
საფრანგეთში ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო 6 266 პატიმარი გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
პირველი აპრილის მონაცემებით, საფრანგეთის 188 ციხეში 66 300-ზე მეტი მსჯავრდებული იმყოფებოდა. ახლა მათი რიცხვი თითქმის 10 პროცენტით შემცირდა.
საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, გათავისუფლდნენ ის პატიმრები, რომლებსაც სასჯელის ვადა ეწურებოდათ ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ.
საფრანგეთის მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, „კოვიდ-19“ საფრანგეთში 48 პატიმარს დაუდასტურდა.