ეკონომიკამნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოში საწვავი გაძვირებას განაგრძობს

მსოფლიოში, Covid-19-ის პანდემიის გამო რეკორდულად გაიაფებული ნავთობი ნელ-ნელა ძვირდება, რაც აისახება ბენზინის და დიზელის ღირებულებაზე.

2020 წლის 25 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. ორივე შემთხვევაში ბარელის ფასმა 0.73 დოლარით მოიმატა. ლონდონში 1 ბარელი Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა 45.86 დოლარი შეადგინა, ხოლო ნიუ-იორკში Light Sweet-ის ტიპის ნავთობის ფასი 43.35 დოლარს გაუტოლდა.

„საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ განცხადებით, მას შემდეგ, რაც „ოპეკი +“-მა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება შეამცირა ნავთობის მოპოვება, ასევე პანდემიის შემდეგ მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის პროცესიც დაიწყო – ამან თავისთავად გამოიწვია ნავთობზე მოთხოვნილების მატება. ყოველივე ეს კი ხელს უწყობს ნავთობის ფასის ზრდას.

„იმ პერიოდში, როდესაც ფიქსირდებოდა საერთაშორისო ფასების კლება ნავთობპროდუქტებზე S&P Global Platt’s-ის მიხედვით, პარალელურად მცირდებოდა ფასები საქართველოს საცალო ქსელში, ჯამში საშუალოდ 80 თეთრით ლიტრზე. თუმცა, ივლისის თვიდან საწვავის ფასმა ზრდა დაიწყო და გაზრდილია არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე საშუალოდ 35-40 თეთრით, ხოლო ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე – 20 თეთრით.

დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები საქართველოს საცალო ქსელში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: რეგულარი ტიპის ბენზინი – 1,99-2,07 ლარი, პრემიუმი ტიპის ბენზინი – 2,06-2,17 ლარი, ევრო დიზელის საწვავი – 2,09-2,19 ლარი, დიზელის საწვავი – 2,02-2,12 ლარი“, – აღნიშნულია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button