მნიშვნელოვანისიახლეები

შემდეგი გაჩერება – სტრასბურგი მსჯავრდებული ნიკა გვარამიას თქმით სიმართლეს დაამტკიცებს

ნიკა გვარამია, “მთავარი არხის” პატიმრობაში მყოფი დირექტორი, რომლის საქმეც უზენაესმა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო, აპირებს სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს. ამ შინაარსის განცხადება ფეისბუკზე, მის გვერდზე გამოქვეყნდა.

“შემდეგი გაჩერება – სტრასბურგი! რამდენი დროც არ უნდა დამჭირდეს, რა ძალისხმევადაც არ უნდა დამიჯდეს, ჩემს სიმართლეს მაინც დავამტკიცებ. ჯერ – ჩემს სიმართლეს, შემდეგ – სხვების დანაშაულს!” – წერია ნიკა გვარამიას სახელით გამოქვეყნებულ პოსტში.

გუშინ, 19 ივნისს, “მთავარმა არხმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ნიკა გვარამიას ადვოკატების საკასაციო სარჩელი უზენაესმა სასამართლომ განსახილველადაც არ მიიღო (დაუშვებლად ცნო).

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე.

ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. აშშ-ის საელჩომ ამერიკაში დაგეგმილ პროგრამაში მონაწილეთა სიიდან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ამოიღო.

2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, ასევე, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ 19 ივნისს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის სასამართლომ როგორც ბრალდების მხარის, ასევე დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად მიიჩნია. შესაბამისად, ნიკა გვარამიასთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით მისჯილი თავისუფლების აღკვეთა ძალაშია.

მსგავსი პოსტები

Back to top button