მნიშვნელოვანირეგიონი

გამარჯვებაში განათლების სამინიტროს მიერ წარდგენილი სკოლის დირექტორობის კანდიდატი არ აირჩიეს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში განათლების სამინიტროს მიერ წარდგენილი სკოლის დირექტორობის კანდიდატი არ აირჩიეს.

არჩევნები საჯარო სკოლაში, გუშინ ჩატარდა.

სამეურვეო საბჭომ მოქმედ დირექტორს, ნინო სულიაშვილს, რომელიც ხელახლა იყო წარდგენილი, დირექტორად ხელახლა არჩევაზე უარი უთხრა.

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ქეთი ბიკაშვილი ადასტურებს, რომ საბჭოს შემადგენლობის უმრავლესობამ კანდიდატს მხარი არ დაუჭირა.

” საბჭოში სულ 8 წევრია. ორი არ მონაწილეობდა საპატიო მიზეზით. სხდომაზე დამსწრე სამმა წევრმა, კანდიდატს მხარი არ დაუჭირა, სამი კი დაეთანხმა. როცა ხმები თანაბრად ნაწილდება, კანდიდატი არჩეულად არ ითვლება, საჭიროა ხმათა უბრალო უმრავლესობა. მე ვერაფერს ვუკავშირებ, ვერ გეტყვით, რატომ მოხდა ასე”- განაცხადა ბიკაშვილმა.

თავად კანდიდატი, ნინო სულიაშვილი მიმდინარე პროცესს, სამეურვეო საბჭოს ერთ- ერთ წევრს უკავშირებს.

” ერთ-ერთი წევრი ითხოვდა ჩემგან რაც არ არის დასაშვები და ამიტომ განაწყენდა. მან შეძლო გავლენა მოეხდინა ორ მშობელზე და ასე მოხდა. მე ამ წევრის ვინაობას ვერ დაგისახელებთ. ახლა შესაძლებელია მე შევასრულო მოვალეობა ახალ შერჩევამდე, ან მინისტრმა გამოიყენოს საკუთარი დისკრეცია. ჩვენი სკოლა პირველია მუნიციპალიტეტში, რომელიც ავტორიზაციას გადის, ერთი გასაუბრებაღა გვაქვს დარჩენილი, გაცხადებული ლიდერები ვართ, დანარჩენებს ჩვენ ვუზიარებთ გამოცდილებას. ვნახოთ, რა მოხდება”- განაცხადა სულიაშვილმა.

სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში, სხვა პედაგოგიც მონაწილეობდა, რომელმაც გამოცდები გადალახა და სერთიფიკატი მიიღო, თუმცა კანდიდატი მაინც ვერ გახდა.

მაია სულიაშვილი, გამარჯვების საჯარო სკოლას 6 წელია ხელმძღვანელობს. მისი დირექტორობის პერიოდს ემთხვევა სკოლის ავტორიზაცია, რომელიც უკვე დაწყებულია.

სკოლების ავტორიზაციის ვადებმა, რამდენჯერმე გადაიწია. თავდაპირველად ის, 2015 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ამჟამად ცნობილია, რომ 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე , ყველა სკოლამ ავტორიზაცია ახალი სტანდარტის მიხედვით უნდა გაიაროს.

მსგავსი პოსტები

Back to top button