საქართველოში ევროკავშირს გამოკითხულთა 49% ენდობა

“ევრობარომეტრი” კვლევის თანახმად, 2024 წლის შემოდგომის მონაცემებთან შედარებით, საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა 9%-ით არის შემცირებული. ანგარიშის თანახმად, საქართველოში ევროკავშირს გამოკითხულთა 49% ენდობა. (კლება 9 ერთეული, რაც 15,5 პროცენტია).
“ევრობარომეტრის” კვლევა საქართველოში 2025 წლის 27 მარტიდან 15 აპრილამდე ჩატარდა, რა დროსაც 1011 რესპონდენტი გამოიკითხა.
სოციოლოგიური კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 37 % მიდრეკილია ევროკავშირისადმი უნდობლობისკენ, 14%-ის პასუხია “არ ვიცი”.
გამოკითხულთა 43% ევროკავშირის მიმართ დადებითად არის განწყობილი, 38% – ნეიტრალურად, 18% – ნეგატიურად, 1%-ს კი არ აქვს პასუხი კითხვაზე.
გამოკითხვის თანახმად, საქართველოში შემოდგომას ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ, 9%-ით შემცირებულია იმ მოქალაქეთა რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყნის წევრობა ევროკავშირში კარგია. ეს მაჩვენებელი 60%-ს შეადგენს. რესპონდენტთა 7% მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობა ცუდია, 28% კი ფიქრობს, რომ ეს არც კარგია, არც ცუდი. გამოკითხულთა 75% ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირში წევრობისგან სარგებელს მიიღებს, ეს მაჩვენებელი წინა კვლევასთან შედარებით, 7%-ით არის შემცირებული.
სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში გამოკითხულთა 51% ენდობა ეროვნულ მთავრობას, 44% კი არ ენდობა. ასევე, რესპონდენტთა 48% ენდობა ეროვნულ პარლამენტს, არ ენდობა 45%.
ქვეყნის ეკონომიკაში ვითარებას ნეგატიურად აფასებს გამოკითხვის მონაწილეთა 40%, 56% კი მიიჩნევს, რომ საქართველოში ეკონომიკური ვითარება ცუდია. საცხოვრებელ ხარჯებსა და მზარდ ფასებს ქვეყნის წინაშე არსებულ მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს რესპონდენტთა 33%, 19% კი ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ეკონომიკურ სიტუაციას ასახელებს. 24% ფიქრობს, რომ ეს უმუშევრობაა.
“ევრობარომეტრი” არის საზოგადოებრივი აზრის კვლევების სერია, რომელიც ევროკომისიისა და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტების დაკვეთით 1974 წლიდან რეგულარულად ტარდება.
გასული წლის შემოდგომაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომლის ლეგიტიმაციასაც ამ დრომდე არ ცნობენ ოპოზიციური პარტიები, მეხუთე პრეზიდენტი და არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე კითხვები აქვთ საერთაშორისო პარტნიორებსაც.
2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პარლამენტმა ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით არსებულ მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადა. ზუსტად ამ დღეს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. ამ დღის შემდეგ საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით და პროევროპულ აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლების მოთხოვნით.