მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველოში გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი ჩამოვიდა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად ჩამოვიდა გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი აბდულ შაჰიდს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა.

ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გართულებულ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

დიპლომატიურ უწყებაში მისვლამდე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი პარლამენტში იმყოფებოდა, აბდულა შაჰიდი შეხვდა შალვა პაპუაშვილს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე. შაჰიდს მიიღებენ პრემიერი და პრეზიდენტიც.

“ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვიმყოფები თბილისში. წელს საქართველო აღნიშნავს გაერო-ში გაწევრიანების 30 წლისთავს. ვულოცავ საქართველოს ამ საიუბილეო თარიღს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მულტილატერალიზმის განვითარებისა და გაძლიერებისთვის. დიდი მადლობა ბატონ მინისტრს, გაეროში საქართველოს ელჩს და ყველა თანამშრომელს შესანიშნავი თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის,” – განაცხადა აბდულა შაჰიდმა.
ასევე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტს აბდულა შაჰიდს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც შეხვდა
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოსა და ორგანიზაციის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.
„ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე და გაერო-ს მნიშვნელოვან როლზე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. პრემიერ-მინისტრმა გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო მშვიდობისა და უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა დაცვის, მდგრადი განვითარებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ გაერო-ს რეზიდენტ-კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებელი, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელი საქართველოში ქემლინ ფერლი, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსის მოადგილე ფერნანდო ანდერს მარანი, სამართლებრივ, საბიუჯეტო და რეფორმის საკითხებზე გუნდის ხელმძღვანელის მოადგილე ინგა ყანჩაველი. საქართველოს მხრიდან შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button