“საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს”

“მე ამ ქვეყანაში ყველაზე დიდ პატივს ვცემ ინსტიტუტებს, ყოველთვის ვთვლიდი და ვთვლი, რომ ინსტიტუტების შეურაცხყოფაა მსგავსი მოთხოვნების დაყენება”. – ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც 8 მარტის შეთანხმების კონტექსტში კონკრეტული ადამიანების გათავისუფლების საკითხზე ოპოზიციის განცხადებებს უკავშირდებოდა.
პრემიერის თქმით, წარმოუდგენელია მსგავსი მოთხოვნის დაყენება, როცა ამ საქმეებზე ქვეყნის დამოუკიდებელ ინსტიტუტებს აქვთ გადაწყვეტილებები მიღებული. პრემიერი ამბობს, რომ მას არც კი წარმოუდგენია, რომ მის გუნდში რომელიმე ადამიანს შეეძლო მსგავს განხილვაში შესულიყო.
„ვამბობთ, ვადასტურებთ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს და კონკრეტული მსჯავრდებულების შესახებ, კონკრეტული სასამართლო პროცესები არის დასრულებული – ქვეყნის დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა გადაწყვეტილებები მიიღეს და ამის შემდგომ ვიღაც ამბობს, რომ ამ ადამიანების გამოშვება შეიძლება გახდეს პოლიტიკურ პროცესზე ზემოქმედების საგანი ან შეიძლება ვიღაც ამბობს, რომ სამართლებრივი თემები, სამართლებრივი საკითხები, რომლებზეც დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, პოლიტიკური შეთანხმების საგანი იყოო, ჩემთვის ეს არის უბრალოდ წარმოუდგენელი, შეუძლებელი.
“ვერც წარმომიდგენია ადამიანი, რომელსაც შეეძლო აეღო თავის თავზე მსგავსი პასუხისმგებლობა და საერთოდ მსგავსი საკითხის განხილვაში შესულიყო. ვთვლი, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია, ვთვლი, რომ ეს უბრალოდ შეუძლებელია და მე არ მეგულება ჩემს გუნდში არც ერთი ადამიანი, რომელსაც მსგავს განხილვებში შეეძლო შესრულიყო, ან საერთოდ ამ განხილვებში მიეღო მონაწილეობა.
“ასე რომ, ვთვლი, საარჩევნო სისტემა არის ჩვენი ქვეყნის და პოლიტიკური სპექტრის და პირველ რიგში, პოლიტიკური გუნდის უდიდესი მიღწევა, რომლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ნებისმიერი მიზეზით, ჩემთვის პერსონალურად არის მიუღებელი.
“რაც შეეხება ქვეყნის ინსტიტუტების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, ეს ჩემთვის საერთოდ გაუგებარია, როგორ შეიძლება. კონკრეტულ სამართლებრივ, კრიმინალურ საქმეებზე ქვეყნის დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა მიიღეს გადაწყვეტილება – დადებითი ან უარყოფითი, არ აქვს მნიშვნელობა და ეს გადაწყვეტილებები ძალაშია შესული და ამის შემდგომ ვიღაც აცხადებს, რომ ამ ადამიანების გამოშვება ან არგამოშვება იყო პოლიტიკური შეთანხმების საგანი და ამ შეთანხმების დარღვევამ შეიძლება პოლიტიკურ პროცესზე იქონიოს ზეგავლენა, შეუძლებელია უბრალოდ.
“თითოეულ მათგანს მოვუწოდებ, ვინც მსგავს უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს, უბრალოდ დააკვირდნენ რას ამბობენ და როგორ ამბობენ“. – განაცხადა პრემიერმა.
პოლიტპატიმრების თემას დღეს “ქართული ოცნების” გენერალური მდივანიც გამოეხმაურა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.
„ჩვენ პოლიტპატიმრები არ გვყავს, გვყავს კონკრეტული პირები, ვისაც კონკრეტული დანაშაულები აქვთ ჩადენილი. რაც შეეხება შეთანხმებას, 8 მარტის შეთანხმებაში განხილულიც კი არ ყოფილა და ცხადია, ვერც იქნებოდა იმიტომ, რომ ელჩების თანდასწრებით არავინ აიღებდა იმის პასუხისმგებლობას, რომ უკანონობა ჩაედინა. შესაბამისად, შეთანხმების დოკუმენტში ყველაფერი ასახულია და ეს საზოგადოებამ იხილა.” – განაცხადა კალახა კალაძემ.
მოისმინეთ კახა კალაძის ხმა.
რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის ვადის გახანგრძლივებაზე აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების განცხადებებს, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ეს განცხადებები ოქრუაშვილის პატიმრობასთან კავშირში არ არის.
„განცხადებები, რომელიც გაკეთდა აშშ-ს საელჩოს მხრიდან, არანაირ კავშირში არ არის. თქვენ შეგიძლიათ კარგად ნახოთ, თუ როგორი შინაარსის განცხადება იყო გაკეთებული აშშ-ს საელჩოს მხრიდან. დღეს ამაზე არჩილ თალაკვაძემაც ისაუბრა, რომ ზოგადად, ამასთან დაკავშირებით საუბარი იყო, თუმცა მათ მაშინვე მკაფიოდ მიიღეს უარი იმიტომ, რომ ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა, რადგან უკანონობას არავინ ჩაიდენს. თვითონ შეთანხმების დოკუმენტი რაც არის შინაარსობრივად, ეს ხომ ყველასთვის ცხადი და ცნობილია. ყველას შეუძლია ნახოს. სანამ ეს შეთანხმება შედგებოდა, გვახსოვს უგულავას განცხადება, რომ მათი გათავისუფლების საგანი არ უნდა ყოფილიყო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული. ამას შემდეგ გამოეხმაურა მთელი რიგი ოპოზიციონერი დეპუტატებისა, ამ განცხადებების ფაქტები არსებობს“. – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ 14 აპრილს აშშს საელჩომ შემდეგი სახის განცხადება გააკეთა:
“ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას — საკითხს, რომლის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ემსახურებოდა 8 მარტის ერთობლივი განცხადება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება.” – ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.
ამასთანავე, 8 მაისს ევროპარლამენტის წევრმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს ხელისუფლებას ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება შეასრულოს. როგორც კუბილიუსი წერს, ირაკლი ოქრუაშვილისთვის 5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა, „შესაძლოა, მიჩნეულ იყოს, როგორც ნიშანი ნდობის მზარდი ხარვეზისა“.