მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საქართველოში დღეს მაიკ პომპეოს ელოდებიან

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვევა.როგორც რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო დეპარტამენტში ბრიფინგზე ითქვა, სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს შეხვდება.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ გაიმართება შეხვედრა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან და რომ ეს რელიგიის თავისუფლების საკითხს უკავშირდება, რასაც მაიკ პომპეო ასევე განიხილავს კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართოასლომეოს პირველთან შეხვედრისას.

ოფიციალური პირების გარდა სახელმწიფო მდივანი სამოქალაქო სექტორთანაც გეგმავს შეხვედრას.

„ვიზიტის ფარგლებში გამართული მაღალი დონის შეხვედრებისას განხილული იქნება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლების სფეროში”, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

სახელმწიფო მდივნის შეხვედრების პარალელურად, 18 ნოემბერს, დილის 11:00 საათზე ოპოზიცია მდუმარე აქციას გამართავს. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, ამ ფორმით, ისინი მაიკ პომპეოს ეტყვიან, რომ არჩევნები გაყალბდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button