საქართველოში არ არსებობს პარტია რომელიც ხალხის ინტერესებს გამოხატავს

გამოკითხული მოსახლეობის 64% მიიჩნევს, რომ საქართველოში არ არსებობს ერთი პარტია მაინც, რომელიც მათ ინტერესებს გამოხატავს. ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) საზოგადოებრივი აზრის 2023 წლის მარტში ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი.
კითხვაზე, თქვენი აზრით, არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს, გამოკითხულთა რეკორდულად დაბალი რაოდენობა 24%-მა პასუხობს, რომ ასეთი ერთი პარტია არსებობს.
ამასთან, NDI -ს კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 14% და ოპოზიციის მხარდამჭერთა 36% ამბობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ წარმოადგენს. თუმცა კვლევამ აჩვენა, რომ გასულ წელთან შედარებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის გაიზარდა იმ ადამიანების წილი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანაში ერთი პოლიტიკური პარტია მაინც არსებობს, რომელიც მათ ინტერესებს წარმოადგენს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის განმარტებით ახალგაზრდები ანუ 18-34 წლის მოსახლეობა, განსაკუთრებული სკეპტიკურობით გამოირჩევიან.
ამასთან აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში შედარებით დაბალია.
“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის”(NDI) 2023 წლის მარტში ჩატარებული სატელეფონო გამოკითხვის შედეგების თანახმად, საზოგადოების თითქმის ნახევარი მიიჩნევს, რომ პარტია „ქართული ოცნება“ ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს. კიდევ უფრო მეტი ადამიანი ამბობს იმავეს წარმომადგენლობით ორგანოებში არჩეულ ოპოზიციურ პარტიებზე.
გამოკითხულთა 47% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ მმართველი პარტია ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, 37% ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნის ინტერებით მოქმედებს. 61% კი მიიჩნევს, რომ პარლამენტსა და ადგილობრივ თვითმმართველობებში არჩეული ოპოზიციური პარტიები ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ.
შარშანდელთან შედარებით შემცირებულია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ „ქართული ოცნება“ ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, იგივე მონაცემი შემცირებულია ოპოზიციის შემთხვევაშიც.
ყოველი მეხუთე ოპოზიციის მხარდამჭერი და გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნისა და ხალხის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.
NDI-ს მიერ გამოკითხულთა 27% ამბობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება; 22% ამბობს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება; 35% ამბობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება; 15% ამბობს, რომ არ იცის; 2% პასუხზე უარს ამბობს.
ამასთან, კვლევაში ნათქვამია, რომ ქვეყნის მიმართულებასთან დაკავშირებით ყველაზე კრიტიკულად თბილისის მცხოვრებლები და ოპოზიციის მხარდამჭერები არიან განწყობილნი, ხოლო მოსაზრება, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება ყველაზე მეტად სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირდა.
ცნობისთვის, გამოკითხვა 2023 წლის 17-23 მარტის პერიოდში, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევა მოიცავს 1,032 დასრულებულ ინტერვიუს (14% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2% -ია.
NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.