მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოში ომიკრონის 147 შემთხვევა დადასტურდა

ინფიცირებული პაციენტების საშუალო ასაკი 38 წელია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 147 შემთხვევა.

ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამის, “ომიკრონის” ცირკულაცია თანდათანობით მატულობს. ყოველდღიურად იზრდება ახალი შტამის დადასტურებული შემთხვევები. ამ დროისთვის, ინფიცირებული პაციენტების საშუალო ასაკი 38 წელია. დაავადებულ პაციენტთა შორის არიან არასრულწლოვნებიც.

ეპიდემიოლოგების თქმით, საქართველოში გამოვლენილი “ომიკრონის” შემთხვევებიდან, გართულება სულ რამდენიმე ინფიცირებულს ჰქონდა; თუმცა, ისინი ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის რისკებზე საუბრობენ და მოსახლეობას ვაქცინაციისა და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

“ძალიან სწრაფად უნდა გავზარდოთ ვაქცინაციის ტემპი, ასევე, დავიცვათ ის რეგულაცია, რომელიც, მგონია, რომ მარტივია და ჩვენს ხელშია ამის გაკეთება – ეს არის ნიღბის ტარება, დისტანციის დაცვა და შეკრებების თავიდან აცილება. მესმის, რომ ერთის მხრივ რთულია, რადგან სადღესასწაულო დღეებია, მაგრამ მაქსიმალურად უნდა შევძლოთ ამის გაკეთება, რომ დავასრულოთ პანდემია 2022 წელს,”- აცხადებს რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძე.

ღუდუშაურის პრენატალური განყოფილების ხელმძღვანელის, პაატა ჟორჟოლიანის განცხადებით, “ომიკრონის” მიმდინარეობა, წინა შტამებისგან განსხვავებით, მსუბუქია; თუმცა, მისივე თქმით, მთავარი უარყოფითი მოვლენა, რომელიც ასეთ სწრაფად გავრცელებად შტამს შეიძლება ახლდეს, ეს ინფიცირებულების მკვეთრად ზრდა და ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის რისკია. როგორც პაატა ჟორჟოლიანი ამბობს, ის ადამიანები, რომლებიც თანმხლები დაავადებების გამო რისკჯგუფებად ითვლებოდნენ, “ომიკრონის” შემთხვევაშიც მოწყვლად ჯგუფად რჩებიან.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 943 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 37 პაციენტი.

საქართველოში ომიკრონის შტამი პირველად 20 დეკემბერს დადასტურდა.

2 წლის შემდეგ პირველად, სპეციალისტებმა პანდემიის დასასრულის დასაწყისის სავარაუდო თარიღზე საუბარი ღიად დაიწყეს.

სამხრეთ აფრიკული შტამის გავრცელება მეცნიერებისთვის საიმედო პროგნოზების გასაკეთებლად საკმარისი აღმოჩნდა.
მოლოდინი, რომ ახალი 2022 წელი ისტორიაში შევა, როგორც პანდემიის დამარცხების თარიღი, სპეციალისტების შეფასებით, დიდია.

თუმცა ამის საპირისპიროდ არსებობს რეალური საფრთხეებიც. მაგალითად ის, რომ “ომიკრონი” სხვა შტამებთან შედარებით სწრაფი გავრცელების უნარით გამოირჩევა. პირველადი ცნობებით, ის შედარებით მსუბუქადაც მიმდინარეობს, მაგრამ ექიმები შიშობენ, რომ რისკჯგუფებისთვის, რომლებიც არავაქცინირებულები არიან, შანსი, რომ მდგომარეობა დამძიმდეს, მაღალია.

კორონავირუსის „ომიკრონ“ სახეობის გავრცელების შესაჩერებლად,3 იანვრიდან საბერძნეთში დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდა. საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუცილებელია რესპირატორის, ან ორი სამედიცინო ნიღბის გამოყენება. გასართობ დაწესებულებებში, რომლებიც შუაღამის შემდეგ აღარ იმუშავებენ, მხოლოდ ვაქცინირებული პირები დაიშვებიან.საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს ზომები სულ მცირე 16 იანვრამდე იმოქმედებს.

მინიმუმ სამი კვირით ახალი შეზღუდვებია საფრანგეთშიც. კვირაში სამი დღე დისტანციურად უნდა იმუშაონ მათ, ვისთვისაც მოვალეობის შესასრულებლად ოფისში მისვლა აუცილებელი არ არის.

დიდ ბრიტანეთში, სადაც საშობაო არდადეგები სრულდება, სავალდებულო გახდა სკოლაში მისვლამდე ტესტის გაკეთება. 26 იანვრამდე სავალდებულოა გაკვეთილებზე ნიღბების გამოყენება.

„ომიკრონის“ სწრაფი გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული მკაცრი შეზღუდვები საპროტესტო გამოსვლების მიზეზად რჩება. მასობრივი თავშეყრის აკრძალვის მიუხედავად, ამსტერდამში 10 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა 2 იანვარს გამართულ აქციაში, რომელიც პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაკავებულია 30-მდე პირი.

კორონავირუსის ვარიანტი “ომიკრონი”, რომელიც პირველად 2021 წლის ნოემბერში, სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს, სხვა სახეობებზე უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა, შედარებით მსუბუქი სიმპტომები ახასიათებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button