საქართველოში “მეტაპნევმო” ვირუსმა დაიწყო გავრცელება

ორი კვირაა, ქვეყანაში ლაბორატორიულად გრიპის შემთხვევები აღარ ფიქსირდება, ახლა დომინანტურია მეტაპნევმოვირუსი, რომელიც ძირითადად მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს საქართველოში, ბოლო ორი კვირაა რაც ვირუსმა გავრცელება დაიწყო – ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ახალი ვირუსის მახასიათებლებზე საუბრობს. ექიმს ამის თქმის საფუძველს ლაბორატორიული მონაცემები აძლევს.
შესწავლილი ნიმუშების 30% “მეტაპნევმო” ვირუსია. მისი სიმპტომები და დაავადების მიმდინარეობა სხვა სეზონური გრიპების იდენტურია. დიფერენცირება მხოლოდ ლაბორატორიულად არის შესაძლებელი. კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია, თუმცა ინფიცირებულთა უმრავლესობას მხოლოდ ამბულატორიული მომსახურება ესაჭიროება.
“მეტაპნევმო” ვირუსთან ერთად, ვრცელდება ადენო და პაროვირუსიც. არის ინფექციების თანდართული შემთხვევებიც.
რესპირატორული ვირუსების სეზონის მსგავსი ხანგრძლივობა, ბოლო 10 წელია, ქვეყანაში არ ყოფილა. ექიმები ინფექციებისა და ვირუსების ცირკულაციის ცვლილებას პანდემიურ პერიოდს უკავშირებენ.
მედიკოსები ამბობენ, რომ რესპირატორული ვირუსი, თვისებებისა და მახასიათებლების მიხედვით, საშიში არ არის, თუმცა საყურადღებოა. სპეციალისტები ინფიცირებულთა რაოდენობის მატებას მომდევნო 2 კვირის განმავლობაში ისევ ელოდებიან.
ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, ასევე ცირკულირებს ადენოვირუსი.
როგორც ჩხაიძემ განმარტა, ორივე ვირუსს ახასიათებს გაციების მსგავსი სიმპტომატიკა: ყელის ტკივილი, დაბალი ტემპერატურა, კუნთებისა და სახსრების ტკივილი.
„2024 წელი, გრიპის ვირუსის გახანგრძლივების თვალსაზრისით, განსხვავებული აღმოჩნდა. საქართველოში მისი სეზონურობა, როგორც წესი, ნოემბრიდან მარტის ბოლომდე, აპრილამდე გრძელდება, 2024 წელს კი ორი თვით მეტი აღმოჩნდა. გრიპის ვირუსი ივნისის ბოლომდე ფიქსირდებოდა, რაც მართლაც უნიკალური მოვლენაა. იმ სტატისტიკით, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვაძლევს, ბოლო წლების განმავლობაში, ვგულისხმობ პანდემიამდე პერიოდს, ქვეყანაში ასეთი გახანგრძლივებული გრიპის სეზონი არ ყოფილა.
ბოლო ორი კვირაა, ქვეყანაში გრიპი უკვე აღარ ფიქსირდება. შეიძლება ითქვას, რომ გრიპის შემთხვევების სეზონური მატება დასრულებულია. შესაძლებელია, ერთეული შემთხვევა იდენტიფიცირებული იყოს, მაგრამ ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის გრიპი აღარ ფიქსირდება. ის ვირუსი, რომელმაც გრიპის ვირუსი ჩაანაცვლა, სწორედ ამ სეზონისთვის, ზაფხულისთვის არის დამახასიათებელი. გაზაფხულზე, როდესაც გრიპი მთავრდება, მას მეტაპნევმოვირუსი ანაცვლებს. ახლა სწორედ ეს არის ქვეყანაში დომინანტური ვირუსი. მეტაპნევმოვირუსისთვის დამახასიათებელია ზემო სასუნთქი გზების დაზიანების, გაციების მსგავსი სიმპტომატიკა, თუმცა მან შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების ანთება.
მიმდინარე წლის 25-ე კვირაში ეს ვირუსი ჭარბადაა, ასევე ბევრია ადენოვირუსი. ამ ორ ვირუსს ერთი რამ ახასიათებს – შეუძლიათ მსუბუქად მიმდინარე დაავადების გამოწვევა: მსუბუქი ყელის ტკივილი, დაბალი ტემპერატურა, 37-37,5 , მაქსიმუმ 38-ის ფარგლებში. არ ახასიათებს ძლიერი თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი. როგორც ბავშვები, ისე მოზრდილები საავადმყოფოში არ ხვდებიან. ძირითადად, არის მსუბუქად მიმდინარე რესპირაციული ვირუსული ინფექცია, თუმცა შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების ანთება, განსაკუთრებით, მცირე ასაკის ბავშვებში. ანუ, ახლა ვირუსული პეიზაჟი სწორედ ამ ვირუსისა და რინოვირუსის სიჭარბითაა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
რაც შეეხება კორონავირუსს, როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, მცირე რაოდენობით, მაგრამ ქვეყანაში კორონავირუსი კვლავ ცირკულირებს.
„კორონავირუსის შემთხვევები ისევ ფიქსირდება. მცირე რაოდენობით, მაჩვენებელი არ აღემატება 2-3%-ს, მაგრამ ქვეყანაში კორონავირუსი ისევ ცირკულირებს. პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, რომელი ვარიანტი ცირკულირებს ქვეყანაში. ბოლო რამდენიმე წელია, გავრცელებულია მხოლოდ „ომიკრონი“, რომელსაც ისეთივე მიმდინარეობა ახასიათებს, როგორც მეტაპნევმოვირუსს, რინოვირუსს. კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით რთული გასარჩევია, კორონავირუსია თუ სხვა ტიპის ვირუსი. მიმდინარეობა უმეტესად არის საშუალო სიმძიმის და მსუბუქი. ჰოსპიტალიზაციის, გართულებით მიმდინარე შემთხვევები იშვიათია, მაგრამ „ომიკრონის“ ცირკულაცია ქვეყანაში მაინც გრძელდება“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.