აშშ-ის სამიტის ერთობლივ განცხადებას საქართველოში გამოხმაურებები მოჰყვა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა პარტნიორი ქვეყნების და მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან უმნიშვნელოვანესია.
მისივე თქმით, სწორედ ამ მთავარი ამოცანის შესასრულებლად გვჭირდება ევროატლანტიკურ სივრცესთან მეტი ინტეგრაცია.
„რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამ კუთხით ჩვენი პარტნიორი ქვეყნების და მსოფლიო თანამეგობრობის მხარდაჭერა არის უპირობო და უმნიშვნელოვანესი. სწორედ ამ მთავარი ამოცანის შესასრულებლად გვჭირდება ევროპასთან, ევროატლანტიკურ სივრცესთან მეტი ინტეგრაცია, მხარდაჭერა, რომ საქართველოს, როგორც ერთიანი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა იყოს გარანტირებული და ნორმალური“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
აშშ-ევროკავშირის სამიტის ერთობლივი განცხადება გუშინ გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ „სრულად ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური პერსპექტივის მხარდაჭერას“.
აშშ-ის სამიტმა გაავრცელა ერთობლივი განცხადება რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, აშშ და ევროკავშირი როდესაც მათ აქვთ დიალოგი და განიხილავენ მნიშვნელოვან საკითხებს, საქართველო არის განხილვის საგანი და კიდევ ერთხელ ფიქსირდება ევროკავშირის მხრიდანაც და აშშ-ის მხრიდანაც, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი ევროპული მომავალი, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა, აშშ-ევროკავშირის სამიტის ერთობლივი განცხადების შეფასებისას ისაუბრა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქვეყნის ევროატლანტიკური პერსპექტივის მხარდაჭერა კვლავ გრძელდება.
ბოჭორიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიული პარტნიორების ერთობლივ დეკლარაციაში ასახულია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები, ვინაიდან საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ქვეყნის მისწრაფებების განხორციელებისთვის.
„ორივე მნიშვნელოვანი საკითხი ასახულია ერთობლივ დეკლარაციაში და ეს რა თქმა უნდა, მისასალმებელია და მნიშვნელოვანია ჩვენთვის. რა თქმა უნდა, საქართველოს მისწრაფებები და სურვილები ვერ იქნება განხორციელებული, თუ ჩვენ არ გვექნება სათანადო მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების მხრიდან და სწორედ ამას ასახავს ეს დეკლარაცია.“ – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე განცხადებით, საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ზედმიწევნით შესრულება, მყარ საფუძველს ქმნის ევროკავშირში გასაწევრიანებლად, შესაბამისად, მისასალმებელია, პარტნიორების მხრიდან პროგრესის დანახვა.
„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირშიც და ნატოშიც ძირითადად უკავშირდება მთელი რიგი რეფორმების გატარებას. სწორედ ამაზეა საუბარი, რომ საქართველო ამ დრომდე ძალიან კარგად ასრულებს ყველა იმ ნაკისრ ვალდებულებას, რაც ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობებით, რითაც ქმნის ძალიან მტკიცე საფუძველს იმისათვის, რომ დაშენდეს ჩვენი ევროპული მომავალი და ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯები. ეს არის ზუსტად ის, რის გარეშეც ვერ მოხდება ვერც ერთი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება. სწორედ ამიტომ არის მისასალმებელი, რომ ჩვენი პარტნიორები კარგად აფასებენ იმ პროგრესს, რასაც ქვეყანამ მიაღწია წლების განმავლობაში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროპაში კარგად უნდა ესმოდეთ, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია ღირებულია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც – ერთადერთი განმასხვავებელი უპირატესობა ისაა, რომ ალბათ, მოლდოვასა და უკრაინაში არაა ოპოზიცია, რომელიც არანორმალური ტემპით იბრძვის, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში ხელი შეეშალოს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, კანდიდატის სტატუსთან მიმართებით, პოზიტიური მოლოდინი მაქვს.
„კანდიდატის სტატუსთან მიმართებით, პოზიტიური მოლოდინი მაქვს. არა პიარული შეფასებებისა და ანგაჟირებული, არასწორი, მცდარი აღქმების საფუძველზე, არამედ შინაარსობრივად ვიცნობ იმ რეფორმებს, რომლებიც განხორციელებულია და რეალურად მაქვს მოლოდინი, რომ გადაწყვეტილება უნდა იყოს პოზიტიური. ამას მაფიქრებინებს არა მხოლოდ შარშან ევროპული პერსპექტივის მონიჭების გადაწყვეტილების შემდეგ განხორციელებული რეფორმები, არამედ ის გარემოება, რომ თუ მოლდოვამ იმ კონდიციით, რომელშიც იმყოფებოდა, დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი, საქართველო, ბუნებრივია, იმ დროსაც იმყოფებოდა უკეთეს მდგომარეობაში ვიდრე მოლდოვა. უკრაინაზე, გასაგები მიზეზების გამო, აღარ ვიტყვი. ასეთ ფონზე ნათელია, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ერთადერთი ის განსხვავებაა, რომ ალბათ, მოლდოვასა და უკრაინაში არაა ოპოზიცია, რომელიც მუდმივად და დაუღალავად, არანორმალური ტემპით იბრძვის, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში ხელი შეეშალოს. ერთადერთი განმასხვავებელი უპირატესობა, რაც იმ სახელმწიფოებს აქვთ, ესაა. იქ არავის უთქვამს, ხალხი იმსახურებს და ქვეყანა არაო.
ბუნებრივია, მცირე ალბათობით უნდა დავუშვათ იმ შეცდომის გამეორების რისკი, რომელიც დაშვებული იყო. საბედნიეროდ, ევროპაშიც კარგად აღიქვამენ, ერთი მხრივ, შარშან დაშვებული შეცდომის არსს, მეორე მხრივ კი ინტერესს, რომელიც ევროპას აქვს საქართველოს მხრიდან კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში. კარგად უნდა გავიაზროთ და ევროპაშიც კარგად უნდა ესმოდეთ, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია მნიშვნელოვანი და ღირებულია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც, რადგან ჩვენ შემდგარი, ღირსეული ერი ვართ, რომელსაც შეუძლია ევროკავშირი ყველა თვალსაზრისით გაამდიდროს“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.