მნიშვნელოვანისაქართველო

საქართველოში ყველა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

მთავრობამ საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდასთან დაკავშირებით დამატებითი გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პრემიერის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, იზღუდება ყველა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, მათ შორის მატარებლით სამგზავრო გადაზიდვები.

„საკოორდინაციო საბჭოზე იქნა მიღებული დამატებითი გადაწყვეტილებები და ეს საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვას გულისხმობს. თქვენ იცით, რომ ქვეყანა გადავიდა უკვე შიდა გავრცელების ეტაპზე და ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ შევაჩეროთ შიდა გადაცემის სისწრაფე. ამიტომ ვზღუდავთ ყველა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, მათ შორის მატარებლით სამგზავრო გადაზიდვებს და ეს შეზღუდვა ამოქმედდება დღის ბოლოს,“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, თუ უკიდურესი აუცილებლობა არ არის, მოქალაქეებმა სახლიდან გასვლისგან თავი უნდა შეიკავონ.

„დღეისთვის საქართველოში გვაქვს ინფიცირების 54 დადასტურებული ფაქტი, თუმცა სასიამოვნოა ის, რომ 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა და შესაბამისი პროტოკოლის გათვალისწინებით, სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა. საქართველოს მთავრობის სახელით, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომ დავრჩეთ სახლში, მხოლოდ და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გამოვიდეთ სახლიდან, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებით, ამ მოქმედებით ჩვენ დავიცავთ, როგორც საკუთარ თავს, ასევე დავიცავთ ჩვენს გარშემო მყოფებს“,-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

22 მარტს მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა.პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, ამისი მიზეზი გახდა კორონავირუსით ინფიცირებული მარნეულელი ქალი, რომლის ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა. მისი თქმით, შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი. ეპიდემიოლოგებმა დაადგინეს 90-მდე კონტაქტი, თუმცა პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს შექმნილ სიტუაციაში „ბევრს არაფერს ნიშნავს“.

„სიტუაცია არის რთული და ეს არის ის ძირითადი პრობლემა, რომელსაც ჩვენ ვეძახდით გავრცელების შიდა ეტაპზე გადასვლას და ამისთვის მაქსიმალურად ვართ მომზადებულები. თუმცა, ჩვენი მზადყოფნის მიუხედავად, სიტუაცია საკმაოდ რთულია და დღეს საქართველოს მთავრობას მოუწია გადაწყვეტილების მიღება, რომ მარნეულისა და ბოლნისის რაიონები გადავიდეს მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე. დღეიდან ამ მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა იკრძალება,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გახარიამ.

22 მარტის გვიან საღამოდან შეიზღუდა მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა, დაიხურა ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომია მხოლოდ საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები. შეიზღუდა ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიის შიგნით შეიზღუდა გადაადგილება გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მაცხოვრებლები გადაადგილდებიან საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენად, ან სამედიცინო მომსახურების მისაღებად. მობილიზებულია თავდაცვის სამინისტრო და ჯარიც, რომელიც აკონტროლებს ვითარებას ბოლნისსა და მარნეულში.

მსგავსი პოსტები

Back to top button