საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები მზად არიან აზერბაიჯანისთვის იბრძოლონ
ბოლო დღეებია, მარნეულის ჩაიხანებში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. კაცები აქ დილიდან იკრიბებიან, ცხელ ჩაის ისხამენ და იწყებენ ფრონტის ამბების ერთმანეთისთვის გაზიარებას.
მთიანი ყარაბაღის გარშემო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის განახლებული კონფლიქტი აქ საუბრის მთავარი თემაა – უპირატესად ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ ამ რეგიონში ამ თემამ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები და კორონავირუსის ეპიდემიაც დაჩრდილა.
ინფორმაციას ქვემო ქართლში, ძირითადად, აზერბაიჯანული არხებიდან იღებენ. ასევე რუსულ არხებს უყურებენ. უფრო ნაკლებად ქართულს, ფრადგან რეგიონში სახელმწიფო ენა ბევრმა არ იცის.
“ჩვენ გვჯერა აზერბაიჯანის პრეზიდენტის” – ადგილობრივი აზერბაიჯანელების უმეტესობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მხარს უჭერს აზერბაიჯანის ხელისუფლებას და პრეზიდენტ ილჰამ ალიევს.
„ომს მხარს ვუჭერ, რადგან ეს ომი სხვისი მიწების წასართმევად არ არის, საკუთარი მიწების მტრისგან გასათავისუფლებლადაა. აზერბაიჯანს იმ ომიდან ერთ მილიონზე მეტი დევნილი ჰყავს და რომ გამვიმარჯვებთ, ეს მშვიდობიანი ხალხი თავის სახლებში დაბრუნდება,“- ამბობს დილგამ განიევი, 65 წლის, ქალაქ მარნეულიდან
„გვჯერა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ძალიან მალე აზერბაიჯანელი სამხედროები ყარაბაღში ჩვენს დიდებულ დროშას დაკიდებენ. ეს სომხების მიწა არ არის, ეს მტრის მიწა არ არის, ჩვენ ჩვენივე მიწას ვაბრუნებთ.“ – აღნიშნავს მაზახირა ალიევა, 54 წლის, მარნეულის სოფელ ქვემო სარალიდან.
ადგილობრივ აზერბაიჯანელებს შორის ბევრი არიან ისეთები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ომის გარეშე ყარაბაღის კონფლიქტი არ მოგვარდება:
„ძალიან ხშირად მახსენდება ძველი დრო, ულამაზესი შუშა [ქალაქი მთიან ყარაბაღში, სადაც უპირატესად აზერბაიჯანელები ცხოვრობდნენ. სომხები ამ ქალაქს შუშის ეძახიან_JAMnews] როგორ მინდა ჩვენებმა გაიმარჯვონ და ყარაბაღში აზერბაიჯანული ლაპარაკი გაისმას. ომს მხარს ვუჭერ, რადგან სხვანაირად აზერბაიჯანი ვერ დაიბრუნებს მიწებს,”- ამბობს სოლმაზ იუსუბოვა. ის იხსენებს, რომ სტუდენტების დროს ყარაბაღში ხშირად ჩადიოდა სამსახურებრივ სტაჟირებაზე.
„დიდი უსამართლობაა, რომ ეს კონფლიქტი 30 წლის განმავლობაში ვერ მოგვარდა. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები უნდა ჩართულიყვნენ ამ დიალოგში, თუმცა ეს არ მოხდა. უკვე გვიანია – აზერბაიჯანს მხოლოდ ერთი გამოსავალი აქვს – საკუთარი მიწების ომით დაბრუნება. ომს მხარს ვუჭერ, რადგან მინდა, რომ აზერბაიჯანის დროშა გაფენილი იყოს ყარაბაღის მიწებზე. აზერბაიჯანი ამ გამარჯვებას იმსახურებს. 90-იანებში აზერბაიჯანელ ხალხს არ ჰქონდა შესაბამისი სამხედრო აღჭურვილობა, რამაც განაპირობა ის, რომ მათ ჩვენი მიწები წაგვართვეს. თუმცა, დღეს აზერბაიჯანი ძლიერია, სამხედროც ძალებიც გვყავს და ამიტომაც გამარჯვებაა მოსალოდნელი,“ – ამბობს 58 წლის ვაგიფ გულიევი, მარნეულის სოფელ ქვემო სარალიდან
„გვეშინია, გვტკივა, ყოველი გარდაცვლილი ჩვენი ტკივილია. ომი კარგი არ არის. ახალგაზრდები იღუპებიან. ტირის ორივე მხარე. თუმცა, აზერბაიჯანს უკვე სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. ველოდებით გამარჯვებას. მიხარია, რომ აზერბაიჯანს დღეს მხარდაჭერა აქვს, ეს ბევრს ნიშნავს. იგივე მხარდაჭერას და ძალას ვუსურვებ ჩემს სამშობლოს საქართველოსაც. დღეს, როგორც ყარაბაღში სოფლები ბრუნდება, მინდა რომ იგივე აფხაზეთში მოხდეს და იმ საოცარ მიწაზე დაბრუნება შეგვეძლოს,“- გვითხრა 52 წლის თახირა მემედოვამ მარნეულიდან.
აზერბაიჯანის მხარდასაჭერად საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკურად აზერბაიჯანელმა ახალგაზრდებმა, სტუდენტებმა აქცია მოაწყვეს თბილისში.
ახალგაზრდები ომს აქტიურად განიხილავენ ფეისბუკ-ჯგუფებში
აქცია ჰეიდარ ალიევის ძეგლთან, თბილისის ისტორიულ უბანში გაიმართა.
ახალგაზრდებს ჰქონდათ ტრანსფარანტები წარწერით „ყარაბაღი აზერბაიჯანია“.
აქციაზე შეკრებილი ახალგაზრდები აღნიშნავდნენ, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოში მცხოვრებ თანამემამულეებს, ამიტომ მათაც აქვთ პასუხისმგებლობა, რომ აზერბაიჯანს მძიმე წუთებში სოლიდარობა გამოუცხადონ.
აქციის მონაწილეებმა ოვაციებით აღნიშნეს ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სამხედრო წარმატება მოიპოვეს და რამდენიმე სოფელი, რომელსაც აქამდე სომხური მხარე აკონტროლებდა, ბრძოლების შედეგად დაიკავეს.
ახალგაზრდები, რომლებიც აქციას ესწრებოდნენ, JAMnews-სთან საუბარში ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან, საჭიროების შემთხვევაში მზად არიან ჯარში წავიდნენ და ფრონტის წინა ხაზზე იბრძოლონ.
„ ქართველი აზერბაიჯანელები აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდნენ ყარაბაღის ომში 90 – იან წლებში. ასევე წელსაც, იანვარში, თოვუზთან ბრძოლებში. პოლკოვნიკი ილგარ მირზაევი, რომელიც თოვუზთან ბრძოლაში დაიღუპა, საქართველოდან, გარდაბნიდან იყო,“ – ამბობს აქციის მონაწილე აიგიულ ისაევა.
ის ამბობს, რომ თუ იქნება საყოველთაო მობილიზაცია, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელებიც გამოხატავენ ომში წასვლის მზადყოფნას.
საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდები, სტუდენტები, აქტიურები არიან სოციალურ ქსელებში.
არსებობს რამდენიმე ფეისბუკ-ჯგუფი, სადაც ათასობით ახალგაზრდაა გაწევრიანებული.
ისინი ამ ჯგუფებში სხვადასხვა საკითხზე მსჯელობენ, მათ შორის აქციებსაც და ღონისძიებებსაც აქ გეგმავენ.
მას შემდეგ, რაც ყარაბაღის ომი გამწვავდა, აქ განსაკუთრებული აქტიურობაა.
რამდენიმე პოპულარული მოსაზრება, რაც ერთ-ერთ ჯგუფში დისკუსიის დროს წავიკითხეთ:
„ჩემი აზრით, ეს არ არის საკითხი, რომლის მოგვარებაც შეიძლება მოლაპარაკებების გზით, რომლის მოგვარებაც მშვიდობიანად შეიძლება.“
“არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი სამშობლო საქართველოა, ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში დავიბადეთ. არასწორია, რომ აქედან ახალგაზრდები ომს შეუერთდნენ, ვთვლი, რომ მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა.”
„ძალიან ბევრი ახალგაზრდა ნეიტრალურად არის, თუმცა ამ საკითხში ნეიტრალიტეტი არ არსებობს. რაც არ უნდა იყოს აზერბაიჯანული სისხლი გვაქვს.“
„არანაირი მშვიდობიანი მოგვარება ამ კონფლიქტის არ არსებობს, ერთადერთი გამოსავალი ომია“
„საქართველო ამ საკითხში ნეიტრალური უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ორივე მხრიდან ზარალს მიიღებს“
„საქართველომ იცის, რას ნიშნავს ტერიტორიების დაკარგვა და ამიტომ მხარი უნდა დაუჭიროს აზერბაიჯანს“ – ეს რამდენიმე კომენტარია, რომელიც ახალგაზრდებმა ჯგუფში დატოვეს.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატები მზად არიან იბრძოლონ აზერბაიჯანისთვის
ყარაბაღის თემაზე აქტიურად აკეთებენ განცხადებებს საქართველოს პარლამენტის ეთნიკურად აზერბაიჯანელი დეპუტატები და მხარდაჭერას უცხადებენ აზერბაიჯანს.
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა ( https://www.facebook.com/azer.suleymanov.18/posts/3278071982299899 ) აზერბაიჯანის პრეზიდენტის სახელზე მიმართვა გამოაქვეყნა. საქართველოს პარლამენტის წევრი წერს, რომ იგი მზადაა იბრძოლოს აზერბაიჯანის მხარდასაჭერად.
სულეიმანოვი აღნიშნავს, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები, „ისევე, როგორც 1990-იან წლებში იღებდნენ მონაწილეობას აფხაზეთისა და ყარაბაღის ომებში, მზად არიან, მიიღონ ნებისმიერი გამოწვევა, რაც აზერბაიჯანის და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უდგას წინ“.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა რუსლან გაჯიევმა მომხდარს წარმატებული სამხედრო ოპერაცია“ უწოდა და ასევე პარალელი აფხაზეთის საკითხთან გაავლო. მისი თქმით, საქართველოშიც გრძელდება სეპარატიზმი.