საქართველოში საწვავზე ფასი არ მოემატება

ეკონომიკის სამინისტრო მედიაში ბენზინის ფასის შესაძლო მატების შესახებ გავრცელებულ ცნობას დეზინფორმაციას უწოდებს.
უწყებაში განმარტავენ, რომ საქართველოში ბენზინის სამომხმარებლო ფასის ზრდის საფუძველი არ არსებობს და ქართველ იმპორტიორებს აქვთ შესაძლებლობა, ქვეყანაში ბენზინი საერთაშორისო ფასზე იაფად შემოიტანონ.
განცხადება გაკეთდა კონკურენციის ეროვნულ სააგენტოშიც. ირაკლი ლექვინაძის თქმით, ფასების ზრდის საფუძველი არ არსებობს და მკვეთრი მატება არც მომავალში არის მოსალოდნელი.
დღეისთვის საწვავის ბაზარი ნორმალიზებულია, ფასები კი სტაბილური, – ამის შესახებ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.
ლექვინაძემ საწვავის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.
„საქართველოში საწვავის ფასს არეგულირებს მსოფლიო ბაზარზე არსებული ფასი და ვალუტის გაცვლითი კურსი. საერთაშორისო ფასები სტაბილურია და ბოლო თვეში შემცირების ტრენდიც ფიქსირდება, სტაბილურია ლარის კურსი. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რეალიზატორ კომპანიებში ფასი სტაბილურია და ზრდის მიმართულებით არ შეცვლილა. რაიმე მოლოდინი, რომ ფასების მკვეთრი ცვლილებაა მოსალოდნელი, ამ ეტაპზე არ არსებობს.
გაუმჯობესებულია კონკურენციის ხარისხიც გასულ წელთან შედარებით, ფასწარმოქმნა მთლიანად ექვემდებარება საბაზრო ფაქტორების გავლენებს. კერძოდ, ამას მიუთითებს კომპანიების მოგების მარჟების დაბალი მაჩვენებლები, ასევე მცირე სხვაობები ფასებში ერთი და იგივე ტიპის საწვავზე (მაგ. ბენზინი რეგულარი) მცირე და მსხვილ ქსელებს შორის. ამ დროისათვის, რუსული საწვავი თვითღირებულით გარკვეულ უპირატესობას ფლობს, თუმცა ევროპული და რუსული საწვავის თვითღირებულებას შორის ისეთი მკვეთრი სხვაობა არ არის, როგორც შარშან. რუსული ბაზრის პროგნოზირება ძალიან რთულია, თუმცა დღეს არანაირი გლობალური ან შიდა ფაქტორი, რომელმაც შეიძლება ფასების მკვეთრი მერყეობა გამოიწვიოს არ შეიმჩნევა. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო საავტომობილო საწვავის ბაზარზე მონიტორინგს ახორციელებს“, – აცხადებს ლექვინაძე.
ირაკლი ლექვინაძის კომენტარს საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, მოლოდინი აქვს, რომ საწვავის არსებული ფასი მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება.
“დღეის მდგომარეობით საწვავის სამომხმარებლო ფასების ზრდის საფუძველი არ არსებობს. საწვავის იმპორტიორები, რომლებიც ახორციელებდნენ საწვავის საერთაშორისო დაბალ ფასად შემოტანას ქვეყანაში, აგრძელებენ აღნიშნული პროდუქტების იმპორტს, შესაბამისად , რეალური საფუძველი, რომ საწვავის ფასები გაიზარდო არ შეესაბამება რეალობას. ჩვენი მოლოდინია, რომ საწვავის არსებული ფასი მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება “, – განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.
შეგახსენებთ საქართველოში ბენზინის სამომხმარებლო ფასის ზრდის საფუძველი არ არსებობს, ქართველ იმპორტიორებს აქვთ შესაძლებლობა, ბენზინი საერთაშორისო ფასზე იაფად შემოიტანონ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„შესაბამისად, ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ცნობა ბენზინის ფასის შესახებ არის აბსოლუტური დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და პანიკური აჟიოტაჟის შექმნას.
საქართველოში ბენზინის საერთაშორისო ფასზე იაფად შემოტანის ტენდენცია მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.