მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში ომის შედეგად დანგრეულია სახლების მესამედი

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ქვეყანას 143,8 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი მიადგა. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვის და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ იური არისტოვმა.

მისი განმარტებით, ეს არის „პირდაპირი და აღნუსხული მატერიალური დანაკლისი“. არისტოვის თქმით, ომის განმავლობაში უკრაინაში დაინგრა საცხოვრებელი შენობების 37 პროცენტი, ინფრასტრუქტურის ობიექტების მეოთხედი, საწარმოთა აქტივების 8 პროცენტი და საგანმანათლებლო დაწესებულებების, მიწის რესურსების და ენერგეტიკის ობიექტების 6 პროცენტი.

დეტალურ მონაცემებს შეიცავს კიევის ეკონომიკის სკოლის ანგარიში. მის თანახმად, საერთო ზარალი უდრის 144 მილიარდ დოლარს. ანგარიშის ავტორების გამოთვლით, უკრაინაში ომის ერთი წლის მანძილზე დაინგრა ან დაზიანდა 150 ათასი შენობა, გზების 25 ათასი კილომეტრი, 344 ხიდი (მათი ნაწილი აღადგინეს), რამდენიმე ათასი საბავშვო სახლი, სკოლა, საავადმყოფო და მუზეუმი. განადგურებული და დაზიანებულია 200 ათასი კერძო ავტომანქანა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის 16 ათასი ერთეული.

საბრძოლო მოქმედების დროს ძლიერ ზიანდება ბუნება. ექსპერტების შეფასებით, უკრაინაში დანაღმული ან დაბინძურებულია სახნავ-სათესი მიწების მესამედი, დამწვარია ათასობით ჰექტარი ტყე და მინდვრები, სადაც მილიონობით სახეობა ცხოვრობდა.

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე იერიში მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებით. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, წუხანდელი შეტევისთვის მოწინააღმდეგემ გამოიყენა 10-მდე დრონი და მათგან 8 გაანადგურეს თავდაცვის ძალებმა.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რვავე უპილოტო საფრენი აპარატი დედაქალაქის მახლობლად მოიგერიეს. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი და ნგრევა არ არის.

პოლტავის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, დრონით დარტყმის შედეგად დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტი.

რუსეთის შეტევის გამო, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე შუაღამიდან გამოცხადებული იყო საჰაერო განგაში, რომელიც დღეს დილით, ადგილობრივი დროით 05:40 საათისთვის გაუქმდა.

ბოლო ერთი დღის განმავლობაში რუსი ოკუპანტების დაბომბვას ხერსონისა და დონეცკის ოლქში სამი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ალექსანდრე პროკუდინი ორი ადამიანის დაღუპვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, ხოლო დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი პავლო კირილენკო წერს, რომ დაიღუპა ერთი მოქალაქე.

პროკუდინი იტყობინება, რომ გასული დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქი 63-ჯერ დაბომბეს, მძიმე არტილერიიდან, უპილოტო საფრენი აპარატებიდან და თვითმფრინავებიდან სულ 247 ჭურვი გაისროლეს. რუსმა სამხედროებმა ოლქის დასახლებებში საცხოვრებელ ტერიტორიებს დაუმიზნეს.

მისი ცნობით, დაიღუპა 2 და დაშავდა 3 ადამიანი. კირილენკო იუწყება, რომ დონეცკის ოლქში რუსებმა ნოვოკრაინკას ცეცხლი გაუხსნეს Grad MLRS-დან (მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა), გამოიყენეს არტილერია ბოჰოიავლენკაში და ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალა ისროლეს პრეჩისტივკაში. დაბომბეს ქალაქი ადიივკაც. ბახმუტში ორი მაღალსართულიანი კორპუსი და რვა კერძო სახლი დაინგრა. ჰორლივკაში ერთი ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი პოსტები

Back to top button