მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველოში გყავს ადამიანები რომლებიც მტრის ენაზე საუბრობენ და სჯერათ რომ საკუთარ სახლში არიან-პრეზიდენტი

სტატუსის არ მიღება რუსეთის გამარჯვებად შეაფასა პრეზიდენტმა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ტელეკომპანია CBS-ის გადაცემა “60 წუთში” საქართველოზე მომზადებულ სიუჟეტში, რომელიც რუსეთის ოკუპაციას ეხება, საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების შესახებ საუბრობს.

სალომე ზურაბიშვილის კომენტარი მოსდევს სიუჟეტში განვითარებულ მსჯელობას, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთ-ერთ მიზეზად რუსულენოვანი მოქალაქეების დაცვა დაასახელა. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო საქართველოში რუსეთის ასი ათასი მოქალაქე ჩამოვიდა. ამ პროცესს სალომე ზურაბიშვილი „შემაშფოთებელს უწოდებს“.

„ძალიან შემაშფოთებელია, როდესაც შენს საკუთარ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც მტრის ენაზე ლაპარაკობენ, იქცევიან და სჯერათ, რომ სახლში არიან. ეს ზღვარი უნდა შენარჩუნდეს, რომ მომავალში არ გვქონდეს ინციდენტები, რომლებიც რუსეთს თავისი საყვარელი დოქტრინის – რუსულენოვანი მოქალაქეების დაცვის გამოყენების საშუალებას მისცემს”.

კითხვაზე, რატომ არ ამბობს უარს საქართველო რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შეშვებაზე, სალომე ზურაბიშვილი უპასუხებს, რომ ეს კითხვა ხელისუფლებას მიემართება: „მე არ მაქვს აღმასრულებლის ძალა, სამწუხაროდ“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება ევროინტეგრაციას, ჟურნალისტის კითხვაზე, არ ჩანს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაინტერესებული იყოს ევროკავშირში გაწევრიანებით, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ეს კითხვა – მართლაც არიან თუ არა დაინტერესებული – აქვს საქართველოს მთელ მოსახლეობას.

კითხვაზე, იგრძნობა თუ არა, რომ ამ კრიტიკულ დროს საქართველოს დასავლეთისა და შეერთებული შტატებისგან საკმარისი მხარდაჭერა აქვს, სალომე ზურაბიშვილი უპასუხებს.

„არ ვფიქრობ ასე და მოვიყვან ერთ კონკრეტულ მაგალითს: უკვე 5 წელია, პრეზიდენტი ვარ და ვერ შევძელი მქონოდა ნებისმიერი ფორმის შეხვედრა ჩემს დონეზე – პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის დონეზე, სატელეფონო ზარითაც კი. მესმის, რომ არის უფრო სასწრაფო საკითხები, მაგრამ, ვფიქრობ, საჭიროა მეტი საჯარო აღიარება ფაქტის, რომ აშშ მხარს უჭერს ჩვენს კანდიდატის სტატუსს ევროკავშირთან. ვიცი, რომ ეს არის ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ამერიკის ენა, მაგრამ ეს უნდა მეორდებოდეს უმაღლეს დონეზე. ეს მნიშვნელოვანი იქნებოდა საქართველოს მოსახლეობისთვის“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CBS NEWS-თან ინტერვიუში საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ისაუბრა და ჟურნალისტის კითხვაზე, “რა ბედი ეწევა საქართველოს, თუ ევროკავშირისგან ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს”, უპასუხა, რომ “ეს იქნება დიდი გამარჯვება რუსეთისთვის”.

CBS NEWS-ის ჟურნალისტმა ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტებზეც ისაუბრა, რასაც ქართული ოცნებისა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა მოჰყვა. ჟურნალისტმა პრეზიდენტს ჰკითხა, “ჰგავს თუ არა ეს იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არ არის დაინტერესებული EU-ში გაწევრიანებით?”, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ “ეს არის კითხვა, რომელსაც სვამს მთელი მოსახლეობა – ნამდვილად სურთ მათ [ქართულ ოცნებას] ეს [ევროკავშირში ინტეგრაცია], თუ ეს ცარიელი სიტყვებია”.

ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილს ჰკითხეს, “გადამწყვეტ მომენტში, მიიჩნევს თუ არა, რომ დასავლეთი, კონკრეტულად კი აშშ საკმარისად უჭერს მხარს საქართველოს ამ მომენტში?”. ზურაბიშვილის აზრით, აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა უფრო საჯარო უნდა ყოფილიყო – ის საუბრობს იმაზე, რომ 5 წელია პრეზიდენტია და არ ჰქონია შეხვედრები უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტთან თუ ვიცე-პრეზიდენტთან, მათ შორის, არც სატელეფონო კომუნიკაცია.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მაღალი დონის ოფიციალური პირებისგან განცხადებები, რომ მხარს უჭერენ ჩვენი ქვეყნის EU-ის კანდიდატის სტატუსს, მნიშვნელოვანი იქნებოდა საქართველოს მოსახლეობისთვის.

ჟურნალისტის ჩაკითხვაზე, რას გულისხმობს პრეზიდენტი “მეტად საჯარო მხარდაჭერის ჩვენებში”, ზურაბიშვილმა უპასუხა:

“ფაქტია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს კანდიდატის სტატუსს ევროკავშირში. მე ვიცი, რომ ეს არის ენა, რომლითაც საუბრობს აშშ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, მაგრამ ამის უმაღლეს დონეზე გამეორება მნიშვნელოვანი იქნებოდა საქართველოს მოსახლეობისთვის. EU-მა შეადგინა მოთხოვნების სია, რომელიც უნდა შეასრულოს საქართველომ, რათა გახდეს წევრობის კანდიდატი. მოთხოვნებს შორისაა კორუფციასთან ბრძოლა, შიდა ოლიგარქების ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის შემცირება. გადაწყვეტილებას ველოდებით წლის ბოლომდე”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სავარაუდოდ, ნოემბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.

გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის სამ ქვეყანაში მთავრობის თანხმობის გარეშე მოგზაურობით, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.

18 ოქტომბერს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრისას, საქართველოს პარლამენტში ვერ მოგროვდა 100 დეპუტატი, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას.

მსგავსი პოსტები

Back to top button