მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

“თუ ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის, ეს იქნება უარი მოქალაქეების არჩევანზე”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, თუ ოპოზიცია ყველა მანდატს დათმობს და არ მიიღებს პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას, ეს იქნება უარის თქმა მოქალაქეების არჩევანზე.

მისივე თქმით, არჩევნების ლეგიტიმურობას მხოლოდ საზოგადოება წყვეტს და არა რომელიმე ერთი პოლიტიკური პარტია ან ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელი.

“თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია, რომელმაც გადალახა ბარიერი საპარლამენტო არჩევნებში უარს იტყვის საქართველოს პარლამენტში მონაწილეობის მიღებაზე და მუშაობაზე, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ნიშნავს, რომ ისინი უარს არა პარლამენტს, არამედ საკუთარი მოქალაქეების არჩევანს ეუბნებიან”, – ამბობს თალაკვაძე.

ცესკოს ბოლო მონაცემების მიხედვით, წინასწარი შედეგებით, ქართულ ოცნებას 48.28% აქვს, ენმ-ძალა ერთობაშიას – 26.57%, ევროპული საქართველო – 3.79%, ლელო – 3.25%, პატრიოტთა ალიანსი – 3.18%, სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%, გირჩი – 3.03%, მოქალაქეები – 1.38%, ლებორისტული პარტია – 1%. ყველა სხვა პარტიას 1%-ზე ნაკლები აქვს.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და პარლამენტთან აქციას მართავენ. აქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას ორგანიზებულია, თუმცა, მას სხვა ოპოზიციური პარტიებიც უერთდებიან, მაგალითად, ევროპული საქართველო, ლელო, ლეიბორისტული პარტია, დემოკრატიული მოძრაობა და ა.შ.

პარლამენტთან აქცია გვიან ღამით მას შემდეგ დაანონსდა, რაც ცესკომ პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. ოპოზიციური პარტიების ლიდერები გვიან ღამით ცესკოსთან მივიდნენ და განაცხადეს, რომ ხმების დასაცავად, აქციას გამართავდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button