის შედეგად მოწყდა დაახლოებით 62 ჰა-ზე გაშლილი მყინვარული მასა, რამაც მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება გამოიწვია (მიმდინარეობს დამატებითი კვლევები წყლის მოცულობის დადგენასთან დაკავშირებით). ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში მოცემულ შეფასებებს, მომხდარი სტიქიის კომპლექსურობას და მისი პროგნოზირების შეუძლებლობას. ცნობილია, რომ კლდეზვავური და მყინვარული მასების ჩამოშლის მრავალ ფაქტორთან დამოკიდებულების გამო, მისი ადგილისა და დროის ზუსტად დადგენა შეუძლებელია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ხეობაში არსებული მეტეოროლოგიური სადგურიდან და მეტეოროლოგიური რადარიდან მიღებული მონაცემების თანახმად, მაღალი ინტენსივობის ნალექები არ დაფიქსირებულა.
აქვე, ინფორმაციისთვის, ადრეული გაფრთხილების სისტემა მოიცავს ძლიერი ნალექების, სეტყვის, ძლიერი ქარების, გვალვის, წყალდიდობის, წყალმოვარდნების წინასწარ პროგნოზირების მიმართულებას. რაც შეეხება ხეობაში განვითარებულ გლაციოლოგიური და კლდეზვავური ხასიათის პროცესებს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არის კომპლექსური თავისი ხასიათით და კლდეზვავური და მყინვარული მასების ჩამოშლის ზუსტი დროის და ადგილის დადგენა შეუძლებელია“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
შოვში მომხდარი სტიქიის მიზეზებზე გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი დასკვნა 6 აგვისტოს გამოქვეყნდა. მასში აღნიშნულია, რომ „3 აგვისტოს მყისიერად განვითარებული სტიქიური მოვლენის ფორმირება მრავალ ფაქტორზე იყო დამოკიდებული და მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია“. დასკვნის თანახმად, „სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს, წინასწარი გათვლებით, უნდა მიეღწია, სავარაუდოდ, 8-10 წუთში“.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 21 ადამიანი, სტიქიის ზონაში კი 12 ადამიანს ეძებენ.