საქართველოში COVID-19-ით გარდაიცვალა კიდევ ერთი ადამიანი
სამთავრობო საიტ stopcov.ge-სა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე დილით განახლებული მონაცემების მიხედვით, გარდაცვლილთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა.
როგორც ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, გარდაცვლილი პაციენტის ქმარი, კოვიდსტატუსით კლინიკაში 13 აგვისტოდან მკურნალობს, შვილი კი კლინიკაში 17 აგვისტოდან იმყოფება.
გარდაცვლილის და, რომელიც მას შინ უვლიდა, პაციენტის გარდაცვალების შემდეგ მოათავსეს ინფექციურ საავადმყოფოში. კიდევ ერთი შვილი კი, რომელსაც კორონავირუსი არ დაუდასტურდა,კარანტინში იმყოფება.
პაციენტი, სახლში მკურნალობდა – ამის შესახებ მედიას აცნობა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ:
„ამ პაციენტს აღენიშნებოდა მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა, იყო ჭარბწონიანი. ამ პრობლემების გამო ძალიან დატვირთული ფსიქო-ემოციური სფერო. პაციენტი მეთვალყურეობდა ბინაზე. მას უვლიდა მისი და, ისიც ასევე, კოვიდინფიცირებული“.
ეზუგბაიას ინფორმაციით, პაციენტებს მეთვალყურეობას მათი კლინიკა უწევდა და პირადად მას, დღის განმავლობაში რამდენჯერმე ჰქონდა კომუნიკაცია გარდაცვლილის დასთან.
25 აგვისტოს დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 6018 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249.
24 აგვისტოს საღამოს მდგომარეობით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში – აფხაზეთში, დე ფაქტო მთავრობას დადასტურებული აქვს კორონავირუსის სულ 247 შემთხვევა, მათგან 3 გარდაცვალების, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობას – 89.