მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოში “ომიკრონის” 24 შემთხვევა გამოვლინდა

ომიკრონი", ძირითადად, 20-დან 45 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვრცელდება

საქართველოში ომიკრონის შტამის უკვე 24 შემთხვევა ფიქსირდება – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომიდან გახდა ცნობილი. პაციენტების მდგომარეობა ფასდება როგორც მსუბუქი და საშუალო. 24-ვე შემთხვევა 1 კვირაში დადასტურდა და ამჟამად მიმდინარეობს დამატებითი ჯგუფების კვლევები. იკვლევენ კიდებ 53 კონტაქტს.
24-დან 9 შემთხვევა დუბაიდან შემოსულ მოქალაქეებს უფიქსირდებათ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, თქმით, “ომიკრონის” შტამს მსუბუქი, ან საშუალო მიმდინარეობა ახასიათებს.კორონავირუსის ახალი შტამის, “ომიკრონის” შემთხვევაში, მისი საინკუბაციო პერიოდი 3 დღემდეა შემცირებული.

მისივე თქმით, “ომიკრონი”, ძირითადად, 20-დან 45 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვრცელდება.

“ომიკრონთან” დაკავშირებით რაც ვიცით, არის ის, რომ კიდევ უფრო მეტი მონაცემი გაჩნდა მისი სწრაფი გავრცელების თაობაზე, მას შეუძლია ძალიან სწრაფად მოიცვას დიდი რაოდენობით მოსახლეობა, რაც ქმნის, გარკვეულწილად, იმ მთავარ რისკს, რაც უკავშირდება ამ შტამს. თითქოსდა, შემოკლებულია ინკუბაციური პერიოდი 3 დღემდე, თუ ჩვენ აქამდე ვსაუბრობდით 14 დღეზე, ძალიან სწრაფად შეიძლება მოხდეს გადადება და მალევე გამოჩნდეს ნიშნები დაავადების.

უფრო მეტად ფოკუსირდება 20-დან 45 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, ბავშვებშიც შესაძლებელია მისი გავრცელება. ჯერჯერობით, უპირატესად მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შემთხვევებია, თუმცა, აქაც გამორიცხული არ არის ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და, შესაძლებელია, დადგეს არასახარბიელო გამოსავალიც,”-აცხადებს თამარ გაბუნია.

მისივე თქმით კორონავირუსის ახალი შტამის, “ომიკრონის” გავრცელების გათვალისწინებით, ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფი მატება 15 იანვრის შემდეგაა მოსალოდნელი.

მოსალოდნელი სწრაფი გავრცელების პირობებში, ჰოსპიტალური სექტური ინარჩუნებს დიდი რაოდენობით მობილიზებულ საწოლებს.

“ძალიან სწრაფი მატება, სავარაუდოდ, მოსალოდნელია იანვრის მეორე ნახევარში, 15 იანვრის შემდეგ. ამ პერიოდში ჩვენ გარკვეული სტაბილიზაცია გვქონდა “დელტა” შტამის ფონზე, თუმცა, ვაქცინირებულების და ინფექციაგადატანილების რაოდენობის გათვალისწინებით, ბუნებრივია, ველოდებით, რომ ის ჯგუფი, ვინც ამ ეტაპზე დარჩა იმუნური დაცვის გარეშე, იქნება პირველი სამიზნე “ომიკრონისთვის.” სწორედ ამიტომ ვინარჩუნებთ ამ რაოდენობის საწოლებს მობილიზებულს, რომ ჰოსპიტალური სექტორი იყოს მზაობაში,”- აცხადებს თამარ გაბუნია.

„ომიკრონის“ შტამს, ძირითადად მსუბუქი ან საშუალო მიმდინარეობა ახასიათებს, თუმცა გამორიცხული არ არის ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და ასევე, შესაძლებელია არასახარბიელო გამოსავალიც დადგეს.

თავის მხრივ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ საქართველოში „ომიკრონის“ ყველა შემთხვევა არის ამბულატორიული და ამ დროისთვის, დადასტურებული შემთხვევების 53 კონტაქტის კვლევა მიმდინარეობს.

“ამ 22 შემთხვევიდან ზოგიერთი არის წინა 2 შემთხვევის კონტაქტი, მაგრამ ამავე დროს არის დამოუკიდებელიც და თითქმის ყველა არის შემოტანილი. 9 შემთხვევა შემოსულია დუბაიდან. ერთი თვითმფრინავით, ესენი არიან ადამიანები, ვინც ძირითადად “ფორმულა 1”- ზე გახლდნენ, ასევე 1 შემთხვევა შემოსულია ბუდაპეშტიდან, 1 ლონდონიდან და 2 შემთხვევა გახლავთ თურქეთის გავლით აფრიკის ქვეყნებიდან და ასევე 1 შემთხვევა არის აშშ-დან.

ყველა ეს შემთხვევა არის ამბოლატორიული, არცერთს არ დასჭირვებია სტაციონარი, ერთგან იყო მხოლოდ მაღალი ცხელება, თუმცა ჰოსპიტალიზაცია არცერთს არ დასჭირდა და არიან სახლში დაკვირვების ქვეშ. ამათი 53 კონტაქტი იკვლევა ეპიდემიოლოგების მიერ,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მინისტრის მოადგილისვე განცხადებით, ხვალ, 23 დეკემბერს ვაქცინაციის საბჭო შეიკრიბება და ბუსტერ დოზის ვადებზე კიდევ ერთხელ იმსჯელებს.

ომიკრონის შტამი პირველად საქართელოში 20 დეკემბერს დადასტურდა.

თამარ გაბუნიას ხმა

ევროპის ქვეყნები ხელახლა აწესებენ შეზღუდვებს კორონავირუსის ახალი, უფრო გადამდები “ომიკრონის” ვარიანტის გავრცელების შესაფერხებლად.

გერმანიამ გამოაცხადა, რომ 28 დეკემბრიდან აიკრძალება 10 ადამიანზე მეტის შეკრება, დაიხურება ღამის კლუბები და სპორტული ღონისძიებები მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

პორტუგალიაში ბარები და კლუბები 26 დეკემბრიდან დაიკეტება. ამ თარიღიდან 9 იანვრამდე სავალდებულო იქნება სახლიდან მუშაობა.

ფინეთში ბარები და რესტორნები 24 დეკემბერს 22:00 საათამდე იმუშავებს, 28 დეკემბრიდან კი 18:00 საათამდე. შვედეთში ბარები, კაფეები და რესტორნები კლიენტებს მხოლოდ მაგიდებთან მოემსახურებიან და მოსახლეობასაც მოუწოდებენ, სახლიდან იმუშაონ.

“ომიკრონი”, რომელიც პირველად 2021 წლის ნოემბერში აღმოაჩინეს აფრიკის სამხრეთში და უკვე მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული, დღემდე ყველაზე გადამდებად მიჩნეულ “დელტა” ვარიანტზე უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა, წინასწარი დაკვირვებით, შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს.

22 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის “ომიკრონის” შტამის 24 შემთხვევა დასტურდება. 2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 916 477 შემთხვევა. მათგან 869 411 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 13 221 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button