მსოფლიოსაქართველოსიახლეები

“საქართველოში ელჩის დანიშვნა აშშ-ს მიერ მისაღები გადაწყვეტილებაა”

საქართველოში ელჩის დანიშვნა არის აშშ-ს მიერ მისაღები გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებაზე ქართულ მხარეს არანაირი რესურსი არ გააჩნია, რომ იმოქმედოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ Foreign Policy-ის ინფორმაციასთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ აშშ-ის ელჩობის კანდიდატი ბრიჯიტ ბრინკი დაბლოკა.

ვოლსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ი საქართველოს პოლიტიკური პარტნიორია და არც ერთ საკითხზე არანაირი გაუგებრობა არ შეიძლება არსებობდეს.

“რაც მთავარია, Foreign Policy არ არის ოფიციალური სტრუქტურების ბეჭდვითი ორგანო. იქ ექპერტები თავიანთ მოსაზრებებს ხშირად წერენ და ამ შემთხვევაში ეს მოსაზრება ძალიან შორს არის სინამდვილიდან – არც ქართული მხარე და არც ამერიკული მხარე არ ადასტურებს, რომ შესაძლოა ქართულ მხარეს ჰქონდეს რესურსი და იმის ნება, რომ აშშ-ს მიერ დანიშნული ელჩი ან ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება დაბლოკოს. ეს სტატია და მოსაზრებები სინამდვილისგან ძალიან შორს არის“, – განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

Foreign Policy-ის ჟურნალისტები რობი გრამერი და ემი მაკინნონი წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ ამერიკული მხარე საქართველოში აშშ-ს ელჩის პოზიციაზე ბრიჯიტ ბრინკს განიხილავდა, თუმცა რამდენიმე პირი საქართველოს მთავრობაში მას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილ ფიგურად მიიჩნევდა. FP წერს, რომ მისი წყაროები როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი ოფიციალური პირები არიან ვაშინგტონში.

მსგავსი პოსტები

Back to top button