მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 638 მძიმე პაციენტია

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 638 მძიმე პაციენტია, მათ შორის 293 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, მძიმე პაციენტებიდან თბილისში არის 316, ხოლო აჭარაში – 100. რაც შეეხება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მყოფ 293 პირს, მათგან თბილისში – 150, აჭარაში კი 94 მკურნალობს.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 332. 4 489 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 198, აჭარაში – 723.

„2 446 ადამიანი არის კოვიდსასტუმროში, მათ შორის, 1 127 – აჭარაში, ხოლო 822 – თბილისში. 8 397 პირი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინო სივრცეში გვყავს 3 160 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 682, აჭარაში-1 426. სულ 6 ოქტომბრიდან – 4 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 12 110 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 690 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 2 819 პირი, აჭარაში – 11 423, იმერეთში – 4 177“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button