მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტმა “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საქართველოს პარლამენტმა 78 ხმით დაძლია საარჩევნო კოდექსში ცვლილებების კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო. საკითხი დღეს, 19 მარტს, განიხილებოდა პლენარულ სხდომაზე და დღესვე უყარეს კენჭი. რეგისტრაცია გაიარა 116-მა დეპუტატმა.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტმა თავდაპირველად კენჭი უყარა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებზე. მოტივირებულ შენიშვნებს 21-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 61 კი წინააღმდეგ წავიდა, შესაბამისად, შენიშვნები არ იქნა გაზიარებული.

ამის შემდეგ, პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიას უყარეს კენჭი, რასაც მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა, 13-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

პლენარულ სხდომაზე მოტივირებულ შენიშვნებზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ხელმოსაწერად წარდგენილი ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელზეც პირი ცესკოს პარტიული წევრებისგან ოპოზიციის კვოტით აირჩევა. ასევე მოტივირებული შენიშვნებით, ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევისთვის უნდა განისაზღვროს 3/5-იანი უმრავლესობა, როგორც ეს განისაზღვრა სახალხო დამცველის არჩევის შემთხვევაში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატმა ვერ მიიღო სამი მეხუთედის უმრავლესობის ხმები, ½-ის უმრავლესობით კანდიდატი არჩეული უნდა იყოს ექვსი თვის ვადით. ასევე, კონკურსი ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების შესარჩევად უნდა გამოაცხადოს და საკონკურსო კომისია შექმნას საქართველოს პრეზიდენტმა, შემდეგ კი შერჩეული კანდიდატურები წარუდგინოს პარლამენტს.

მომხსენებელმა პარლამენტს პრეზიდენტის შეთავაზება გააცნო, რომლის მიხედვითაც, ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევისთვის 3/5 უმრავლესობა განისაზღვრება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი აღნიშნულ ხმებს ვერ მიიღებს, ½-ის უმრავლესობით კანდიდატი 6 თვის ვადით აირჩევა.

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით მოსაზრებები პოლიტიკური ჯგუფებისა და ფრაქციების წარმომადგენლებმა გამოთქვეს და ცვლილებების მიმართ სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასებები გააკეთეს.

ცნობისთვის საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს ვეტო 5 მარტს დაადო. პარლამენტის მიერ 20 თებერვალს მიღებული შესწორებებით, იცვლება ცესკოს თავმჯდომარის, ე.წ. პროფესიული ნიშნით შერჩეული წევრების დანიშვნის წესი და უქმდება ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობა.

უფრო ზუსტად:

ცვლილება N1

მოქმედი კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების 5-წლიანი ვადით ასარჩევად აუცილებელია პარლამენტის 100 დეპუტატის (ორი/მესამედის) თანხმობა. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ხმების საჭირო რაოდენობას ვერ აგროვებს, ტარდება განმეორებით კენჭისყრა – ამ შემთხვევაში 76 დეპუტატის (ნახევარზე მეტის) მხარდაჭერა საკმარისია კანდიდატის ექვსი თვით ასარჩევად.
საპარლამენტო უმრავლესობის შემუშავებული კანონპროექტით, პირველივე კენჭისყრაზე კანდიდატების შესარჩევად საკმარისია 90 დეპუტატის (სრული შემადგენლობის სამი/მეხუთედის) მხარდაჭერა. თუ კანდიდატს ვერ აირჩევენ, ამ შემთხვევაში საკმარისი იქნება 76 დეპუტატის ხმა. მოქმედი კანონმდებლობისგან განსხვავებით, დეპუტატების ნახევარზე მეტი კანდიდატს არა ექვსი თვით, არამედ ხუთი წლით ირჩევს.
პრეზიდენტს ამ საკითხზე ჰქონდა კომპრომისული შეთავაზება. კანდიდატების პირველივე კენჭისყრაზე ასარჩევად საჭირო ყოფილიყო 90 დეპუტატის მხარდაჭერა. იმ შემთხვევაში, თუ განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება გახდებოდა აუცილებელი, 76 დეპუტატის მხარდაჭერით შესაძლებელი იქნებოდა კანდიდატის ექვსი თვით არჩევა.
ცვლილება N2

კანდიდატების შესარჩევ კონკურსს აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც კომისიის მიერ შერჩეულ რამდენიმე კანდიდატს წარუდგენს პარლამენტს. კანონპროექტის მიხედვით, კონკურსის გამოცხადებისა და კანდიდატების წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარის ხელში გადადის. პრეზიდენტი ითხოვდა, არ შეცვლილიყო მისი როლი ცესკოს წევრების არჩევის პროცესში.
ცვლილება N3

პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტით, უქმდება ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობა. პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობდა ამ მოადგილის უფლებამოსილებების შემდეგნაირად შემცირებას – მას თავმჯდომარის შეცვლა შესძლებოდა მხოლოდ თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში.
პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.

ვეტოს დაძლევის შემდეგ დოკუმენტი ხელმოსაწერად გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს. იმ შემთხვევაში, თუ ის უარს იტყვის მის ხელმოწერაზე, კანონპროექტი პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერის შემდეგ შეიძენს სამართლებრივ წონას.

პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი პროექტით, ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებები, რომლის მიხედვით, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს.

პარლამენტის თავმჯდომარეს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატების შესარჩევად კონკურსის გამოცხადებისთვის ვადა 2024 წლის 1-ელ მაისამდე აქვს.

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ცესკოს კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა აუცილებელია. როგორც მან ჟურნალისტებთან თქვა, ვეტო დაძლევს ევროკავშირის პუნქტის შესრულებას ემსახურება.

კობახიძის თქმით, ცესკო ახლა ჩიხურ მდგომარეობაშია, ხოლო ცვლილებები მის დაძლევას შეუწყოს ხელს.

“სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს უნდათ, რომ ცესკო დარჩეს ჩიხში. ალტერნატივა ვეტოს დაძლევას, არ აქვს. ჩვენ ვერ დავტოვებთ ცესკოს ჩიხურ მდგომარეობაში. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. იმისათვის რომ შესრულდეს ევროკავშირის 9 პუნქტიდან ერთ-ერთი, რომელიც უკავშირდება სამართლიანი, თავისუფალი, გამართული არჩევნების ჩატარებას, აუცილებელია ვეტოს დაძლევა”, – განაცხადა კობახიძემ.

5 მარტს სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ “საარჩევნო კოდექსში” მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი და კვორუმი.

მოტივირებული შენიშვნებით საქართველოს პრეზიდენტი სთავაზობს პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევისათვის განისაზღვროს სამმეხუთედიანი უმრავლესობა, (როგორც ეს განისაზღვრა სახალხო დამცველის არჩევის შემთხვევაში), ხოლო თუ კანდიდატი ვერ მიიღებს 3/5 -ის უმრავლესობის ხმებს, 1/2 -ის უმრავლესობით კანდიდატი არჩეული იქნება 6 თვის ვადით.

მსგავსი პოსტები

Back to top button