მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოში დადასტურებულია “ომიკრონის” კიდევ 11 შემთხვევა

ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლის უკან "ომიკრონი" დგას-ეპიდემიოლოგები

საქართველოში ამ დროისთვის „ომიკრონის“ 159 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„4 იანვრის მდგომარეობით, ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 159 შემთხვევა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

3 იანვრის მდგომარეობით, „ომიკრონით“ ინფიცირებული იყო 148. შესაბამისად, ერთ დღეში გამოვლენილია 11 ახალი შემთხვევა.
დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის ამ შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა საქართველოში 2021 წლის 20 დეკემბერს დადასტურდა.”ომიკრონი”, რომელიც პირველად 2021 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში აღმოაჩინეს სამხრეთ აფრიკაში, დღემდე გამოვლენილ ყველა სახეობაზე უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, შედარებით მსუბუქი სიმპტომები აქვს.

ორწლიანი პანდემიის პერიოდში გამოვლენილია დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის, SARS-CoV-2-ის არაერთი სახეობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვარიანტებს ანაწილებს ინტერესის ან შეშფოთების გამომწვევ სახეობებად და მათ ბერძნული ანბანის ასოებით აღნიშნავს. ამ დროისთვის შემაშფოთებელ ვარიანტებად მიჩნეულია: “ალფა”, “ბეტა”, “გამა”, “დელტა” და “ომიკრონი”.

პანდემიის ყველაზე მძიმე, მე-5 ტალღის პიკი გადავლილია, თუმცა წინ “ომიკრონის” შტამი და მასთან დაკავშირებული საფრთხეებია. დღევანდელი სტატისტიკა, ეპიდემიოლოგების შეფასებით, მე-6 ტალღის დასაწყისის მანიშნებელია. წინა კვირასთან შედარებით ინფიცირებულების რაოდენობა 30 პროცენტით გაიზარდა, რაც ახალი შტამის (ომიკრონის) გავრცელებაზე მიუთითებს.

სამხრეთ აფრიკული შტამით ინფიცირების მასიურ ზრდას ქვეყანაში 2 კვირაში ელოდებიან. პირველადი ცნობებით, ის გაცილებით მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს, თუმცა ვინაიდან ვაქცინაციის საერთო მაჩვენებელი საქართველოში დაბალია, ექიმები არ გამორიცხავენ, რომ შტამმა შესაძლოა სახე იცვალოს.

ახალი შტამის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალებად მედიკოსები კვლავ ვაქცინაციას ასახელებენ და ინფიცირების თავიდან ასაცილებლად, მათ, ვინც ორჯერ არიან აცრილები, ბუსტერ დოზების გაკეთებისკენ მოუწოდებენ. ამ დროისთვის, ქვეყანაში სამი დოზით აცრილთა რაოდენობა სულ 64 000-ია.

ახალი შტამის გავრცელების პირობებში, ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკური რესურსის მობილიზება უკვე დაიწყო. საწოლების თითქმის 50% თავისუფალია და საჭიროების შემთხვევაში, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, უწყება დამატებით ღონისძიებებსაც უზრუნველყოფს.

ივანე ჩხაიძის და დევი ტაბიძის ხმა

საბედნიეროდ, კლინიკების დატვირთვა არ არის მაღალი, მობილიზებული საწოლფონდის დაახლოებით ნახევარი არის დატვირთული,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომელიც კოვიდ კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრაზე ახალი შტამი „ომიკრონი“ და სამედიცინო დაწესებულებების მზაობა განიხილეს. საუბარი შეეხო კოვიდის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატების დანერგვას. მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ახალი ტალღისთვის ჯანდაცვის სისტემა მზად არის, თუმცა ამავე დროს მთავარ იარაღად კვლავ ვაქცინაცია და „ბუსტერ“ დოზის გამოყენება რჩება.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ ახალმა “ომიკრონ” ვარიანტმა, შესაძლებელია  ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა გამოიწვიოს.

ექიმები მოსახლეობა განსაკუთრებული სიფრთხილისა და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ვირუსის შესაკავებლად ერთადერთი გამოსავალი  იმუნიზაციის პროცესის გააქტიურებაა.

პროფესორის, მედიცინის აკადემიური დოქტორის მაკა ბულეიშვილის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში შეინიშნება კოვიდინფიცირებულების რიცხვის მატება. როგორც მედიცინის დოქტორი, ექიმი-ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა ამბობს, “ომიკრონის” გავრცელების ალბათობა გაცილებით მაღალია, რაც ჰოსპიტალურ სექტორზე ნეგატიურად იმოქმედებს

მაკა ბულეიშვილის ლაშა უჩავას და თამარ გაბუნიას ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button