მნიშვნელოვანისაქართველო

“საქართველოში ყველაზე მაღალი ნდობით ეკლესია სარგებლობს” – IRI-ს კვლევის შედეგები

გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები.

გამოკვლევის თანახმად, ინსტიტუტებისადმი ნდობის მაჩვენებლით პირველ ადგილზე, 84 %-ით, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიაა. 1 %-ით ნაკლები (83 %) აქვს ჯარს. მედიას გამოკითხულთა 68 % ენდობა, პოლიციას – 50 %. პრეზიდენტს ნდობას უცხადებს 43 %, პრემიერ-მინისტრს – 34 %. სასამართლოს ენდობა მოსახლეობის მხოლოდ 25 %, პოლიტიკურ პარტიებს – 21 %.

თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი? შეერთებული შტატების საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი კვლევის ანგარიშის თანახმად, 27 % ერთმნიშვნელოვნად პროევროპული და პროდასავლური კურსის მომხრეა. პროდასავლური, მაგრამ უნდა შენარჩუნდეს ურთიერთობა რუსეთთან – საკითხს ამგვარად სვამს 50 %, 12 % კი საქართველოს პრორუსულ საგარეო პოლიტიკურ კურსს ემხრობა, ოღონდ პროევროპული კურსის შენარჩუნებით.

კითხვაზე ემხრობით თუ არა რუსეთთან შემდგომ დიალოგს? კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 46% დადებითად პასუხობს, თუმცა მნიშვნელოვნად შემცირებულია რუსეთთან დიალოგის მომხრეთა რიცხვი 2010 წლის შემდეგ – მაშინ იგივე კითხვაზე დადებითი პასუხი გამოკითხულთა 70%-ს ჰქონდა.

ემხრობით თუ ეწინააღმდეგებით იმ ფაქტს, რომ რუსეთი საქართველოს მიმართ 2008 წლის შემდეგ ისევ ავლენდა აგრესიას? ამ შეკითხვაზე გამოკითხულთა 86% ამბობს, რომ ემხრობა ამ აზრს, ხოლო 7% ამ აზრს არ იზიარებს.

როგორ ფიქრობთ, რუსეთის აგრესია დასრულდა თუ კვლავაც გრძელდება საქართველოს მიმართ? – გამოკითხულთა 84% ამბობს, რომ აგრესია ისევ გრძელდება და მხოლოდ 3% ფიქრობს, რომ რუსეთის აგრესია დასრულებულია.

კვლევის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მოსახლეობის 50 % სრულიად უჭერს მხარს, 27 % კი – ნაწილობრივ. 18 %-ის აზრით, საქართველო ნატოს წევრი გახდება 2021 წლის შემდეგ, 57 %-ს ამ შეკითხვაზე პასუხი არ აქვს. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, ჯამში, 85 % (60 % სრულად და 25 % ნაწილობრივ).

შეერთებული შტატების საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევა მიმდინარე წლის 10-22 აპრილში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 1500 რესპონდენტი. კვლევის ცდომილება 2,5% -ია.

მსგავსი პოსტები

Back to top button